"მანჩესტერ სიტი“ სერიოზულად განიხილავს მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელი ვარსკვლავის, როდრიგოს ტრანსფერს და შესაძლოა, უახლოეს თვეებში მისი გაფორმების პროცესიც დაიწყოს. ინფორმაცია ფაბრიციო რომანოს მეშვეობით გავრცელდა.
"სიტი“ მზად არის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები შეიტანოს – გუნდს რამდენიმე მოთამაშე დატოვებს. ჯეკ გრილიში იჯარის წესით „ევერტონში“ გადადის, ახალგაზრდა ტალანტი ჯეიმს მაკატი თითქმის შეთანხმებულია "ნოტინგემ ფორესტთან“, ხოლო სავიო შესაძლოა „ტოტენჰემის“ ახალ ფეხბურთელად ვიხილოთ.
პეპ გვარდიოლა, როგორც ირკვევა, როდრიგოს დიდი ხანია აკვირდება და მისი პროფესიონალიზმისა და ტექნიკური უნარების დიდი თაყვანისმცემელია. კატალონიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ბრაზილიელი შემტევი შეუძლია „სიტის“ შეტევითი ხაზი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და მძლავრი გახადოს.
„რეალის“ პოზიცია მკაფიოა – კლუბი მზად იქნება როდრიგოს გაშვებაზე იფიქროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი თავად მოისურვებს წასვლას. მადრიდული გრანდი მის სანაცვლოდ დაახლოებით 100 მილიონ ევროს ითხოვს, რაც „სიტისთვის“ სავარაუდოდ გადაულახავ ბარიერად არ იქცევა.
გასულ სეზონში როდრიგომ ლა ლიგაში 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა. მიუხედავად სტატისტიკურად შედარებით მოკრძალებული მაჩვენებლებისა, ბრაზილიელი მაინც რჩება ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და მრისხანე ფლანგის შემტევად ევროპულ ფეხბურთში.