გორის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, რა იცვლება ადგილობრივების ცხოვრებაში? (2022-2024 წლების ბიუჯეტის ანალიზი)

3 weeks ago 1

გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, საერთო ასიგნებების მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება და შესრულების პროცენტულ მაჩვენებლებში გარკვეული პროგრესი შეინიშნება, თუმცა დოკუმენტების დეტალური განხილვა აშკარას ხდის, რომ გეგმასა და რეალობას შორის მნიშვნელოვანი სხვაობებია. ამ ფაქტს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების 2022, 2023 და 2024 წლების ანგარიშები ადასტურებს, რომელთა შედარებითი ანალიზი რამდენიმე მკაფიო ტენდენციასა და საეჭვო გარემოებაზე მიუთითებს.

არათანმიმდევრული გეგმები, შესრულების დაბალი მაჩვენებელი იქ, სადაც ყველაზე მეტი საჭიროებაა, ზედმეტი თანხების მობილიზება ნაკლებად პრიორიტეტულ მიმართულებებზე და პროგრამები, რომლებიც თითქოს არსებობს, მაგრამ რეალურად ბევრს არაფერს ცვლის – ეს ის მთავარი საკითხებია, რაც NEO TV – ს ანალიტიკურმა ჯგუფმა გამოავლინა.

მაგალითად, ბოლო სამი წლის განმავლობაში გორის ბიუჯეტი გაიზარდა, თუმცა ვერცერთ შემთხვევაში გეგმის სრულად განხორციელება ვერ გახდა შესაძლებელი:

ადგილობრივი ბიუჯეტის ზრდა წესით წლიდან წლამდე მუნიციპალიტეტში ცხოვრების გაუმჯობესებას უნდა იწვევდეს (მეტი ფული, მეტი სარგებელი), თუმცა მოსახლეობის უმრავლესობა სასიკეთო ცვლილებებს საკუთარ ოჯახებში ვერ გრძნობს.

ყოველი წლის ბოლოს სხვადასხვა ანგარიშიდან მოქალაქეებს არწმუნებენ, ბიუჯეტის ეფექტურად განხორციელებაში, თუმცა 2023 წლის შემოსავლების მაჩვენებლებში შესრულების პროცენტს (102.8%) თუდავაკვირდებით, ვნახავთ, წარმოდგენილი რიცხვი არ შეესაბამებოდა მთლიან დაგეგმილ თანხას. ეს ფაქტი მიანიშნებს, რომ დიდი ნაწილი წინა წლის ნაშთიდან გადმოდის, მუნიციპალიტეტი ახალ შემოსავლებს ვერ ქმნის და დამოკიდებულია დარჩენილ თანხებზე. ეს ფაქტი მოწმობს, რომ ადგილი აქვს ციფრებით მანიპულაციას: ტექნიკურად ყველაფერი “შესრულებულია”, მაგრამ რეალურად, ეფექტი საეჭვოა.

ამ ტენდენციის კიდევ ერთი დამადასტურებელი მაგალითია სპორტული მოედნების თემა. 2022 წელს გორის მუნიციპალიტეტში 3 მოედნის მოწყობა იყო დაგეგმილი თუმცა განხორციელდა – 2. 2023 წელს დაგეგმილი 10 მოედნიდან მოეწყო – 3. 2024-ში, პირიქით, მხოლოდ 2 იყო გათვალისწინებული და გაკეთდა 11.

ეს ყველაფერი არა მარტო საეჭვო გარემოებებს წარმოშობს, არამედ არღვევს დაგეგმვის მთავარ პრინციპს – განსაზღვრო რეალისტური მიზნები და მიიღო გაზომვადი შედეგი. როცა პროგრამა ერთი წლის განმავლობაში 30%-ით სრულდება და მეორე წელს 550%-ით, ეს სერიოზულ სისტემურ გაუმართაობაზე მეტყველებს.

აღსანიშნავია ასევე გზების მოვლა-შენახვის პროგრამა. 2022 წელს დაგეგმილი 630 ათასი ლარიდან დაიხარჯა მხოლოდ 325.9 ათასი – შესრულების მაჩვენებელმა მხოლოდ 51.7% შეადგინა.

მომდევნო წელს ის თითქმის გაორმაგდა და შესრულებაც 99.2%-ს მიაღწია, მაგრამ უკვე 2024-ში შესრულება კვლავ დაეცა – 86.1%-მდე.

