თორნიკე სხვიტარიძესა და ანი ქავთარაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავება.
„მონა“, „ქავთარაძეების გვარის სირცხვილი“, „მხდალი“ , „ნაძირალა“ - შსს-ს იურისტები, მარიამ კერესელიძე და თამთა ქიმბარიშვილი ამტკიცებენ, რომ სხვიტარიძე და ქავთარაძე ამ სიტყვებს ეძახდნენ დაკითხვიდან გამოსულ პოლიციელს, მირიან ქავთარაძეს.
- თორნიკე სხვიტარიძე პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში ბრალდებული დემონსტრანტის, საბა სხვიტარიძის ძმაა.
- ანი ქავთარაძე წარმოადგენს კოალიციას „ცვლილებისთვის“.
- 2025 წლის 17 აპრილს მირიან ქავთარაძე საბა სხვიტარიძის პროცესზე გამოჰკითხეს. თორნიკე სხვიტარიძე ამ დროს სხდომათა დარბაზში იყო, ანი ქავთარაძე - გარეთ.
- მას შემდეგ, რაც პოლიციელის გამოკითხვა დასრულდა, მირიან ქავთარაძეს საბა სხვიტარიძის მხარდამჭერებმა ე.წ სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს. მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ისმის შეძახილები, მათ შორის „მონა“.
„შერჩევითი სამართალი“
„შერჩევითი სამართლის დღე იყო 17 აპრილი“, - ამბობს ადვოკატი მარიკა არევაძე.
ის უთითებს დარბაზში მყოფ თეონა ჭალიძეზე და ამბობს, რომ მას გაარტყა სახეში ხელი მირიან ქავთარაძემ 4 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტის“ წინ, რასაც მოჰყვა დაპირისპირება და რის შემდეგაც საბა სხვიტარიძე მირიან ქავთარაძეზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
საბა სხვიტარიძეს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. კერძოდ, ბრალდების მტკიცებით, იგი 2024 წლის 4 დეკემბერს, საღამოს საათებში, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაესხა პოლიციელ მირიან ქავთარაძეს და თავში ორჯერ ჩაარტყა ხელკეტის მსგავსი საგანი, რითაც ჩაიდინა „სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა“. აღნიშნული დანაშაულისთვის გათვალისწინებულია სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.
საბა სხვიტარიძე არის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის, „ახალის” წევრი. პარტიაში გადასვლამდე იგი მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფში“. საბა სხვიტარიძე აქტიურად იყო ჩართული “რუსული კანონის” წინააღმდეგ საპროტესტო აქციების მოწყობაში, იყო ამ აქციების აქტიური მონაწილე და ერთ-ერთი ორგანიზატორიც. იგი ასევე აქტიურად იყო ჩართული სტუდენტურ მოძრაობებთან კომუნიკაციაში. ის არის საჯარო პირი და ძალიან აქტიურად გამოთქვამდა თავის კრიტიკულ მოსაზრებებს “ქართული ოცნების” პოლიტიკასთან დაკავშირებით.
საბა სხვიტარიძეს დაზარალებულის სტატუსი აქვს. მისი თქმით, დაკავების შემდეგ მირიან ქავთარაძის დეპარტამენტის პოლიციელებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს, რამდენჯერმე, სხვადასხვა კაბინეტში. საქმეს იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
„ჩემდა სამარცხვინოდ, ერთ-ერთი თავდამსხმელი ქავთარაძე აღმოჩნდა, „ემპორიო არმანის“ მაისური ეცვა, „ქორთიარდ მარიოტის“ წინ იდგა დეკემბერს და შეხვედრიდან გამოსულ მოქალაქეებს შეურაცხყოფა მოგვაყენა. საბა სხვიტარიძე ქალებს გვიცავდა. მას არ უთქვამს, რომ პოლიციელი იყო და მიმანიშნებელიც არაფერი ეცვა“ - ასე უპასუხა ანი ქავთარაძემ შსს-ს იურისტის თამთა ქიმბარიშვილის კითხვას, იციან თუ არა, ვინ არის მირიან ქავთარაძე.
იგივე ჰკითხეს თორნიკე სხვიტარიძესაც:
„კი, ვიცი, ვინ არის მირიან ქავთარაძე. ქალზე მოძალადე ქავთარაძეა. მან და მისმა თანამშრომლებმა აწამეს ჩემი ძმა კაბინეტში და მას აქვს დაზარალებულის სტატუსი.
კიდევ გეტყვით, ვინ არის მირიან ქავთარაძე - დამირეკა მისმა გამომძიებელმა დილის 7 საათზე და მითხრა რომ კარგად იყო საბა სხვიტარიძე, როცა სამჯერ აწამეს სხვადასხვა კაბინეტში“.
