ელ-ნინიო ბრუნდება – ყველაზე ძლიერი ბოლო 140 წლის მანძილზე

1 hour ago 1

მსოფლიოს წამყვანი მეტეოროლოგები გაფრთხილებას ავრცელებენ: წყნარ ოკეანეში დაწყებული ბუნებრივი კლიმატური ფენომენი ელ-ნინიო შესაძლოა ბოლო 140 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი იყოს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ უახლოეს თვეებში ის მნიშვნელოვნად შეცვლის კლიმატურ პირობებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში და გვალვების, წყალდიდობების, ექსტრემალური სიცხისა და სასურსათო კრიზისების რისკს გაზრდის.

აშშ-ის ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) ცნობით, 11 ივნისს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ელ-ნინიოს ფაზა უკვე დაწყებულია. სპეციალისტების შეფასებით, მისი გავლენა შესაძლოა მთელი პლანეტის მასშტაბით გავრცელდეს.

ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტის ატმოსფერული და გარემოსდაცვითი მეცნიერებების პროფესორის, პოლ რაუნდის თქმით, არსებობს რეალური ალბათობა, რომ მიმდინარე ელ-ნინიო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოვლენად იქცეს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა მოვლენას „გადაუდებელი კლიმატური გაფრთხილება“ უწოდა და აღნიშნა, რომ ელ-ნინიოს ეფექტი გლობალური დათბობის შედეგებს კიდევ უფრო გაამწვავებს.

რა არის ელ-ნინიო?

ელ-ნინიო ბუნებრივი კლიმატური ციკლია, რომელიც საშუალოდ ორიდან შვიდ წელიწადში ერთხელ ვითარდება. იგი დაკავშირებულია წყნარი ოკეანის ეკვატორულ ნაწილში ზღვის ზედაპირის ტემპერატურის ზრდასთან და ატმოსფერული პროცესების ცვლილებასთან.

ფენომენი მაშინ იწყება, როდესაც წყნარ ოკეანეში სუსტდება პასატები – მუდმივი ქარები, რომლებიც ტროპიკული სარტყლიდან ქრის ეკვატორის მიმართულებით. შედეგად, თბილი წყლის მასები აღმოსავლეთის მიმართულებით გადაადგილდება და ოკეანის უზარმაზარ ტერიტორიაზე გროვდება. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ერთი რეგიონის ფარგლებში ვითარდება, მისი გავლენა მთელ პლანეტაზე ვრცელდება.

გევინ შმიდტმა, რომელიც ნასას გოდარდის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტს ხელმძღვანელობს, ელ-ნინიოს „დომინოს პირველი წაქცეული ქვა“ უწოდა – პროცესი, რომელიც ატმოსფეროში ჯაჭვურ რეაქციებს იწვევს და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ამინდის პირობებს ცვლის.

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ელ-ნინოს ფენომენს

ელ-ნინიოს გავლენა რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. ზოგ ქვეყანაში იზრდება გვალვის, სხვაგან კი – ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობების რისკი.

ცენტრალური ამერიკის, აზიის, აფრიკისა და ავსტრალიის ნაწილებში ჩვეულებრივ უფრო ცხელი და მშრალი ამინდებია მოსალოდნელი. ეს კი წყლის რესურსების შემცირებას, სოფლის მეურნეობის დაზარალებასა და ენერგეტიკული სექტორის პრობლემებს იწვევს.

მაგალითად, ჰონდურასის ხელისუფლების შეფასებით, ქვეყნის დაახლოებით 75 მუნიციპალიტეტს მძიმე გვალვა ემუქრება, ხოლო დედაქალაქ ტეგუსიგალპაში უკვე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა წყალმომარაგების მიმართულებით.

ამავე დროს, სამხრეთ ამერიკის წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლის გარკვეულ მონაკვეთებზე ელ-ნინიო ძლიერ წვიმებსა და დამანგრეველ წყალდიდობებს იწვევს. მსგავსი მოვლენები ხშირად მილიარდობით დოლარის ეკონომიკურ ზარალს და სასოფლო-სამეურნეო წარმოების შემცირებას უკავშირდება.

