მოლდოვაში ჩავიდა "თალიბანის" დელეგაცია - საგარეო უწყება ვიზების გაცემის გარემოებებს აზუსტებს

7 hours ago 5

ავღანეთის „თალიბანის“ ხელისუფლების მიერ კონტროლირებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია მოლდოვის დედაქალაქს ეწვია, მოლდოვის ხელისუფლებისგან ვიზების დაუზუსტებელ გარემოებებში მიღების შემდეგ.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იკვლევს ვიზების გაცემის დეტალებს. მოლდოვა არ აღიარებს ავღანეთში „თალიბანის“ მმართველობას.

კიშინიოვში „თალიბანის“ დელეგაციის ჩასვლის შესახებ 3 აგვისტოს დაწერა „ქაბულ ტრიბუნმა“. გამოცემის თანახმად, დელეგაციას, რომლის ვიზიტიც 7 აგვისტომდე გასტანს, ხელმძღვანელობს სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრის მოადგილე სადრ აზამ ოსმანი და კიშინიოვში ჩადის „ორ ქვეყანას შორის პრაქტიკული და ტექნიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე სამსჯელოდ“.

კიდევ ერთი ავღანური მედია „არიანა ნიუსი“ ავრცელებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპიკერ შირ მოჰამად ჰატამის სიტყვებს, რომ კიშინიოვში ვიზიტის დროს „ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდებიან მოლდოველ კოლეგებს სოფლის მეურნეობის განვითარების, სამეცნიერო გამოკვლევების, მცენარეთა დაცვის, მავნებლებთან ბრძოლის, სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ერთობლივ კვლევით პროექტებზე სამსჯელოდ“.

პლატფორმა X-ზე ვიზიტის შესახებ „თალიბანის“ ხელისუფლების სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოსტში აღნიშნულია, რომ დელეგაციამ „დაიწყო ოფიციალური ვიზიტი ევროპაში, მოლდოვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მრეწველობის სამინისტროს ოფიციალური მიწვევით“.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (რთე/რთ) მოლდოვურმა სამსახურმა ჯერჯერობით ვერ მოახერხა დაკავშირება სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი 3 აგვისტოს დაადასტურა „თალიბანის“ დელეგაციის ვიზიტი, მაგრამ უარყო, რომ გაიმართება ოფიციალური შეხვედრები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, „თალიბანი“ მოლდოვაში ჩავიდა ქვეყანაში შესასვლელი ვიზების საფუძველზე:

„მთავრობამ გასცა განკარგულება იმ გარემოებების დასადგენად, რომელთა საფუძველზეც გაიცა მოწვევები და შესასვლელი ვიზები, აგრეთვე შესაბამისი შიდა პროცედურების დასაზუსტებლად იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოლდოვის რესპუბლიკის ნორმატიულ ჩარჩოსა და საგარეოპოლიტიკური ინტერესებთან შესაბამისობა“, - აცხადებს მოლდოვის საგარეო უწყება.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ აგრეთვე აღნიშნა, რომ ვიზიტის ინიციატივა გაჩნდა მას შემდეგ, რაც სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლებმა და მოლდოვის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განიხილეს „ავღანეთში, რომელიც სასურსათო უსაფრთხოების მხრივ სერიოზული პრობლემების წინაშეა, ჰუმანიტარული ექსპორტის შესაძლებლობა“.

მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო უწყების განცხადებით, ავღანეთის დელეგაციის წევრები არ არიან საერთაშორისო სასანქციო სიებში:

„მოლდოვის რესპუბლიკა მკაცრად იცავს ყველა საერთაშორისო სასანქციო რეჟიმს და არ აღიარებს ავღანეთში „თალიბანის“ მთავრობას“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტის თანახმად, არსებობს მოლდოვასა და ავღანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე 1994 წელს მოსკოვში ხელმოწერილი პროტოკოლი.

მოლდოვის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2025 წელს მოლდოვური პროდუქციის ავღანეთში ექსპორტმა 155 ათასი დოლარი შეადგინა. იმპორტი არ აღრიცხულა.

2024 წელს ავღანეთში ექსპორტმა 167 ათას დოლარზე მეტი შეადგინა, რომლიდანაც 162 ათას დოლარზე მეტი ავტომანქანებსა და მის ნაწილებზე, აგრეთვე თვითმფრინავებსა და მცურავ საშუალებებზე მოდიოდა.

„თალიბანი“ ავღანეთის მმართველობაში დაბრუნდა 2021 წელს, ქვეყნის ტერიტორიიდან აშშ-ისა და საერთაშორისო ძალების გასვლის შემდეგ. „თალიბანის“ რეჟიმი ოფიციალურად არ უღიარებია არც ერთ სახელმწიფოს.

15 აგვისტოს სრულდება ხუთი წელი „თალიბანის“ მმართველობაში დაბრუნებიდან. ამ თარიღთან დაკავშირებით „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ გამოაქვეყნა სტატია ქვეყანაში ადამიანის უფლებათა უმძიმესი მდგომარეობის შესახებ. ორგანიზაციის ავღანეთის მკვლევარმა ფერეშთა აბასიმ განაცხადა:

„ხუთი წელიწადია, ავღანელები, განსაკუთრებით - ქალები და გოგოები იმყოფებიან რეპრესიებისა და ძალადობის ქვეშ. საერთაშორისო რეაგირება ბოლოსდაბოლოს უნდა მოვიდეს შესაბამისობაში კრიზისის მასშტაბთან და შეწყვიტოს ავღანელების დეპორტაცია, დაიცვას საფრთხეში მყოფი ავღანელები და უზრუნველყოს ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების დაფინანსების მდგრადობა“.

2026 წლის 23 ივნისს „თალიბანის“ წარმომადგენლები ერთდღიანი ვიზებით იმყოფებოდნენ ბრიუსელში, ავღანელთა რეპატრიაციის საკითხების განსახილველად.

სრულად წაკითხვა