ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სანქციების ვადის ამოწურვამდე ევროპის წარმომადგენლებს შეხვდა

1 week ago 9

გერმანიის, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის მაღალი რანგის დიპლომატები გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, რათა 28 სექტემბერს ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ სანქციების აღდგენამდე საბოლოო ვარიანტები შეესწავლათ. ამის შესახებ განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა.

შეხვედრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით გავრცელებულ განცხადებაშიცაა ნახსენები და ნათქვამია, რომ მასში ასევე მონაწილეობდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მესვეური კაია კალასი.

გერმანული საინფორმაციო სააგენტო dpa-ს ცნობით, ვადეფულმა განაცხადა, რომ კვირას სანქციების ავტომატურად ხელახლა დაწესებამდე დიპლომატიური გადაწყვეტის მიღწევის შანსები „ძალიან მცირეა“. „ირანი წლების განმავლობაში უგულებელყოფდა ვენის ბირთვული შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს“, - ნათქვამია ვადეფულის განცხადებაში.

„ჩვენ აქედან საჭირო დასკვნები გამოვიტანეთ და ავამოქმედეთ ე.წ. „უკან დაბრუნების“ მექანიზმი, რომელიც ამ კვირის ბოლოს ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს აღადგენს“, - თქვა მან.

თუმცა, ვადეფულმა დასძინა, რომ E3-ის სახელით ცნობილი სამი ევროპული ქვეყანა ირანთან მოლაპარაკებებს სანქციების აღდგენის შემდეგაც გააგრძელებს.

სრულად წაკითხვა