ადვოკატების თქმით, თორნიკე სხვიტარიძე მირიან ქავთარაძის გამოკითხვის დასრულების შემდეგ სხდომათა დარბაზში დარჩა და დასრულების შემდეგ გამოვიდა. ანა ქავთარაძე კი სასამართლოს დერეფანში იყო. შსს-ს საპირისპიროდ ვიდეო აჩვენა, სადაც თორნიკე სხვიტარიძეც ჩანს.
შსს ამტკიცებს, რომ ორივემ, - ქავთარაძემაც და სხვიტარიძემაც - „17 აპრილს საქალაქოს დერეფანში სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომელს მირიან ქავთარაძეს“, - რაც ადმინისტრაციული კოდექსის 173 მუხლის მეორე ნაწილია.
ეს მუხლი ადმინისტრაციულ კოდექსში ახალი ჩანაწერია. ცვლილება 2025 წლის თებერვალში დამტკიცდა და ითვალისწინებს 2000-დან 5000 ლარამდე ჯარიმას ან 60 დღემდე პატიმრობას.
ამ მუხლით უკვე გაასამართლეს კოალიცია ცვლილებისთვის გუნდის სხვა წევრებიც: მირანდა ბაღათურია და ანა ყურაშვილი. ორივე 4 000 ლარით დააჯარიმეს.
პოლიციელი იურიდიული განათლების გარეშე
ქავთარაძისა და სხვიტარიძის ადვოკატების თქმით, შსს-მ უნდა დაადასტუროს:
- ასრულებდა თუ არა სამსახურებრივ უფლებამოსილებას მირიან ქავთარაძე ინციდენტის დღეს
- ნამდვილად თორნიკე სხვიტარიძემ და ანი ქავთარაძემ დაუძახეს თუ არა მას მონა
- არის თუ არა სიტყვა მონა შეურაცხმყოფელი?
- დაცულია თუ არა გამოხატვის თავისუფლება?
- აქვს თუ არა თმების ვალდებულება პოლიციელ ქავთარაძეს?
„ეს საქმე არის ერთი დიდი უსაფუძვლო საქმე, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სამართლიანობასთან, სასამართლოსთან და მუხლის დეფინიციასთან“, - თქვა მარიკა არევაძემ.
სამინისტრომ სასამართლო სხდომაზე ოთხი მოწმე პოლიციელი გამოიძახა. ოთხივე მათგანმა თქვა, რომ დეტექტივები არიან და „ოპერატიულ საქმიანობას ახორციელებენ“.
არცერთ მათგანს იურიდიული განათლება არ აქვს.
ოთხიდან ორს ბიზნესის ადმინისტრირება აქვს ნასწავლი, ერთს ინჟინერია, ერთსაც - მენეჯმენტი.
იურიდიული განათლება არ აქვს სამართალდარღვევის ოქმის შემდგენ დეტექტივს, თორნიკე ჯაფარიძეს.
„იურიდიული განათლება თუ არ გაქვთ, კვალიფიკაციას როგორ აკეთებთ“?, - იკითხა ნიკა გვარამიამ, „ახალის“ დამფუძნებელმა, - რომელიც ამ საქმეზე ადვოკატია.
შსს-ს იურისტმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დეტექტივს არ მოეთხოვება იურიდიული განათლება, - განსხვავებით გამომძიებლისგან.
„კვალიფიკაციის მინიჭების შესაძლებლობა აქვს დეტექტივსაც და ის კონკრეტული პირი სანამ დაინიშნება დეტექტივად, გადის სწავლებას პოლიციის აკადემიაში და აქვს კვალიფიკაცია ოქმის გამოწერის“, - ამბობს შსს-ის იურისტი მარიამ კერესელიძე.
სასამართლო პროცესი 7 საათის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა მხოლოდ სამი მოწმის სრულად გამოკითხვა მოესწრო.
ოქმის შემდგენმა დეტექტივმა თორნიკე ჯაფარიძემ დაადასტურა, რომ მირიან ქავთარაძე 17 აპრილს სასამართლოში დაკითხვაზე „პოლიციელის უფლებამოსილებას არ ახორციელებდა“.
მაშინ რატომ დააკვალიფიცირა მომხდარი, როგორც პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებული ქმედება - მან ასე უპასუხა:
„მას შეურაცხყოფას აყენებდნენ სამსახურებრივი ნიშნით“.
