“4 ოქტომბერს ცარიელი საარჩევნო უბნების პარალელურად, თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი სავსე იყო თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანებით. უწყვეტი პროტესტის 311-ე დღეს თბილისში 100 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა მთავარი სათქმელით - ბრძოლა ბოლომდე!”, - წერია პოლიტიკური გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტექსტის თანახმად, “რუსულ სპეცოპერაციას” უარი უთხრა პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობამ, საერთაშორისო საზოგადოებამ და ქართველმა ხალხმა და “რუსული რეჟიმის ყალბი მონაცემითაც კი, მხოლოდ დედაქალაქში, 2024 წლის არჩევნებთან შედარებით, გამოცხადება 300.000-ით ნაკლებია. რუსული ფარსი არ შედგა!”
ამჟამად საპატიმროშია 4 ლიდერი პოლიტიკური გაერთიანებისა “კოალიცია ცვლილებისთვის”: ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია. პირველი სამი - “ქართული ოცნების” დროებითი საგამოძიებო კომისიის [“წულუკიანის კომისიის”] სხდომაზე არმისვლისთვის დააკავეს, ხოლო ელენე ხოშტარია - კახა კალაძის ბანერზე გაკეთებული წარწერისთვის. მან უარი განაცხადა გირაოს თანხის გადახდაზე.
“ჩვენ არ გამოგვიცხადებია ბოლო ბრძოლა, ჩვენ გამოვაცხადეთ ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე! ყოველ დღე ბიძინა ივანიშვილის დამარცხებამდე ვიდგებით იქ, სადაც ვიდექით გასული 311 დღე. დღესაც, ტრადიციულ დროს, შევხვდებით ტრადიციულ ადგილზე, რუსთაველზე”, - წერია პოლიტიკური გაერთიანების განცხადებაში.
“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 5 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამანქანო გზა “ექსტრემისტული დაჯგუფებების” აქტიურობით იკეტებოდა, "გასული ერთი წლის განმავლობაში".
"რა თქმა უნდა, ეს არასწორია - არ შეიძლება, რომ 110-მა კაცმა მილიონ ასიათას კაცს გადაუკეტოს ქუჩა", - ამბობს კობახიძე. "ექსტრემისტული დაჯგუფებების" მიზანი, მისი განმარტებით, იყო "სახელმწიფოს დაზიანება, ქვეყნის დაზიანება, ეკონომიკის დაზიანება".
“საქართველოში დესტაბილიზაციის, კრიზისისა და ძალადობის ერთადერთი წყაროა ივანიშვილი და მისი მჩაგვრელი სისტემა. ამის გამო, დღეს ქვეყანაში ახალი პოლიტიკური პატიმრები გვყავს”, - აცხადებს “კოალიცია ცვლილებისთვის”.
4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, მოძრაობამ "რუსთაველის" გამზირი დაგეგმა "სახალხო კრება", რომლის მიზანსაც - "მშვიდობიანი რევოლუცია", "მშვიდობიანი დამხობა" წარმოადგენდა. ეს ღონისძიება ხალხმრავალი იყო.
მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, ხოლო საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლის, მურთაზ ზოდელავას გამოსვლის შემდეგ, ნაწილმა, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ გადაინაცვლა და რამდენიმე ადამიანმა ეზოს ჯებირიც გაარღვია. ორგანიზატორები დააკავეს, მათ შორის - ოპერის მომღერალი, პაატა ბურჭულაძე.
"ქართული ოცნების" შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ მედიასთან საუბრისას მიანიშნა, რომ დაკავებულთა რიცხვი გაიზრდება. უწყების განცხადებით, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
"კოალიცია ცვლილებისთვის" არ მონაწილეობდა 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში და არც "მშვიდობიანი დამხობის" ორგანიზატორთა შორის იყო.