დღეს დილით, 05:00 საათზე ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე რიგით მეორე შეხვედრა გამართა და ყველასთვის მოულოდნელად ბოტაფოგოსთან დამარცხდა, - 0:1.
ცხადია, ტერიტორიულ უპირატესობას ლუის ენრიკეს გუნდი ფლობდა და მომენტებითაც მეტჯერ თავი სწორედ ფრანგულმა კლუბმა გამოიჩინა, თუმცა 3 ქულა მაინც ბრაზილიელებს დარჩათ, რომლებმაც მატჩის ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევით გაიტანეს და ჯგუფში ორი მოგებით პირველ ადგილზე გადაინაცვლეს.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მან თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მინდორი არც დაუტოვებია. ქართველ ფეხბურთელს გოლის გატანის არაერთი მცდელობა ჰქონდა, თუმცა ყველა შემთხვევაში ან მცველები ეღობებოდნენ, ან თავად აცილებდა ბურთს კარის ჩარჩოს.
საბოლოო ჯამში კვარას 6.8 სარეიტინგო ქულა დაუწერეს, შეხვედრის საუკეთესო კი ბოტაფოგოს ცენტრალური მცველი, ალექსანდერ ბარბოსა გახდა, რომელმაც 7.7 ქულა მიიღო.