თურქეთის პოლიციამ დააკავა სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ. ადგილობრივი მედია გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ გამოძიება, რომლის ფარგლებშიც მეგაპოლისის მერი და თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი დააკავეს, ეხება უკანონო ტენდერებს, თაღლითობას და მექრთამეობას.
ასევე, „ტერორისტებთან“, კერძოდ თურქეთში აკრძალულ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ პოლიტიკურ ფრთასთან თანამშრომლობას. თურქული მედიის ცნობითვე, სტამბოლის მერის გარდა ეჭვმიტანილია 100-ზე მეტი პირი.
54 წლის ექრემ იმამოღლუ სტამბოლის მერია 2019 წლიდან. წინა, 2024 წლის მარტში ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა ექრემ იმამოღლუმ ხმების 51%-ით დაამარცხა პრეზიდენტ ერდოანის „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ კანდიდატი მურათ ქურუმი.