სოფელში ისედაც სიჩუმეა ხოლმე, მაგრამ ახლა რაღაც უცნაურად განაბულია ყველაფერი. ეზოში უამრავი სახეობის ხილი მწიფობს უკვე და მანამდე რომ ფუტკრები ბზუილით იკლებდნენ ყველაფერს, ისინიც არ ჩანან – ეს მერე აღვიქვი, #საქართველოს აქეთ ნაწილში რომ გადმოვსამშვიდობდით, იმ დროს ყურადღება მართლა არ მიმიქცევია.
#შიშმა და გაურკვევლობამ მაშინვე გაავსო ყველას სახლი და ეზო. გაავსო კი არა, ყველგან უფრო მეტი იყო შიში, ვიდრე ჰაერი. წლების შემდეგ, როცა #ოთარჭილაძის ლექსის ფრაზა „შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი“ წავიკითხე, ზუსტად ვიცოდი, რას ნიშნავს, როცა ვიღაც ან რაღაც ჰაერზე მეტია.
ჩვენთან #შიში იყო ჰაერზე მეტი.
#აფხაზეთი ისედაც ხომ სასწაულად უხვმოსავლიანი იყო და იმ ზაფხულს ყველაფერი გადაირია: ხილი და ბოსტნეული მოვიდა იმდენი, მერე დედა ამბობდა, ჩვენი ეზო და ბოსტანი თავს გვაწონებდა, მისატოვებლად რომ არ გაგვემეტებინაო.
ოცდამეთოთხმეტეჯერ კრეფენ ახლა ჩვენს ეზოსა და ბოსტანში ხილს, ბოსტნეულს… მალე ყურძენსაც დაკრეფენ, თუ არ გაპარტახებულა, მაგრამ მათთვის იმდენად არ მენანება, როგორც იმ #რუსი ვანიასთვის, ავტომატით რომ მოადგა ჩვენს ჭიშკარს ვიღაც აფხაზ და ჩეჩენ სამხედროებთან ერთად, შემოვიდა თამამად, როგორც საკუთარ მამულში და სახლის წინ მდგარ ვაშლის ხეზე ნაყოფი მოწყვიტა.
რამდენიმე ოჯახი ერთად ვიყავით ხოლმე რომელიმე ჩვენგანის სახლში, ასე უფრო იმედიანად ვგრძნობდით თავს და იმ დღეს ჩვენი სახლის უკან ვისხედით. #დედა და რუსიკო დეიდა გავიდნენ მომხვდურთა შესახვედრად. წინა საღამოს რუსიკო დეიდას სახლში დაგვესხნენ თავს, მათი ოჯახის კაცებს და #მამაჩემს სცემეს, ჩვენ ვენახებში დავრბოდით, რომ გავეშებულ ბრბოს თვალი არ მოეკრა. ჰოდა ახლა #კაცები გარეთ არ გაუშვეს #ცოლებმა, იქნებ ქალებს მოერიდონო. ჩემი და, რუსიკო დეიდას შვილი ნატალია და მე ვიმალებით. კედლის კუთხიდან გავაპარე თვალი ორიოდეჯერ, ვკანკალებთ, უკვე არაერთი ამბავი გავიგეთ, რომ #ქალები და #არასრულწლოვანი გოგონები #გააუპატიურეს.
-კტო ზა დომამ? – მკაცრი ხმით იკითხა #რუსმა.
-დეტი, ნე ნადო იხ პუგატ, პოჟალუისტა, – უპასუხა რუსიკო დეიდამ.
არ გაჩერდა ეს, მოდის ჯიქურ და აქეთ ჩვენ ჩემი სიძე გაგვიხდა დასაბმელი. ვიცით, რომ გავიდეს, არ დაინდობენ.
ყოველთვის და ყველგან ვიტყვი, რომ არა რამდენიმე #აფხაზი #მეზობელი, რომლებმაც უამრავ ხიფათს აგვარიდეს, ის #ომი იმაზე დიდ #ტრავმას დაგვიტოვებდა, ვიდრე დატოვა.
-ჩტო ტუტ პროისხოდიტ, ბრატცი? – არასდროს ასე არ გამხარებია იმ ხმის გაგონება, იმ წამს რომ გამიხარდა. ის ხმა იყო იმედიც, ხსნაც და გადარჩენაც… მთელი იმ დროის განმავლობაში იყო, სანამ #რუსულქართული ომის შუაგულში ვიყავით!
-ეტა ნაშა სემია, ბრატცი, პოიდიომ, პოგოვარიმ, – და ამ დროს გამოვყავით თავი, მოგვკრა თვალი იმ #რუსმაოკუპანტმა და ავად გახედა დედასა და რუსიკოს.
-ჰმ, დეტი და? ხაროშიე დეტი! – ცინიკურად გამოცრა გვერდზე გაქცეული ტუჩის კუთხიდან, მოწყვიტა #ვაშლი და გაჰყვა დანარჩენებს, გადაშენდა ჩვენი ეზოდან.
აი რომ იხრჩობი, გგონია, მოკვდები, არაფერი გადაგარჩენს და უცებ ფილტვები ჰაერით გაგევსება (რამდენჯერმე დამემართა #სპაზმი, სხვისი მონაყოლით კი არ ვიცი). იმ წამს ჟანგბადი დამიბრუნდა – მივხვდი, რომ გადავრჩით! თუმცა იმთავითვე ვიცოდი, რომ მომავალში კიდევ არაერთი საფრთხის გადატანა მოგვიწევდა, მაგრამ არ მახსოვს, მჯეროდა, თუ – არა, რომ ყველა საფრთხეს გადავიტანდით.
იმ #აფხაზი ბიჭებიდან დღეს თითქმის აღარავინაა ცოცხალი. რამდენიმეზე გავიგე, #ქართველებს რომ ეხმარებოდნენ, ეგ არ აპატიეს და უცნაურ ვითარებაში დაიღუპნენო.
არავისთვის არ გვაქვს #ბოდიში მოსახდელი, არც არავის აქვს უფლება, თქვას, რომ #ომი საქართველომ დაიწყო. მე ვიცი, როგორც მზადდებოდა ეგ #ომი, რამდენი ხნით ადრე მზადდებოდა და როგორ თანმიმდევრულად მიჰყავდა რუსეთს მოვლენები 1992 წლის 14 აგვისტომდე!
ამიტომ ვერავინ ვერასდროს ამიკრძალავს, #რუსს #ოკუპანტი და ჯალათი ვუწოდო!
საერთაშიროსო alia.ge