შაბათს ლონდონში გაიმართა მრავალათასიანი მიტინგი ისლამური ქვეყნებიდან მიგრანტების მიღების წინააღმდეგ.
მარში სახელწოდებით Unite the Kingdom („გავაერთიანოთ სამეფო“) ტემზის სამხრეთ სანაპიროზე, საზერლენდის რაიონში დაიწყო. იქიდან მონაწილეები გაემართნენ ქალაქის ცენტრისკენ - უაიტჰოლის სამთავრობო კვარტლისა და პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის რეზიდენციისკენ.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო ულტრამემარჯვენე დაჯგუფება „ინგლისური თავდაცვის ლიგის“ დამფუძნებელი ტომი რობინსონი (ნამდვილი სახელი - სტივენ იაქსლი-ლენონი).
პოლიციის ცნობით, მარშში 100 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. რობინსონმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ აქციას ონლაინ რეჟიმში დაახლოებით მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალყურს.
ღონისძიების მონაწილეებმა ასევე პატივი მიაგეს ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის ხსოვნას, რომელიც 10 სექტემბერს მოკლეს შეერთებულ შტატებში.
პოლიციამ განაცხადა, რომ ზოგიერთმა მონაწილემ პოლიციას ბოთლები და სასიგნალო რაკეტები ესროლა. რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
ამავე დროს ბრიტანეთის მუზეუმის მახლობლად, რასელ-სკვერზე, გაიმართა მიგრაციის მხარდამჭერი მცირე მასშტაბის აქცია.
დიდ ბრიტანეთში ანტიმიგრანტული განწყობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც 38 წლის ეთიოპიელი ლტოლვილი, რომელიც ლონდონთან ახლოს, ეპინგში, სასტუმროში ცხოვრობდა, სექტემბრის დამდეგს დაადანაშაულეს ქალისა და 14 წლის გოგონას სექსუალურ შევიწროებაში.