კობახიძის თქმით, დაპატიმრებულია რამდენიმე ადამიანი, პირველ რიგში, დამხობის მცდელობის ორგანიზატორები, თუმცა დაუსჯელი ვერავინ დარჩება, რადგან ძალადობის განმახორციელებლების წინააღმდეგ კანონი ძალიან მკაცრი იქნება.
„ჩვენ გვაქვს მოძალადეების იდენტიფიცირების იმაზე ბევრად მეტი რესურსი, ვიდრე ეს იყო თუნდაც შარშან, შარშანწინ, შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაელოდოს სასჯელს იმ ძალადობისთვის, რომელიც მათ განახორციელეს სახელმწიფოსა და სამართალდამცავი უწყებების წინააღმდეგ. კანონი მათ მიმართ იმოქმედებს ძალიან მკაცრად. გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, ესეც არის ჩვენი უპირველესი პასუხისმგებლობა ქართველი საზოგადოების წინაშე, იმ ამომრჩევლის წინაშე, რომელიც გუშინ სრული მობილიზებით გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას და ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრი, გელა გელაძეც ვარაუდობს, რომ დაკავებულთა რიცხვი გაიზრდება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
„გამოძიება დაწყებულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით, ხუთი ადამიანი არის დაკავებული. ამ წუთებშიც მიმდინარეობს, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები და შესაბამისად, ყველა პიროვნების იდენტიფიცირების შემდეგ, ყველა შესაბამისი სამართლებრივ პროცესში მიეცემა“, - განაცხადა გელა გელაძემ.
კითხვაზე უნდა ველოდოთ თუ არა იმას, რომ დაკავებულთა რიცხვი გაიზრდება, გელა გელაძემ უპასუხა, რომ „რა თქმა უნდა“.
შს სამინისტრომ 4 ოქტომბერს დააკავა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერები პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.
შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის თქმით, დაკავებულებს „ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა".
4 ოქტომბერს, თბილისში მასობრივი საპროტესტო აქცია საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები პარალელურად, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დაიგეგმა.
მოქალაქეები ჯერ რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, მურთაზ ზოდელავას მოწოდების შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ გადაინაცვლეს, ათონელის ქუჩაზე. რამდენიმე მათგანმა ეზოს ჯებირიც გაარღვია.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, ყველა ის ადამიანი კი, რომელიც მასში მონაწილეობდა, მკაცრად დაისჯება. მისი სიტყვებით, „30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადე გახდებოდა დასაჭერი“.