„სტუდენტების, პედაგოგებისა და თანამშრომლების განცხადებების საფუძველზე, უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება არ გამოიყენოს სტუდენტების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა - სტატუსის შეწყვეტა“, - წერია განცხადებაში.
პროევროპულ აქციებში ჩართულ 10 სტუდენტს სტატუსი 10 მარტს შეუწყდათ. ერთი დღით ადრე, 9 მარტს კი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს უნივერსიტეტის შენობაში დაკავებული სივრცის გათავისუფლება მოსთხოვა - ადმინისტრაციამ ახალგაზრდებს შეატყობინა, რომ შენობაში დეზინფექცია იყო ჩასატარებელი.
უნივერსიტეტის ფოიეს მცირე ნაწილი და ერთი აუდიტორია, სტუდენტებმა გასული წლის 17 დეკემბერს, ქვეყანაში მიმდინარე პროევროპული აქციების პარალელურად დაიკავეს - მას შემდეგ, რაც პოლიციამ არაერთი ადამიანი, მათ შორის ამავე უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტები დააკავა სისხლის სამართლის წესით.
გუშინ, 12 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილი თქვა, რომ მზად იყო გადაეხედა ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებისთვის.
„მათ [სტუდენტებს] აქვთ სრული უფლება, რომ ეს გაასაჩივრონ - ან სასამართლოში ან მომმართონ მე, როგორც რექტორს და მოხდეს ამ გადაწყვეტილების გადახედვა იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება მათი პოზიცია...
თუ ჩვენ ამ ორ უმნიშვნელოვანეს საკითხზე შევთანხმდებით (არ დაზარალდეს სასწავლო პროცესი და პროტესტი გაგრძელდეს ასეთი ტიპის ჩარჩოში) დანარჩენზე შევთანხმდებით...“ - თქვა უნივერსიტეტის რექტორმა გუშინ პირველი არხის ეთერში.
100 დღეზე მეტია, გასული წლის 28 ნოემბრიდან, თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარეობს პროევროპული აქციები. პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა.
დემონსტრანტები მსვლელობებითა და პერფორმანსებით გამოხატავენ პროტესტს. ისინი ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და დაკავებულების (რომელთა რაოდენობაც 50-ს აღემატება) გათავისუფლებას. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ პროევროპული აქციების დროს დაკავებული ყველა მათგანი რეჟიმის ტყვეა.