ორბანი ისევ აქებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას

3 days ago 2

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, "საქართველო ყველაზე წარმატებული ევროპული ქვეყანაა".

ამის შესახებ ორბანმა კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე უთხრა ჟურნალისტებს, შესაბამისი კითხვის პასუხად.

მისივე სიტყვებით, ის დღეს შეხვდება ირაკლი კობახიძეს. "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ასევე მონაწილეობს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) შეხვედრებში.

"საქართველო ყველაზე წარმატებული ევროპული ქვეყანაა. არ ვიცი სხვა მსგავსად წარმატებული ქვეყანა - პოლიტიკურად სტაბილური, ეკონომიკა მიფრინავს. ჩვენ აღგვაფრთოვანებს და ვსწავლობთ, როგორ ხართ ასეთი წარმატებული. ევროპას სჭირდება წარმატებული ქვეყნები, ვინაიდან, სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანის წარუმატებელი ეკონომიკა არ მუშაობს ან პარალიზებულია, სტაგნაციაშია. ჩვენ გვჭირდება საქართველოსნაირი ქვეყნების შემოერთება", - უთხრა ქართული მედიის წარმომადგენლებს ვიქტორ ორბანმა.

უნგრეთი ევროკავშირში გამონაკლისი ქვეყანაა, რომლის ლიდერებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს აქებენ, მას შემდეგ, რაც ამ პარტიამ მნიშვნელოვნად შეზღუდა საქართველოში დამოუკიდებელი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მუშაობა.

2 ოქტომბერს დანიის დედაქალაქში იმართება ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეშვიდე შეხვედრა. თანამეგობრობის ლიდერები ყურადღებას გაამახვილებენ ევროპის უსაფრთხოებაზე და არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ევროპისა და უკრაინის გაძლიერებაზე.

ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მეშვიდე შეხვედრაზე მიწვეული არიან ევროკავშირის 27 ქვეყნისა და კიდევ 20-ზე მეტი ქვეყნისა და მთავრობის ლიდერები. ამ ქვეყნებს შორისაა უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, თურქეთი, ალბანეთი, ანდორა, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ფარერის კუნძულები, გრენლანდია, ისლანდია, კოსოვო, ლიხტენშტაინი, მოლდოვა, მონაკო, ჩერნოგორია, ჩრდილოეთი მაკედონია, ნორვეგია, სან-მარინო, სერბეთი, შვეიცარია.

EPC-ს შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად დანიაში ჩავიდა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკური უსაფრთხოების შესახებ დისკუსიაში.

დღეს, 2 ოქტომბერს, კოპენჰაგენში მედიასთან კომენტარში "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ფორმატი არის "ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი", რომელშიც "ევროპელ ლიდერებთან საუბრის საშუალებაა".

"გუშინაც ვახშამზე გვქონდა საშუალება, რომ არაერთ ლიდერს გავსაუბრებოდით. ყველგან ვსაუბრობთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, ვსაუბრობთ ჩვენს ხედვებზე, როგორ უნდა წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაც არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

1 ოქტომბერს ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის მონაწილეებს უმასპინძლეს დანიის მეფე ფრედერიკ X-მ და დედოფალმა მერიმ.

კობახიძის თანახმად, გუშინ იდეები აქტიურად გაცვალა ევროპელ ლიდერებთან და დღესაც აქტიურად გამოიყენებს ამ შესაძლებლობას "ეროვნულ ინტერესებზე" სასაუბროდ.

ის დღეს მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში, რომელიც ეკონომიკურ უსაფრთხოებას შეეხება.

"თემა არის ეკონომიკა, ეროვნული ეკონომიკური ინტერესები, დაკავშირებადობის კუთხით და საქართველოს აქვს ამ კუთხით ძალიან სერიოზული პოტენციალი, სერიოზული სატრანზიტო პოტენციალი", რაზეც, კობახიძის თქმით, გაამახვილებს კიდეც ყურადღებას.

ეკონომიკური უსაფრთხოები გარდა, EPC-ს პლენარული სხდომის შემდეგ გაიმართება რამდენიმე დისკუსია ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის ტრადიციულ და ჰიბრიდულ საფრთხეებსა და მიგრაციაზე.

EPC-ზე ევროკავშირს წარმოადგენს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა, რომელიც დანიის პრემიერ-მინისტრ მეტტე ფრედერიკსენთან ერთად გაუძღვება სამიტს.

სრულად წაკითხვა