აქციის მონაწილეთა დახმარების გამო პროკურატურის მოთხოვნით 5 ორგანიზაციის ანგარიშები დაყადაღდა

1 month ago 35

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ხუთი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები და მასზე არსებული თანხა მათი მოთხოვნის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 17 მარტს დააყადაღა.

საგამოძიებო უწყება მათ აქციის მონაწილეთა დახმარებას ედავება, რაც კვალიფიცირებული აქვთ, როგორც „კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისება“.

„ე.წ. ფონდები შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას და ამით გარდა, ძალადობრივი ქმედების დაფინანსებისა, ქმნიან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით უკანონო ქმედებებში პირთა ჩართვის წამახალისებელ საფუძვლებს“, - წერია პროკურატურის განცხადებაში.

მათი მოთხოვნით დაყადაღდა შემდეგი ორგანიზაიცების ანგარიშები:

  • საქველმოქმედო ფონდი „ნანუკას ფონდი“;
  • საქველმოქმედო ფონდი „ფროსფერითი“;
  • საქველმოქმედო ფონდი „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“;
  • არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილია“;
  • არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“.

პროკურატურა წერს, რომ ამ ორგანიზაციიდან გადარიცხული თანხების დანიშნულებაში მითითებული იყო: „აქციის საჭირო აღჭურვილობისთვის“, „რაც საჭიროა ბრძოლისთვის“, „აქციებისთვის ინვენტარის შეძენა“, „პიროტექნიკის შესაძენად“, „აირწინაღის შეძენა წინახაზის ბავშვებისთვის“ და სხვა.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა