WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ერთ დღე-ღამეში რუსეთ-საქართველოს საზღვარი 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა, — იტყობინება რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახური 18 აგვისტოს საღამოს.

ფედერალურ საბაჟო სამსახურში (ФТС) განაცხადეს, რომ „მსგავსი დინამიკა“ უკვე რამდენიმე დღეა შეინიშნება. 15 და 16 აგვისტოს ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ყოველდღიურად 19 ათასზე მეტი ადამიანი გადიოდა.

„მიმდინარე მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლების ანალოგიური პერიოდების მონაცემებს“, — დასძინეს უწყებაში.

ტელეგრამ-არხი „Осторожно, новости“ წერს, რომ თვითმხილველთა თქმით, რუსეთის მხრიდან საზღვარზე დიდი საცობი წარმოიქმნა. მოქალაქეები ორ საათში მხოლოდ დაახლოებით 100 მეტრს გადიან.

ზემო ლარსი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ერთადერთი სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტია. 2022 წლის სექტემბრის ბოლოს ზემო ლარსი რუსეთში ყველაზე გადატვირთული სასაზღვრო გადასასვლელი გახდა, როდესაც გამოცხადებული მობილიზაციის გამო ათასობით რუსი ტოვებდა ქვეყანას. მაშინ გამშვებ პუნქტზე მრავალკილომეტრიანი საცობები წარმოიქმნა, სადაც ხალხი რამდენიმე დღის განმავლობაში იდგა.