სპეციალისტების შეფასებით, ასეთი მერყეობა ტექნიკურთან ერთად მენეჯმენტის პრობლემაზეც მიანიშნებს. თუ გზების მოვლა ერთ რომელიმე წელს არ ხორციელდება, ეს არა მხოლოდ დისკომფორტია, არამედ დროთა განმავლობაში მდგომარეობის გაუარესებას იწვევს და მომავალში მუნიციპალიტეტს უფრო ძვირი დაჯდება.

ინფრასტრუქტურულ პროექტებს რომ ჩავუღრმავდეთ, არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლში 2022 წელს დაგეგმილი იყო 41.7 მილიონი ლარის პროექტები, შესრულდა მხოლოდ 31 მილიონის. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 25% ვერ განხორციელდა. თუმცა შემდეგ წელს შესრულება გაუმჯობესდა – 92.2%-მდე. მიუხედავად ამისა, 2024 წელს კვლავ შემცირდა 87.5%-მდე. ერთი შეხედვით თითქოს არაფერი საგანგაშო არ არის, მაგრამ როცა საქმე ინფრასტრუქტურას ეხება (გზებს, საბავშვო ბაღებს, წყალსადენებს) ასეთი არასტაბილურობა ნიშნავს, რომ გეგმები ჩაიშალა ან გადაიდო. პროექტების დაგვიანება კი მოქალაქეებს აზარალებს.

უფრო საგანგაშოა სიტუაცია სოციალური პროგრამების ნაწილში. ერთ-ერთი მათგანია ზრუნვის მიღმა დარჩენილი ახალგაზრდების დახმარება (ანუ ბავშვები, რომლებიც სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ იყვნენ და სრულწლოვანების შემდეგ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება უწევთ).

2022-2024 წლებში არცერთხელ მომხდარა პროგრამის მინიმუმ 50%-ით შესრულება, ბენეფიციართა რაოდენობის მიხედვით. მაგალითად, 2023 წელს დაგეგმილი იყო 28 ბენეფიციარის მხარდაჭერა, ხოლო დახმარება მიიღო მხოლოდ 4-მა, რაც 14%-ს უდრის. ამ ფაქტს მუნიციპალიტეტი “მომართვიანობის სიმცირით” ხსის. დოკუმენტალურად არსად არაა დადასტურებული როგორ ხდებოდა პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ამ და სხვა მიზეზების, მაგალითად, ზედმეტად რთულ ბიუროკრატიული პროცედურების გამო, რომელიც ახალგაზრდებმა უბრალოდ ვერ გადალახეს, მათთვის გათვალისწინებული თანხა არ დახარჯულა. ახალგაზრდები კი ვისაც ამ პროგრამით უნდა ესარგებლა, დახმარების გარეშე დარჩნენ.

მიუხედავად იმისა, რომ თანხები არსებობს, პროგრამები ქაღალდზეა და პოლიტიკოსები ხშირად საუბრობენ სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ, იგივე პრობლემას ვხედავთ სხვა მიზნობრივ ჯგუფთან, მაგალითად – ყოფილ პატიმრებთან. 2023 წელს დაგეგმილი იყო დახმარება 2 ბენეფიციარზე, შესრულება – 0%. რაც ნიშნავს პროგრამის სრულ ჩავარდნას. (თუნდაც მცირე მოცულობის იყოს პროგრამა, მისი ნულოვანი შესრულება ვერანაირად ვერ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად).

ხშირად ბიუჯეტში ჩნდება ტერმინები, რომლებიც ადამიანებისთვის ბუნდოვანია, მაგალითად, როგორიცაა “სხვა ხარჯები”. 2022 წელს ამ მუხლში გათვალისწინებული იყო 4.4 მილიონი ლარი და დაიხარჯა მხოლოდ 1.9 მილიონი ლარი. ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რატომ იყო ამ რაოდენობის თანხა ჩაწერილი, თუ არ აპირებდნენ ხარჯვას? გადადეს? გადაიფიქრეს? – მსგავს კითხვებზე მოქალაქეებს პასუხები არ მიუღია.

ფინანსური დოკუმენტები ადასტურებს, რომ ბიუჯეტის ყოველწლიურად ზრდა არაფერს ნიშნავს, თუ მისი შესრულება არ იქნება ეფექტური და თუ ის არ გამოიხატება კონკრეტულ ცვლილებებში მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესების კუთხით ადგილობრივ დონეზე.

მუნიციპალიტეტს აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა – არა მხოლოდ თანხების გათვლაზე, დოკუმენტის შედგენასა და პრიორიტეტების განსაზღვრაზე, არამედ იმაზე, რომ ყოველწლიურად ამ დოკუმენტებში გაწერილი თანხები მივიდეს ადამიანამდე და ფულის ხარჯვა აისახოს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

სრულად წაკითხვა