ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შესაძლოა, ალასკის იშვიათ მიწათა მინერალების ათვისებაზე წვდომა შესთავაზოს, რათა ბიძგი მისცეს უკრაინაში ომის შესაწყვეტად. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
ტრამპის და პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს გაიმართება ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში.
The Telegraph-ის წყაროთა თანახმად, ტრამპმა პუტინს შესაძლოა, შესთავაზოს რუსეთის საავიაციო სფეროსთვის დაწესებული სანქციების გაუქმებაც.
როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, პრეზიდენტების შეხვედრის წინ აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი იკვლევს, რა ეკონომიკური კომპრომისებია შესაძლებელი რუსეთთან, რათა დაჩქარდეს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა.