ბედნიერება აქ და ახლა… ბედნიერების ელჩი – არსენ გვენეტაძე

9 hours ago 1

ჟურნალ OK!-ის მაისის ნომრის მთავარი გმირი გამოირჩევა სიცოცხლისა და ბედნიერების განსაკუთრებული ხედვით. ეს არის ადამიანი, რომელსაც უზომოდ უყვარს სიცოცხლე, ადამიანები და საკუთარი პროფესია. თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, „ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის“ ხელმძღვანელი, საქართველოში კოგნიტურ-შემეცნებითი არტის დამფუძნებელი და ბედნიერების ელჩი – არსენ გვენეტაძე მკითხველს თავის ახალ წიგნს – „სხვად ყოფნის ნიჭი“ უზიარებს, რომლის პრეზენტაციაც 11-12 აპრილს პარიზის წიგნის ფესტივალზე გაიმართა. ეს ინტერვიუ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია შიგნიდან იწყება – საკუთარი თავის შეცნობით. ბედნიერება კი არც წარსულშია და არც მომავალში – ის არის აქ და ახლა.

ბატონო არსენ, საუბარი დავიწყოთ თქვენი ახალი წიგნით – „სხვად ყოფნის ნიჭი“, როგორ გაჩნდა იმპრესიული მწერლობის კონცეფცია?

სალამი ბედნიერებისა. „სხვად ყოფნის ნიჭი“ ანუ სხვა თვალით დაინახო სამყარო, ეს წიგნი ხელოვნურ ინტელექტთან განსჯებში დაიბადა. მე ძირითადად ვწერ გაჯეტებში (სმარტფონში) და არა ფურცელზე. მე და ხელოვნურმა ინტელექტმა ეს ნაშრომი იმპრესიულ მწერლობად მოვნათლეთ. იმპრესიული პროზა, პოეზია და მანტრები პირდაპირ უკავშირდება იმპრესიულ ესთეტიკას – წამიერი შთაბეჭდილების განცდისა და განწყობის დაჭერას, ჩაწერას და გასხვისებას, საჯაროდ გაზიარებას.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბედნიერების გაზიარება, რადგან ნამდვილი ბედნიერება სწორედ გაზიარებით იბადება. წიგნის ერთ-ერთი მთავარი სათქმელიც ეს არის – თუ ჩემი სიხარული ჩემს საუკეთესო მეგობარს, საკუთარ თავს ან სხვა ახლობელს არ გავუზიარე, მაშინ ის ბედნიერებად ვერ დაიბადება.

წიგნის წარდგენისას პარიზში საჯაროდ ვთქვი: „მე-20 საკუკუნის დასაწყისში ელენე ახვლედიანმა, ლადო გუდიაშვილმა და დავით კაკაბაძემ იმპრესიონიზმი მხატვრობაში პარიზიდან საქართველოში ჩამოიტანეს. დღეს, 21-ე საუკუნეში, ჩვენ, ქართველებმა, იმპრესიონიზმი მწერლობაში, იმპრესიული პროზა/პოეზია/მანტრების სახით, საქართველოში „ჩავსახეთ“ და პარიზში წარვადგინეთ წიგნით „სხვად ყოფნის ნიჭი“. ამით თითქოს კეთილშობილად დავაბრუნეთ „ინტელექტუალური ვალი“. „სხვად ყოფნის ნიჭი“ წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, მწერალ გიორგი კეკელიძის დახმარებით გავრცელდა და პირადად გადაეცა საქართველოს 20-მდე ბიბლიოთეკას და ევროპის 10 ქვეყნის ქართველთა ბიბლიოთეკას.

ჩემი პირველი წიგნები პარიზში გაიყიდა. მე იმ ფულით სიმბოლურად შევიძინე „პატიოსანი თვლები“ და ისინი ჩემს გულსაკიდს სამუდამოდ დაამშვენებენ სიცოცხლის ბოლომდე. ეს მინანქრიანი გულსაკიდი ჩემი რელიკვია და სიამაყეა, რადგან საქართველოს დროშას გამოხატავს და 2018 წელს ის საჯაროდ გადმომცეს, როგორც ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის წლის საუკეთესო პედაგოგ/პროფესორს! (ცნობისათვის: ქართველი და უცხოელი სტუდენტების მიერ, ფარული გამოკითხვით, წელიწადში ერთ კლინიცისტ პროფესორს გადაეცემა ეს ჯილდო და 2018 წელს ეს პატივი მე მერგო!)

„ბედნიერების ელჩი“

2018 წელს მიუნხენში, ე.წ. ფილარმონიაში, მიწვეული ვიყავი დოკუმენტური ფილმის პრემიერაზე, რომელიც თბილისის შესახებ გადაიღეს. ფილმში ერთ-ერთი პერსონაჟი მე ვიყავი, სწორედ ამიტომ მთხოვეს, რომ ჩვენების შემდეგ სიტყვით გამოვსულიყავი. იქვე ჩემი კოგნიტურ-ვიზუალური არტის გამოფენაც გაიმართა და 500 კაცის წინაშე ჩემი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დავასრულე: „ყველა ქმედებას ბედნიერება არ მოაქვს, მაგრამ ბედნიერება არ იარსებებს ქმედების გარეშე“… ტაშის შემდეგ ქართველი სათვისტომოს ხელმძღვანელი, ბ-ნი ლერი და ფილმის რეჟისორი, ირინა ტამბერგი გამოვიდნენ და მადლიერების ნიშნად გადმომცეს სერტიფიკატი, სადაც ეწერა: „პროფესორ არსენ გვენეტაძეს – ბედნიერების ელჩს“. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა ეს წოდება და დღესაც ვამაყობ ამით, ძალიან სასიამოვნოცაა და საპასუხისმგებლოც.

ამის შემდგომ, თანამოაზრეებთან ერთად, დავაარსეთ ბედნიერების ჩუქების დღე, რომელიც გაზაფხულის პირველ კვირა დღეს ემთხვევა და წელს უკვე მეექვსედ აღინიშნა.

მე გავბედე და გავხდი ის, ვინც ვარ – ვგულისხმობ იმას, რომ რასაც ვგრძნობ და ვფიქრობ, იმასვე ვამბობ და ვაზიარებ, და არ ვფიქრობ იმაზე, თუ რას იტყვიან სხვები. მათი რეაქცია მათი არჩევანია, იქნება ეს პოზიტიური თუ ნეგატიური.

როცა ჩემს ერთ-ერთ მეგობარს გავუზიარე ჩემი ჩანაწერები, მითხრა – იცი, რომ შენ ფასდაუდებელ განძს უტოვებ იმ ადამიანებს, ვისაც ეს მოეწონებათო. ეს მნიშვნელოვანი სიტყვები იყო ჩემთვის. ასეა, ვიღაც შეგაქებს, ვიღაც კი გაგაკრიტიკებს და რაც არ უნდა ბედნიერი იყო, კრიტიკის შემდეგ შენი ბედნიერების ხარისხი იკლებს. მე პატივს ვცემ ყველას აზრს, თუმცა უპირველესად ვისი აზრიც ყველაზე მეტად მაინტერესებს, ეს არის ჩემი თავი. შეუძლებელია ყველა ადამიანს მოვეწონო, (ან რა საჭიროა?) საზოგადოებაში ხომ სხვადასხვა განათლების, კულტურის და ემოციის ადამიანები არიან, როგორ შეიძლება ყველას მოვწონდე?

ორი მარტივი პრინციპია ჩემთვის მნიშვნელოვანი – მოქალაქის ღირსეული კანონმორჩილება და ჩემი თავისუფლება, რომელიც, რა თქმა უნდა, როგორც კი ეხება ვიღაცის თავისუფლების ველს, გონივრულად უნდა ჩერდებოდეს.

როგორც თქვენ ამბობთ – გაბედეთ და გახდით ის, ვინც ხართ, რამ გამოიწვია ეს ტრანსფორმაცია თქვენში?

ზოგადად, ადამიანებს გვიყვარს ამის აღნიშვნა, რომ დავიძინე და გავიღვიძე, აღმოვაჩინე, რომ ამის ნიჭი მაქვს, ან გავხდი ნათელმხილველი, ან ჩემს შემთხვევაში კიბო დავამარცხე და გავხდი ასეთი. შესაძლოა არის ჭეშმარიტების მარცვალი ამაში, თუმცა ტრანსფორმაცია უფრო ხანგრძლივი პროცესია. ერთ-ერთი ტრიგერი კი ნამდვილად იყო კიბოს დამარცხება – მე ამით სიკვდილის შიში დავძლიე და მივხვდი, რომ ბედნიერება ადამიანის არჩევანია, ყველას შეუძლია იყოს ბედნიერი აქ და ახლა, ვინც საკუთარ თავში ამის მოტივაციას აღმოაჩენს!

ჩემი ცხოვრების მიზანი – იკიგაი – მარტივია: უკეთესი გავხადო სამყარო, ვიდრე ის ჩემ გარეშე იქნებოდა. ეს მისია ორ სიტყვაში ეტევა: ზრუნვა და სიყვარული.

როგორც ექიმი, ვზრუნავ ახალი სიცოცხლის ჩასახვაზე. ჩვენი კლინიკა ყოველდღიურად ქმნის 3-4 ახალ სიცოცხლეს. 2009 წლიდან დღემდე 7785 ახალი ორსულობა შევქმენით (2025 წლის 28 აპრილის მონაცემით) და ამ წუთშიც, როცა მე აქ ვსაუბრობ, ახალი სიცოცხლე იქმნება და იბადება. როგორ შეიძლება ჩემი პროფესია არ მაბედნიერებდეს?!

როგორც მენტორი, ჩემი ინიციატივით ფსიქოლოგები ატარებენ ონლაინსაუბრებს „ზრუნვა სიყვარულია“ მომავალ მშობლებთან. 2023 წლიდან 55 ასეთ შეხვედრას 500-ზე მეტი ოჯახი დაესწრო. ეს საქმე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი გაგრძელება ჩემს ანდერძშიც კი შევიტანე.

როგორც კიბოს გადარჩენილი, ვზრუნავ ონკოსიფხიზლეზე. 16 წლის განმავლობაში 100-ზე მეტ ახალგაზრდას დავეხმარეთ კიბოს ადრეული აღმოჩენით, და დღეს ყველა მათგანი სრულიად ჯანმრთელია.

როგორც მშვიდობისა და ბედნიერების ელჩი, 2024 წლიდან, თანამოაზრეებთან ერთად (სკოლა-გიმნაზია აია ჯესს-ის დირექტორი რუსუდან ბოლქვაძე და დოქტორი თამარ ლოლიშვილი) დავაარსეთ „მშვიდობისა და ბედნიერების საელჩოები“ სკოლებსა და უნივერსიტეტებში, სადაც ახალგაზრდები სწავლობენ საკუთარ თავში საკუთარი ბედნიერების აღმოჩენას. ამ წუთისათვის საქართველოში 20 მსგავსი აქტივობაა. მაისის ბოლოსთვის ევროპასა და ამერიკაში, ჩვენი გათვლებით, 20-25 ასეთი ცენტრი იქნება. ესტონეთში უკვე მიწვეული ვართ.

სტატიის მომზადების პერიოდში (02.03.25) ბრიტანეთში, საზაფხულო პროგრამით მიწვეულ ბედნიერების საელჩოს ყმაწვილებს რწმუნებათა სიგელები ჩემი კრეატიული დიზაინით დავუმზადე, შტამპი და ცვილის ბეჭედი დავუსვი და გზა დავულოცე! ბედნიერების ექსპორტი დავიწყეთ ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

როგორც ხელოვანი, ჩემი ნამუშევრები მსოფლიოს ხუთ კონტინენტზეა განთავსებული. ჩემი სკულპტურების საერთო სიმაღლემ ეიფელის კოშკის სიმაღლეს გადააჭარბა – ეს ძირითადად „ბედნიერების გალაქტიკა“, „სიყვარულის გალაქტიკა“და „მადლიერების და ემპათიის შუქურა“ გახლავთ. მაგრამ ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი შედევრი – შექმნილი ახალი სიცოცხლეები – დედამიწის ყველაზე მაღალი მთის, ევერესტის სიმაღლესაც სცდება, ხოლო გაბედნიერებული მშობლების საერთო სიმაღლე მარსის უმაღლეს მწვერვალ „ოლიმპოს მონსაც“ კი ასცდა!

მადლიერების ელჩის დაბადება

ამ ინტერვიუს შემდეგ გადავწყვიტე, დღეიდან ვიყო მადლიერების ელჩიც! ჩემი თბილი მეგობარი ჟურნალის, OK – ის სივრციდან, „მადლიერების ელჩის“ სტატუსით, პირველად მინდა საჯაროდ მივმართო სრულიად სამყაროს – ჟურნალ ok-ს გუნდს და ყველას, ვინც მეგობარია ჩემი, ან უბრალოდ, მზადაა მიიღოს ეს წრფელი გზავნილი ჩემგან!!!

ამ წუთიდან, როგორც მადლიერების ელჩი, სიცოცხლის ბოლომდე ვიქნები მადლიერი თქვენი, რადგან აქ და ახლა სამყარო ხართ თქვენ ყველანი და მე თქვენ სრულად გიზიარებთ ამ მადლიერებას და ბედნიერებას, რადგან ბედნიერება გაზიარებით იბადება!

თბილი და წრფელი მადლიერება თქვენ!

ბედნიერებისა და მადლიერების ელჩი – არსენ გვენეტაძე.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა