02.05.2026
აშშ-ის სენატში დარეგისტრირდა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მსოფლიოში პრესის თავისუფლების მიმართ არსებულ საფრთხეებს მიემართება და რომელშიც მზია ამაღლობელიცა ნახსენები.
რეზოლუცია ოთხ ნაწილად იყოფა:
პრესის თავისუფლების მნიშვნელობა – ტექსტი იწყება იმის ხაზგასმით, რომ დამოუკიდებელი მედია არ არის მხოლოდ დემოკრატიის ნაწილი, არამედ ის არის მთავარი იარაღი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ.
სტატისტიკა – ეყრდნობა რა საერთაშორისო ორგანიზაციების (Freedom House, Reporters Without Borders, CPJ) მონაცემებს, რეზოლუცია აცხადებს, რომ პრესისა და ინტერნეტის თავისუფლება მსოფლიოში ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო ქვეყნების ნახევარზე მეტში მედიისთვის “რთული ან სერიოზული” მდგომარეობაა.
კონკრეტული ჟურნალისტები – დოკუმენტი არ საუბრობს მხოლოდ მშრალი რიცხვებით. მასში კონკრეტულად არიან ჩამოთვლილნი მოკლული, გატაცებული და დაპატიმრებული ჟურნალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან. აქცენტი კეთდება ღაზასა და უკრაინის ომებზე, სადაც ჟურნალისტთა სიკვდილიანობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების სიაში ნახსენებია საქართველოც (მზია ამაღლობელი) ჩინეთის, რუსეთის, კუბის და სხვა ავტორიტარული ქვეყნების გვერდით..
მოთხოვნები და მოწოდებები – სენატი მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს, გამოიყენონ თავიანთი ძალაუფლება დამნაშავეების დასასჯელად, უკანონოდ დაკავებულების გასათავისუფლებლად და პრესის თავისუფლების დასაცავად გლობალურ დონეზე.
მოცემული რეზოლუცია (S. Res. 715) ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის. ამჟამინდელი სტატუსით ის მხოლოდ ინიციირებულია სენატში და შემდგომი განხილვისთვის გადაცემულია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. იმისათვის, რომ ის ოფიციალურად მიღებულად ჩაითვალოს, ჯერ კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს, ხოლო შემდეგ სენატის სრულმა შემადგენლობამ უნდა უყაროს კენჭი.
მისი თანასპონსორები არიან:
- პიტერ უელჩი — დემოკრატი, ვერმონტის შტატი (VT)
- ჯეფ მერკლი — დემოკრატი, ორეგონის შტატი (OR)
- რონ უაიდენი — დემოკრატი, ორეგონის შტატი (OR)
- ტიმ კეინი — დემოკრატი, ვირჯინიის შტატი (VA)
- კრის ვან ჰოლენი — დემოკრატი, მერილენდის შტატი (MD)
- ადამ შიფი — დემოკრატი, კალიფორნიის შტატი (CA)
- კრისტოფერ კუნსი — დემოკრატი, დელავერის შტატი (DE)
- მაიკლ ბენეტი — დემოკრატი, კოლორადოს შტატი (CO)
ვინ არიან ეს სენატორები?
ბრაიან შაცი — რეზოლუციის მთავარი სპონსორი. ის სენატში დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობის გუნდის წევრია. კონკრეტულად, იკავებს ფრაქციის მდივნის მოადგილის და მთავარი პარტიული ორგანიზატორის მოადგილის პოზიციებს.
რონ უაიდენი — ის სენატის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და მნიშვნელოვანი ფინანსთა კომიტეტის წამყვანი წევრია დემოკრატების მხრიდან. წინა მოწვევის კონგრესში, როცა დემოკრატებს სენატში უმრავლესობა ჰქონდათ, ის ამ კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
ტიმ კეინი — ამჟამად ფორმალურ ხელმძღვანელ თანამდებობაზე არ არის, მაგრამ პარტიაში ძალიან დიდი წონა აქვს — ის იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან 2016 წლის არჩევნებში (ჰილარი კლინტონთან ერთად). გარდა ამისა, წამყვან როლს ასრულებს შეიარაღებული ძალებისა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტებში.
ადამ შიფი — იგი სენატში ახალი არჩეულია, 2025 წლიდან, თუმცა მანამდე წლების განმავლობაში იყო წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის გავლენიანი თავმჯდომარე. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა დემოკრატიულ პარტიაში (მათ შორის, დონალდ ტრამპის პირველი იმპიჩმენტის პროცესის მთავარი მენეჯერი).

2 days ago
3






English (US) ·
Georgian (GE) ·