აშშ 25%-იან გადასახადს დაუწესებს ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებს და სხვა საქონელს. ამის შესახებ 26 თებერვალს ჟურნალისტებს განუცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულია და ოფიციალურად მალე გამოაცხადებენ.
პრეზიდენტი ტრამპი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი აშშ-ის საზიანოდ შეიქმნა. პასუხად ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ევროკავშირი მსოფლიოში უდიდესი თავისუფალი ბაზარია, რომელიც სასიკეთოდ წაადგა აშშ-საც.
ევროკომისიის თანახმად, თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობისთვის უსაფუძვლო ბარიერების შექმნას მტკიცედ და დაუყოვნებლივ უპასუხებენ. ევროკომისიის პოზიციაა, რომ საჭიროა, არა ერთმანეთის წინააღმდეგ მუშაობა, არამედ ერთად მოქმედება ხალხისა და საწარმოებისთვის შესაძლებლობების შესანარჩუნებლად.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში არ გამორიცხა, რომ მალე საბაჟო გადასახადს დაუწესებენ ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელს. ტრამპის განცხადებით, ევროკავშირთან მიმართებით სავაჭრო დეფიციტმა 300 მილიარდ დოლარს მიაღწია, რადგან, მაშინ როცა აშშ ევროკავშირისგან ყველაფერს ყიდულობს, ისინი არ ყიდულობენ თითქმის არაფერს, მათ შორის არც ამერიკულ ავტომანქანებს და არც სოფლის მეურნეობის პროდუქციას.
პრეზიდენტ ტრამპის ამ განცხადებიდან მალევე ავტომობილების ევროპელმა მწარმოებლებმა ევროკავშირს მოუწოდეს საბაჟო ტარიფების გათანაბრებისკენ. ევროკავშირში აშშ-დან იმპორტირებულ ავტომობილებზე 10%-იანი საბაჟო გადასახადი მოქმედებს, მაშინ, როცა აშშ ევროპულ ავტომანქანებს 2,5%-ით ბეგრავს.