მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ში გაემგზავრა - ის გაეროს ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

2 weeks ago 11

"ქართული ოცნების" პარლამენტის მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ის ნიუ-იორკში ვიზირის ფარგლებში გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა.

როგორც ყაველაშვილის ადმინისტრაცია იტყობინება, დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. მიხეილ ყაველაშვილი შეხვედრას გამართავს გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან.

ის ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.

ის, რომ საქართველოს გაეროში არა „ქართული ოცნების“ მთავარობის მეთაური ირაკლი კობახიძე, არამედ მიხეილ ყაველაშვილი წარადგენდა, ამის შესახებ პირველ სექტემბერს გახდა ცნობილი.

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ „ასე უმჯობესია“. მისივე განმარტებით, ყაველაშვილი საერთაშორისო საზოგადოებას მშობლიურ ენაზე, ქართულად მიმართავს.

გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესია 9 სექტემბერს გაიხსნა, მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით გენერალური დებატები კი 23-29 სექტემბერს შედგება.

ირაკლი კობახიძემ ასამბლეაზე საქართველო გასულ წელს წარადგინა - ამ დროს პრეზიდენტი ჯერ კიდევ სალომე ზურაბიშვილი იყო, რომელთანაც "ქართულ ოცნებას" დაძაბული ურთიერთობა და კონფრონტაციული სამუშაო რეჟიმი ჰქონდა.

სრულად წაკითხვა