თალიბებმა ავღანეთს ინტერნეტი გაუთიშეს

5 days ago 6

ავღანეთის მმართველმა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა თალიბანმა, რომელიც, მისი აზრით, ამორალურ მოვლენებს ებრძვის, ქვეყანას ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი გაუთიშა.

ინტერნეტის მონიტორინგის საერთაშორისო სამსახურის, NetBlocks-ის ინფორმაციით, თალიბებმა ინტერნეტი სრულად გათიშეს 29 სექტემბრიდან. რამდენიმე კვირით ადრე ინტერნეტი გამოურთეს ავღანეთის ზოგიერთ პროვინციას. შეფერხებულია მობილური ინტერნეტიც, სატელეფონო კავშირი და თანამგზავრული ტელევიზიის მაუწყებლობა.

თალიბანმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ინტერნეტის ალტერნატიულ არხებს შექმნის.

2021 წლიდან, ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ თალიბებმა დაიწყეს შარიათის ნორმების დანერგვა იმ სახით, როგორც ეს მათ ესმით. ბოლო ხანს მიღებული ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტებში აიკრძალა ქალების მიერ დაწერილი წიგნების შესწავლა.

  • განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილმა თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი პირველად 1996 წელს დაამყარა და ქვეყანა ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.
  • შეერთებულმა შტატებმა მოკავშირე სახელმწიფოებთან ერთად ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად, არაერთი ტერაქტის ორგანიზატორი თალიბანის რეჟიმი 2001 წელს დაამხო.
  • თალიბანი ავღანეთის ხელისუფლებაში 2021 წელს დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა დატოვეს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის სამხედრო ძალებმა.
სრულად წაკითხვა