იტალიაში ქაღალდის პირადობა უქმდება – რა უნდა იცოდეთ CIE-ს შესახებ

1 day ago 12

იტალიაში 3 აგვისტოდან ქაღალდის პირადობის მოწმობა საბოლოოდ დაკარგავს ძალას და მას ელექტრონული დოკუმენტი – Carta d’Identità Elettronica (CIE) ჩაანაცვლებს. მაშინაც კი, თუ ქაღალდის დოკუმენტს ფორმალურად მოქმედების ვადა ჯერ არ ექნება ამოწურული, 3 აგვისტოდან ის ძალადაკარგულად ჩაითვლება და ვერ გამოიყენებთ ვერც იტალიაში, ვერც მის ფარგლებს გარეთ.

გადაწყვეტილება ეფუძნება ევროკავშირის რეგულაციას 1157/2019, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის ქვეყნებში პირადობის დოკუმენტების უსაფრთხოების გაძლიერებას და მათ სტანდარტიზაციას. ამ ცვლილებით იტალია უერთდება იმ ქვეყნებს, რომლებმაც უკვე დანერგეს ბიომეტრიული და ელექტრონული იდენტიფიკაციის სისტემები.

ძველი ფორმატის დოკუმენტები უფრო მარტივად ექვემდებარება გაყალბებასა და დუბლირებას, რაც ზრდის თაღლითობისა და პირადობის მონაცემების მოპარვის რისკებს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი ეტაპობრივად გადადის უფრო დაცულ სისტემებზე.

ვის ეხება ცვლილება

ახალი წესი ვრცელდება როგორც იტალიის მოქალაქეებზე, ისე ქვეყანაში კანონიერად მცხოვრებ უცხოელებზე, მათ შორის – იმ პირებზე, რომლებიც ბინადრობის ნებართვას (permesso di soggiorno) ფლობენ.

ეს ნიშნავს, რომ ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა უნივერსალურია და გამონაკლისები პრაქტიკულად არ არსებობს.

მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი:

  • უცხოელებისთვის გაცემული CIE არ არის სამგზავრო დოკუმენტი (არ ცვლის პასპორტს);
  • იგი გამოიყენება იდენტიფიკაციისთვის იტალიის შიგნით.

CIE-ს ძირითადი მახასიათებლები

ინფორმაცია
ბარათზე მითითებულია პირადი მონაცემები და Codice Fiscale.
გაითვალისწინეთ, რომ CIE არ ცვლის Tessera Sanitaria-ს, რომელიც ცალკე უნდა იქონიოთ.

NFC ჩიპი
ბარათში ინტეგრირებული NFC ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ:

  • გაიაროთ იდენტიფიკაცია ონლაინ;
  • გამოიყენოთ სახელმწიფო სერვისები;
  • შექმნათ ციფრული იდენტობა (მაგ., SPID).

როგორ მიიღებთ ელექტრონულ პირადობის მოწმობას

CIE-ს მისაღებად მოქალაქემ უნდა მიმართოს იმ მუნიციპალიტეტს (Comune), სადაც ცხოვრობს. განაცხადის შეტანა შესაძლებელია დროებითი ყოფნის ადგილის მუნიციპალიტეტშიც (Comune), თუმცა შესაბამისი პირობების დაცვით.

მნიშვნელოვანია, რომ ქაღალდის პირადობის მოწმობის ელექტრონულით შეცვლა შესაძლებელია ნებისმიერ დროს და არ ითვლება დოკუმენტის დუბლირებად.

CIE-სთვის შეხვედრის დაგეგმვა შეგიძლიათ თქვენი მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებსაიტის ან პლატფორმის www.prenotazionicie.interno.gov.it მეშვეობით. ბარათის მიღების დრო განსხვავდება თქვენი რეგიონის მიხედვით, მაგრამ, როგორც წესი, 6-დან 15 სამუშაო დღემდე მერყეობს.

პირველი ნაბიჯია განაცხადის შეტანა მუნიციპალიტეტში.

პროცესი მოიცავს:

  • პირადი მონაცემების შეყვანას;
  • მუნიციპალიტეტის არჩევას;
  • ვიზიტის დაჯავშნას;
  • განაცხადის დადასტურებას.

ამის შემდეგ:

  • ან მიდიხართ მუნიციპალიტეტში;
  • ან ირჩევთ ბარათის ფოსტით მიღებას.

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, პროცესი არ გადადონ – განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როდესაც შვებულებების გამო მომსახურებაზე მოთხოვნა იზრდება და რიგები იქმნება.

