მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება - ბათუმში მისი საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

1 month ago 41

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ონლაინგამოცემების „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაიწყო. ის სხდომაზე დასასწრებად ასეულობით კილომეტრით დაშორებული ქალაქიდან, რუსთავიდან ჩაჰყავთ, სადაც მდებარეობს ქალთა პენიტენციური დაწესებულება.

ჟურნალისტს, რომელსაც პოლიციელისთვის სილის გაწნის გამო ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება, კოლეგები, უფლებადამაცველები და საზოგადოების ნაწილი სინდისის პატიმარს უწოდებენ.

მზია ამაღლობელის ადვოკატებმა დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რადგან მიიჩნევდნენ, რომ მისი განათლება არ შეესაბამებოდა სისხლის სამართლის საქმეების განმხილველი მოსამართლეებისთვის წაყენებულ მოთხოვნებს. მოსამართლის განმარტებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე, ბიზნეს-ინჟინერიის ფაკულტეტზე დაეუფლა სამართალმცოდნეობას - შესაბამისად, აცილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

დღევანდელ სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ მზია ამაღლობელის კოლეგები, მოქალაქეები და გერმანიის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთისა და ჩეხეთის საელჩოების წარმომადგენლები. სხდომის დასრულების შემდგ ისმოდა შეძახილები: „თავისუფლება მზია!“

მომდევნო სასამართლო სხდომები ბათუმის საქალაქო სასამართლოსი 31 მარტს, 7 და 10 აპრილს 13:00 საათზე გაიმართება.

მზია ამაღლობელის საქმე

მზია ამაღლობელი ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.

სრულად წაკითხვა