2015-2016 წლების ელ-ნინიოს პერიოდში მოსავლიანობის შემცირების გამო მილიონობით ადამიანს ჰუმანიტარული სასურსათო დახმარება დასჭირდა.

იზრდება ტყის ხანძრების საფრთხეც

მეცნიერები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ტყის ხანძრების რისკზე. მათი შეფასებით, ელ-ნინიოს შედეგად გამოწვეული მაღალი ტემპერატურა და ხანგრძლივი გვალვები ხელს შეუწყობს ხანძრების გავრცელებას ავსტრალიაში, კანადაში, აშშ-სა და ამაზონის ტროპიკულ ტყეებში.

როგორ იმოქმედებს ქარიშხლებსა და ოკეანის ეკოსისტემებზე?

ატმოსფერული მოვლენების სპეციალისტის, ბრაიან ტანგის განმარტებით, ელ-ნინიო ატლანტის ოკეანეში ხშირად ტროპიკული ციკლონებისა და ქარიშხლების რაოდენობას ამცირებს, თუმცა ეს ყოველთვის არ ნიშნავს ნაკლებ საფრთხეს.

სპეციალისტების თქმით, თუ ქარიშხალი უკვე ჩამოყალიბდა, მის გაძლიერებას ნაკლები დაბრკოლება ხვდება, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ქარიშხლებმაც კი შესაძლოა კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს.

წყნარ ოკეანეში კი სურათი საპირისპიროა – ელ-ნინიო, როგორც წესი, ქარიშხლების რაოდენობასა და ინტენსივობას ზრდის.

გარდა ამისა, ოკეანის ტემპერატურის მატება საფრთხეს უქმნის მარჯნის რიფებს. თბილი წყალი მარჯნების გაუფერულებას იწვევს და უკვე დაზიანებული ეკოსისტემების დეგრადაციას აჩქარებს.

რა კავშირი აქვს გლობალურ დათბობას?

მეცნიერებიის განმარტებით, ჯერ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ელ-ნინიოს კლიმატის ცვლილება აძლიერებს, თუმცა თითქმის ყველა კვლევა მიუთითებს, რომ გლობალური დათბობა მის შედეგებს უფრო მძიმეს ხდის.

უფრო თბილი ატმოსფერო მეტ ტენს ინახავს, რაც ექსტრემალური ნალექებისა და წყალდიდობების ალბათობას ზრდის. ამავდროულად, მაღალი ტემპერატურა ნიადაგის გამოშრობას აჩქარებს და გვალვები უფრო ინტენსიური ხდება.

ექსპერტების შეფასებით, პლანეტის უკვე რეკორდულად მაღალი საშუალო ტემპერატურის ფონზე, ელ-ნინიომ შესაძლოა ახალი გლობალური ტემპერატურული რეკორდებიც დაამყაროს.

შესაძლებელია თუ არა რომ მომზადებული შევხვდეთ ცვლილებებს?

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ელ-ნინიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება მისი პროგნოზირებადობაა. ფენომენი ნელა ვითარდება და მეცნიერებს მისი დაფიქსირება რამდენიმე თვით ადრე შეუძლიათ.

ოკეანის ტემპერატურისა და ატმოსფერული პროცესების მუდმივი მონიტორინგი მთავრობებსა და ადგილობრივ ხელისუფლებებს საშუალებას აძლევს, წინასწარ დაგეგმონ წყალდიდობებისგან დაცვის ღონისძიებები, გააძლიერონ ადრეული გაფრთხილების სისტემები და შეიმუშაონ სასოფლო-სამეურნეო სექტორის მხარდაჭერის მექანიზმები.

NOAA-ს მეცნიერის, მაიკლ მაკფადენის თქმით, გრძელვადიანი პროგნოზები უკვე იძლევა იმის განსაზღვრის შესაძლებლობას, თუ სად იქნება მოსალოდნელი ჭარბი ნალექი და სად – გვალვა, რაც ქვეყნებს ყველაზე მძიმე შედეგების თავიდან აცილებაში ეხმარება.

ნინო ხოშტარია

სრულად წაკითხვა