იდენტური შეცდომები
სამართალდარღვევის ოქმი ჯაფარიძემ ერთი კვირის შემდეგ შეადგინა და მანვე გამოჰკითხა კიდევ სამი პოლიციელი, რომლებიც, შსს-ს თქმით, მომხდარს შეესწრნენ.
გამოკითხვის ოქმებში ერთნაირი შეცდომებია დაშვებული. მხოლოდ ოქმებზე დაყრდნობით გამოდის, რომ სამივე მოწმემ სამართალდარღვევის დღედ 17 ივლისი დაასახელა, - რაც ჯერ არც კი დამდგარა.
„შაბლონი ხომ არ გქონდათ?“, - იკითხა კიდევ ერთმა ადვოკატმა თენგო თევზაძემ (ისიც „ახალის“ წევრია).
იდენტური შეცდომა იყო დაშვებული მირანდა ბაღათურიასა და ანა ყურაშვილის საქმეებზეც.
„რატომ გინდათ ამ ხალხის დაჭერა, რატომ იტყუებით? მორჩა! ადამიანების გაშვება გინდათ ციხეში, მიზანმიმართულად“, - თქვა გვარამიამ.
მოწმისთვის უხერხულ თუ რთულ კითხვებზე შსს აცილების შუამდგომლობას აყენებდა. მოსამართლე ნინო ენუქიძემ შსს-ს ყველა კითხვის აცილება დაუკმაყოფილა.
თორნიკე ჯაფარიძე საბა სხვიტარიძის დამკავებელი პოლიციელია, ის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოჰკითხა, თუმცა პროცესზე თქვა, რომ არ იცის აქვს თუ არა დაზარალებულის სტატუსი სხვიტარიძეს.
სამივე მოწმემ თქვა, რომ 17 აპრილს სასამართლოში მართლწესრიგის დასაცავად მივიდნენ.
ადვოკატებმა მიუთითეს, რომ სასამართლოში წესრიგს მანდატურები იცავენ და არა პოლიციელები.
„ჩვენ ვიყავით უფროსთან ერთად, რომლის წინააღმდეგაც ბევრი ადამიანი იყო, ვცდილობდით მირიან ქავთარაძე მალე გასულიყო შენობიდან“, - თქვა თორნიკე ჯაფარიძემ.
„თქვენ დაცვის პოლიცია არ ხართ“, - მიუთითა ნიკა გვარამიამ.
რას ამბობენ სხვები?
სხვა მოწმეებმაც - ომარ ხაჯიშვილმა და გოჩა ონიანმაც - თქვეს, რომ სასამართლოში მართლწესრიგს იცავდნენ.
ხაჯიშვილმა ისიც თქვა, რომ წესრიგის უზრუნველყოფა სხდომათა დარბაზის გარეთ მათი ვალდებულებაა.
ონიანის თქმით კი, დავალება არავისგან მიუღია, თავად გადაწყვიტა მისულიყო სასამართლოში და მირიან ქავთარაძის უსაფრთხოება დაეცვა.
მოწმეებმა თქვეს, რომ ყველა ფრაზა, რაც მირიან ქავთარაძის მისამართით ითქვა, არის შეურაცხმყოფელი.
კითხვაზე - რას ნიშნავს „ტიტუშკა“ - პოლიციელმა ომარ ხაჯიშვილმა უპასუხა: „ძალადობრივი დაჯგუფებული ჯგუფი“ [სტილი დაცულია].
„როგორ განსაზღვრეთ, რა არის შეურაცხყოფა, თუ ტერმინების მნიშვნელობაც არ იცით?“, - იკითხა გვარამიამ.
კოალიციაში ცვლილებებისთვის ფიქრობენ, რომ ეს საქმე მათი პარტიის წევრების წინააღმდეგ მიზანმიმართული ანგარიშსწორებაა.
დაკითხვიდან დერეფანში გასულმა დეტექტივმა თორნიკე ჯაფარიძემ თავში ხელები წაიშინა.
გოგა ონიანი კითხვების უმეტესობას უპასუხოდ ტოვებდა და სიტყვებს შორის დიდ პაუზებს აკეთებდა.
ომარ ხაჯიშვილი პერიოდულად აგრესიული იყო, რაზეც რამდენჯერმე დაცვის მხარემ მიუთითა კიდეც.
სასამართლო პროცესი ვერც დღეს ამოიწურა. მოწმეების დაკითხვა, მათ შორის დაცვის მხარის 30 მაისს გაგრძელდება.
„სასამართლოში ოთახი გამომიყავით, სულ აქ ვარ, ხან ერთი ხან მეორე შვილის გამო“, - თქვა თორნიკე სხვიტარიძის დედამ, ელენე ხუნდაძემ და სხდომათა დარბაზი დატოვა.