უპირატესად “ქართული ოცნების” წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა 5 ოქტომბერს მოუწოდა სახელმწიფო ინსტიტუტებს, განსაკუთრებული სიმკაცრე გამოიჩინონ მათ მიმართ, ვინც ხალხს დამხობისა და ძალადობისკენ მოუწოდებს.
„საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ უცხო სპეცსამსახურების დავალებით მოქმედი ძალები და ამას თვალყურს ადევნებდა ჩვენი საზოგადოება - თუ როგორ იქცეოდნენ აქ, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. დაამსხვრიეს, დალეწეს გარშემო არსებული ღობე და ის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ჩვენი ქალაქის, სადაც ყოველ დღე ვხედავთ უამრავ მოქალაქეს და ტურისტს, რომლებიც სარგებლობენ ამ სილამაზით და ნახა საზოგადოებამ, როგორი განადგურებული იყო გუშინ ეს ყველაფერი და ეს არავის უნდა ეპატიოს. უცხო სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ეს ძალები გუშინ მოუწოდებდნენ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ და ეს არავის შერჩება და იქნება მკაცრი პასუხი ამასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ყაველაშვილმა. მისი თქმით, სამართალდამცავი ორგანოები მაღალი სტანდარტით მოქმედებდნენ.
ყაველაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში აქციის მონაწილეების შეჭრისას, მას შენობა არ დაუტოვებია; ხოლო შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადგილსამყოფელი არ უნდა გამჟღავნდეს - უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, გარე ძალების მიერ იყო მართული "ვარდების რევოლუციაც", რომელიც, მისი შეფასებით - ასევე არ იყო მშვიდობიანი.
"არანაირი მშვიდობიანი რევოლუცია არ იყო ["ვარდების რევოლუცია"], სწორედ გარე დაკვეთით მოხდა მაშინ ეს ცვლილებები და, ჩვენდა სამწუხაროდ, ხელისუფლებაში აგენტურა და დაკვეთებით მართული ხელისუფლება მივიღეთ. ანალოგიურის გამეორება სცადეს და ცდილობენ ეს ბოლო წლებია, უბრალოდ ჩვენ ვართ მომზადებული, საზოგადოებაა გამობრძმედილი ამ საკითხებთან დაკავშირებით", - თქვა, 5 ოქტომბერს, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის მიერ არაპირდაპირი წესით არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, 5 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველაფერი გაკეთდება “ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალის” – “კოლექტიური ნაცმოძრაობის” ბოლომდე გასანეიტრალებლად.
“ოცნების” წარმომადგენლებმა ახლო წარსულში არაერთხელ განმარტეს, რომ “კოლექტიურ ნაცმოძრაობად”, უშუალოდ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარდა”, თვლიან სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც: “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ლელო - ძლიერ საქართველოსა” და “გახარია საქართველოსთვის”.
კობახიძემ ბრიფინგზე ასევე განმარტა, რომ "კოლექტიურ ნაცმოძრაობაში" ასევე გულისხმობენ "ყველა უცხოელ აგენტსა" და "ექსტრემისტულ დაჯგუფებებს".
მისი თქმით, სწორედ ექსტრემისტული დაჯგუფებების ჩართულობით იკეტებოდა ქუჩა 50, 100 თუ 150 ადამიანის მიერ "გასული ერთი წლის განმავლობაში".
"რა თქმა უნდა, ეს არასწორია - არ შეიძლება, რომ 110-მა კაცმა მილიონ ასიათას კაცს გადაუკეტოს ქუჩა", - ამბობს კობახიძე. "ექსტრემისტული დაჯგუფებების" მიზანი, მისი განმარტებით, იყო "სახელმწიფოს დაზიანება, ქვეყნის დაზიანება, ეკონომიკის დაზიანება".
- 4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, მოძრაობამ "რუსთაველის" გამზირი დაგეგმა "სახალხო კრება", რომლის მიზანსაც - "მშვიდობიანი რევოლუცია", "მშვიდობიანი დამხობა" წარმოადგენდა. ეს ღონისძიება ხალხმრავალი იყო.
- მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, ხოლო საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლის, მურთაზ ზოდელავას გამოსვლის შემდეგ, ნაწილმა, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ გადაინაცვლა და რამდენიმე ადამიანმა ეზოს ჯებირიც გაარღვია.
- შს სამინისტრომ 4 ოქტომბერს დააკავა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერები პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.