განზრახ მკვლელობის მცდელობა - პირს, რომელმაც ყოფილ მეუღლეს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, ბრალი წარუდგინეს

1 week ago 4

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პირს, რომელმაც 25 სექტემბერს კასპში ყოფილ მეუღლეს დანით გულ-მკერდის და კისრის არეში ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, ბრალი წარედგინა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე.

უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 სექტემბერს, კასპში, ბრალდებულმა დანით გულ-მკერდის და კისრის არეში ჭრილობები მიაყენა ყოფილ მეუღლეს, რის შემდეგ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაზარალებული მძიმე ხარისხის დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცავებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სრულად წაკითხვა