როგორ გაააქტიუროთ CIE

აქტივაციისთვის დაგჭირდებათ:

  • NFC-ს მხარდაჭერის მქონე სმარტფონი;
  • 8-ციფრიანი PIN კოდი, რომლის პირველ 4 ციფრს მიიღებთ განაცხადის შეტანისას, ბოლო 4 ციფრს – ბარათის მიღებისას. აგრეთვე, მიიღებთ PUK კოდს (გაიცემა ბარათთან ერთად).

ნაბიჯები:

  1. ჩამოტვირთეთ აპლიკაცია CieID;
  2. აირჩიეთ „აქტივაცია“;
  3. შეიყვანეთ 8-ციფრიანი PIN კოდი.
  4. მიადეთ ბარათი ტელეფონს (NFC სენსორს);
  5. დაასრულეთ პროცესი (ეკრანზე გამოჩნდება – წარმატებული აქტივაცია).
  6. დააყენეთ ბიომეტრიული აუტენტიფიკაცია (სურვილის მიხედვით): ეს საშუალებას მოგცემთ, შეცვალოთ პინკოდი თითის ანაბეჭდით ან Face ID-ით.

როგორ გამოიყენება CIE სახელმწიფო სერვისებით სარგებლობისთვის

  • ავტორიზაციის პროცესის დროს, შესვლის მეთოდად აირჩიეთ „CIE“.
  • აირჩიეთ ოპცია „შესვლა ბარათის წამკითხველის საშუალებით“.
  • მიიტანეთ CIE თქვენი სმარტფონის NFC სენსორთან.
  • შეიყვანეთ თქვენი PIN კოდის ბოლო ოთხი ციფრი ან დაადასტურეთ შესვლა ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებით.
  • წარმატებული ვერიფიკაციის შემდეგ გადამისამართდებით შესაბამის პორტალზე.

ოფიციალური ვებსაიტი: www.cartaidentita.interno.gov.it

პორტალი გთავაზობთ ეტაპობრივ ინსტრუქციებს, თუ როგორ დარეგისტრირდეთ და გამოიყენოთ გამარტივებული შესვლის მეთოდები.

თუ ბარათი დაიბლოკა

თუ PIN კოდი რამდენჯერმე არასწორად შეიყვანეთ:

  • გამოიყენეთ PUK კოდი;
  • განბლოკვა შესაძლებელია აპლიკაციის მეშვეობით.

CIE-ს გამოყენება და დამატებითი სერვისები

Carta d’Identità Elettronica შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ იდენტიფიკაციისთვის, არამედ სხვადასხვა ციფრულ სერვისზე წვდომისთვის.

ამ ეტაპზე აპლიკაცია ერთ მოწყობილობაზე რამდენიმე CIE-ს მართვას სრულად არ უჭერს მხარს (განსაკუთრებით iOS-ზე).

როგორ გამოიყენებთ CIE პლატფორმას

CIE-ს მართვა შესაძლებელია ოფიციალური პორტალიდან:

მომხმარებელი გადადის CIE-ს ვებგვერდზე;
შედის აქტივაციის განყოფილებაში;
შეჰყავს თავისი Codice Fiscale და ბარათის სერიული ნომერი;
ადასტურებს უსაფრთხოების შემოწმებას;
შეჰყავს PUK კოდი;
ადასტურებს ტელეფონის ნომერს.

CIE და ციფრული იდენტობა (SPID)

SPID არის ციფრული იდენტიფიკაციის სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხელმისაწვდომი ხდება ასობით სახელმწიფო ონლაინ სერვისი.

CIE-ს გამოყენებით SPID-ის აქტივაცია

  • გადადიხართ SPID-ის ოფიციალურ პორტალზე;
  • ირჩევთ სერტიფიცირებულ პროვაიდერს;
  • იწყებთ რეგისტრაციას;
  • ირჩევთ CIE-ს, როგორც ავტორიზაციის მეთოდს;
  • ადასტურებთ PIN-ით და NFC ჩიპით;
  • ასრულებთ რეგისტრაციას.

Cashback პროგრამა

Cashback-ი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც მოქალაქეებს შესყიდვებზე დახარჯული თანხის ნაწილის დაბრუნებას სთავაზობს.

CIE-ის გამოყენებით აქტივაცია

  • შედიხართ Cashback-ის ოფიციალურ სისტემაში;
  • ირჩევთ CIE-თი ავტორიზაციას;
  • ადასტურებთ PIN კოდით და NFC-ით;
  • ასრულებთ რეგისტრაციას.

შენიშვნა: პროგრამა ამჟამად სხვადასხვა ეტაპზე შეჩერებული/შეზღუდულია, ამიტომ მისი გამოყენება დამოკიდებულია მოქმედ რეგულაციებზე.

სრულად წაკითხვა