მოსკოვი თბილისს დასავლეთთან წინააღმდეგობის „ამოუწურავ პოტენციალს“ უწონებს

2 hours ago 2

მოსკოვი კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას, „გააღრმაოს რუსულ-ქართული კავშირები, რომლებიც საქართველოში ეკონომიკური აღმავლობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორია“.

„ამას ვაკეთებთ სუფთა გულით, ღია სულით და ჭეშმარიტად. მოსკოვი ღიაა თანამშრომლობის გაფართოებისთვის იქ, სადაც მას ორმხრივი სარგებელი მოაქვს და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე იგება“, — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.

მისი თქმით, რუსეთი „გაგებით ეკიდება თბილისის მცდელობებს, დაასრულოს გარედან დიქტატი“.

მარია ზახაროვამ დააციტირა ვლადიმერ პუტინი, რომელმაც 2024 წელს, ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ გასაოცარია საქართველოს ხელისუფლების „სიმამაცე და ხასიათით“, რომელიც მათ „გამოავლინეს საკუთარი თვალსაზრისის დასაცავად“ და არ მისცეს დასავლეთს უფლება, ჩარეულიყო მათი ქვეყნის საქმეებში.

„როგორც მესმის, ეს რესურსი და პოტენციალი უბრალოდ ამოუწურავია. მეც ვცდილობდი გამეგო, საიდან იღებს ასეთ რესურსებს წინააღმდეგობის გასაწევად ქვეყანა, რომელიც არ არის მსოფლიოში ყველაზე დიდი, არც ყველაზე ძლიერი სამხედრო თუ ფინანსური თვალსაზრისით. გარკვეულ ეტაპზე, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი მეგობარი მყავს ამ ქვეყნიდან, ბევრი ამ ქვეყნის ეთნიკური კულტურის წარმომადგენელი, მივხვდი, რომ ამ ძალებს ის საკუთარ კულტურაშივე პოულობს. საქართველოს რწმენა, კულტურა და ისტორია გახდა ის მაშველი რგოლი, რომელმაც საშუალება მისცა, არ ჩაძირულიყო დასავლური დაპირებების, საცდურებისა და ნარატივების ზღვაში. ეს ისე, ლირიკული გადახვევა“, — თქვა ზახაროვამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, თბილისმა, როგორც ჩანს, მტკიცე და გააზრებული არჩევანი გააკეთა ქვეყნისთვის სუვერენიტეტის დაბრუნებისა და ქართველი ხალხის ინტერესების უზრუნველყოფის სასარგებლოდ.

„მე კიდევ დავამატებდი — საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღირსების სასარგებლოდ. ამ შემთხვევაში, ხელისუფლებას უკვე აღარ შეიძლება აწყობდეს სიტუაცია, როდესაც საქართველოს პოლიტიკის გარჩევა რთულია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისგან. ეს რომ თანმხვედრი კურსი იყოს, კიდევ გასაგებია. მაგრამ მაშინ, როდესაც მოითხოვენ იმას, რაც ეწინააღმდეგება კულტურას, ისტორიულ მეხსიერებასა და ღირსების შესახებ წარმოდგენას, განა შეიძლება ამის მიღება?“ — იკითხა ზახაროვამ.

სრულად წაკითხვა