თურქეთის დედაქალაქში გაიმართა ოპოზიციის მხარდამჭერთა მრავალათასიანი აქცია

2 weeks ago 7

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართა უმსხვილესი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ მხარდამჭერთა აქცია, რომლის მონაწილეებმა გააპროტესტეს პარტიისადმი ხელისუფლების რეპრესიები.

სააგენტო Reuters-ის კორესპონდენტის ცნობით, აქციის მონაწილეები თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის გადადგომას მოითხოვდნენ.

14 სექტემბერს გამართული მრავალათასიანი დემონსტრაცია წინ უძღოდა სასამართლოში დღეს, 15 სექტემბერს დანიშნულ სხდომას, რომელზეც განიხილება „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ 2023 წლის ნოემბრის ყრილობის შედეგების კანონიერება.

ამ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ოზგურ ოზელი აირჩიეს. თუ სასამართლო ყრილობის გადაწყვეტილებას უკანონოდ გამოაცხადებს, ოზელი შესაძლოა, თანამდებობას ჩამოაშორონ.

სასამართლომ 2 სექტემბერს უკვე მიიღო ერთი გადაწყვეტილება „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ სტამბოლის ორგანიზაციის ხელმძღვანელების თანამდებობებიდან ჩამოშორებისა და დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ, იმ მოტივით, რომ პარტიის მიერ ორი წლის წინ ჩატარებულ ყრილობაზე დარღვევები იყო.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სტამბოლში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

პარტიის ლიდერმა ოზგურ ოზელმა 14 სექტემბერს, ანკარაში მიტინგზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ბრალდებები კი - ცილისწამება და ყველაფერი, რაც ხდება მომავალი პრეზიდენტისა და მთავრობის წინააღმდეგ მიმართული გადატრიალებაა.

2025 წლის მარტში თურქეთის ხელისუფლებამ კორუფციის ბრალდებით დააპატიმრა სტამბოლის მერი, თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი ექრემ იმამოღლუ, რომელიც „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატია. მისმა დაკავებამ თურქეთში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია.

2024 წლის მარტში ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციურმა „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ მნიშვნელოვანი უპირატესობით დაამარცხა პრეზიდენტ ერდოანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“, მათ შორის პრაქტიკულად, ყველა დიდ ქალაქში.

ბოლო თვეებში თურქეთის ხელისუფლებამ სავარაუდო კორუფციის გამოძიების ფარგლებში დააკავა ოპოზიციური პარტიის 500-ზე მეტი წევრი.

სოციოლოგიური გამოკითხვებით „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ პოპულარობა მზარდია.

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2028 წელს უნდა ჩატარდეს.

სრულად წაკითხვა