„დასავლეთის ლიდერები შესაძლოა ზეწოლას დანებდნენ, მე კი გარანტიას გაძლევთ: ისრაელი ამას არ გააკეთებს“ - თქვა მან.
ნეთანიაჰუს გამოსვლისას დარბაზი დემონსტრაციულად დატოვა სხვადასხვა ქვეყნის ათობით დელეგატმა. ისრაელის პრემიერ-მინისტრს გაეროში მისვლისას დემონსტრანტები დახვდნენ, რომლებსაც ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: „შეაჩერე ომი“.
ნეთანიაჰუმ ილაპარაკა რამდენიმე ქვეყნის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებაზე პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების შესახებ და თქვა: „თქვენი სამარცხვინო გადაწყვეტილება წაახალისებს ტერორიზმს ებრაელების და უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ ყველგან“. მან განაცხადა, რომ ისრაელი არასოდეს აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს, რადგან ეს „ეროვნული თვითმკვლელობა“ იქნება. ეს „მტკნარი სიგიჟეა, ეს სიგიჟეა და ჩვენ ამას არ გავაკეთებთ“, - თქვა მან.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა უარყო ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა და თქვა, რომ მისმა ქვეყანამ „მილიონობით ბროშურა“ გაავრცელა, რომლითაც ტერიტორიის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. მისი ამ განცხადების დროს დარბაზიდან საპროტესტო შეძახილები ისმოდა.
ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადებით ისრაელის მთავრობა პრემიერის გამოსვლას ღაზის მაცხოვრებლებს მოასმენინებდა. სამხედროებმა ისრაელ-ღაზის საზღვარზე დინამიკები დააყენეს. ასევე ითქვა, რომ „უპრეცედენტო ოპერაციის“ ფარგლებში ისრაელის არმია ღაზის მაცხოვრებლებსა და ჰამასის მებრძოლებს თავისივე მობილურ ტელეფონებში ჩაურთავდა გამოსვლას. ამ ეტაპზე უცნობია, მოხდა თუ არა ეს და თუ კი - რა მასშტაბით. „როიტერსის“ და „ასოშიეიტედ პრესის“ წყაროები ღაზაში აცხადებენ, რომ ნეთანიაჰუს გამოსვლა მობილურ ტელეფონებში არავისთან ჩართულა.
ჰამასის მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორის წინააღმდეგ ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომელიც მეორე წელია მიმდინარეობს, მოჰყვა 2023 წლის ოქტომბერში, ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას, 1200-მდე ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას.
მოგვიანებით მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი დაიღუპა. ამჟამად ჰამასის ტყვეობაში რჩება 50-მდე მძევალი, რომელთა ნახევარი სავარაუდოდ, დაღუპულია.
ისრაელის ფართომასშტაბიანმა სამხედრო ოპერაციამ ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ჰამასის მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წლის სექტემბრის პირველ ნახევარში გავრცელებული მონაცემებით, რომლებიც დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია, დაღუპულია 65 ათასზე მეტი ადამიანი.
2025 წლის აგვისტოში ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა დაამტკიცა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გეგმა, რომელიც ღაზის სექტორის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ ღაზის დაპყრობას ითვალისწინებს. ნეთანიაჰუ ღაზას ჰამასის ბოლო საყრდენს უწოდებს.