WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე შეუერთდა პროკურატურასთან მიმდინარე შეკრებას, რომელსაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები მართავენ.

“ღმერთმა სამართალი გაპოვნინოთ. სულ მუდამ თქვენს გვერდით ვიქნები”, – უთხრა ეკა კუპატაძემ თეონა თამაზაშვილს, თამარ ბაჩალიაშვილის დედას.

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი, საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს.

„ყოველდღე ვივლი პროკურატურაში და მათ მოკლე მეხსიერებას შევახსენებ, რომ გამოსაძიებელია ჩემი შვილის საქმე. 6 წელია ჯოჯოხეთში ვცხოვრობ. შევიტანთ ახალ განცხადებას პროკურატურაში“,- განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, შემდეგ კი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანაა. ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას არ იზიარებს და გამოძიებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებს.