აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსკოვთან ურთიერთობების საკითხზე განმარტებების გაკეთება მოუწიათ მას შემდეგ, რაც დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა კან კვარჩიამ საჯარო განცხადებებით რუსეთის მისამართით კრიტიკული პოზიციები დააფიქსირა.
რუსულ და აფხაზურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კვარჩიამ საკუთარ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „რუსეთი თავად აქცევს საკუთარ მეგობრებს მტრებად“. მისივე თქმით, აფხაზეთმა საკუთარი განვითარება მხოლოდ მოსკოვთან ურთიერთობებზე არ უნდა ააგოს და ქვეყანას „რუსული ეკონომიკური მოდელი“ არ სჭირდება.
კვარჩიას გამოსვლას მალევე მოჰყვა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების რეაქცია.
დე ფაქტო ხელისუფლების წევრების განმარტებით, მსგავსი განცხადებები ეწინააღმდეგება აფხაზეთისა და რუსეთის შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატს და მკვეთრად განსხვავდება იმ ოფიციალური ხაზისგან, რომელსაც სოხუმი წლების განმავლობაში ატარებდა.
დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ, სააგენტო „აფსნიპრესთან“ საუბარში განაცხადა, რომ კვარჩიას გამოსვლა მისი პირადი პოზიციაა და “აფხაზეთის პარლამენტი ეჭვქვეშ არ აყენებს რუსეთთან ურთიერთობების მნიშვნელობას”.
“ჩვენ კვლავაც ვაპირებთ ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით“, – თქვა მან.
ამავე თემაზე განცხადება გაავრცელა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ, რომელმაც განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე.
„აფხაზურ-რუსული ურთიერთობები იყო და რჩება უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სუვერენიტეტის განმტკიცებისა და აფხაზეთის შემდგომი განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად“.
მისი შეფასებით, მოკავშირეობა და სტრატეგიული პარტნიორობა ხელს უწყობს აფხაზეთის “თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, საერთაშორისო პოზიციების გამყარებას, ეკონომიკის, სოციალური სფეროს, განათლებისა და ეროვნული კულტურის განვითარებას”.
გუნბამ განსაკუთრებულად გამოყო რუსეთის გადაწყვეტილება, რომელმაც 2008 წლის 26 აგვისტოს აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
„აფხაზი ხალხი არასოდეს დაივიწყებს ამ ისტორიულ და ბედისწერის განმსაზღვრელ ნაბიჯს, რომელიც რუსეთმა უზარმაზარი საგარეო ზეწოლის მიუხედავად გადადგა, ასევე იმ მხარდაჭერას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მრავალი წლის განმავლობაში იღებს“, – განაცხადა მან.
დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მხარდაჭერა ყოველთვის „პატივისცემასა და შემოქმედებით თანამშრომლობაზე“ იყო დაფუძნებული.
გუნბას თქმით, აფხაზეთი მომავალშიც გააგრძელებს პოლიტიკას, რომელიც რუსეთთან მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობების განმტკიცებისკენ იქნება მიმართული.
კან კვარჩიას სახელი ბოლო თვეებში განსაკუთრებით გახმაურდა მას შემდეგ, რაც რუსეთის სასამართლომ მას დაუსწრებლად 10 წლითა და 6 თვით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება სოჭის ცენტრალურმა რაიონულმა სასამართლომ მიიღო და ის 2025 წლის ნოემბერში სოხუმში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.
რუსული გამოძიების ვერსიით, კვარჩიამ და სხვა პირებმა სამი რუსეთის მოქალაქის წინააღმდეგ ძალადობა გამოიყენეს, იარაღად გამოყენებადი საგნებით დაემუქრნენ და ფული და პირადი ნივთები გაიტაცეს. საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყაჩაღობის მუხლით დაკვალიფიცირდა. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა დაზარალებულთა სამოქალაქო სარჩელები და მათ სასარგებლოდ 1,78 მილიონი რუბლის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
თავად კვარჩია და მისი მხარდამჭერები ბრალდებებს უარყოფენ. მათი მტკიცებით, საუბარი არ ყოფილა ყაჩაღურ თავდასხმაზე და საქმე უკავშირდება 2025 წლის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების წინ სოხუმში მყოფ რუს პოლიტტექნოლოგებს, რომლებსაც ოპოზიცია საარჩევნო პროცესში უკანონო ჩარევაში ადანაშაულებდა.
ოპოზიციის ვერსიით, რუსი კონსულტანტები პროსახელისუფლებო გაერთიანება „აფხაზეთის გუნდის“ სასარგებლოდ მუშაობდნენ, ამზადებდნენ სააგიტაციო მასალებს და კოორდინაციას უწევდნენ საარჩევნო კამპანიას. სწორედ ამ ფონზე მივიდნენ კვარჩია და მისი თანამოაზრეები გაზეთ „აფხაზეთის მაცნეს“ რედაქციაში, სადაც აღნიშნული პირები იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც ისინი დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადასცეს.
მოგვიანებით სწორედ ამ მოქალაქეების განცხადებების საფუძველზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე რუსეთში.
კვარჩია ამტკიცებს, რომ მისი მოქმედებების მიზანი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან აფხაზეთის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის აღკვეთა იყო.
„ჩვენ, აფხაზური საზოგადოება, თავად გადავწყვეტთ, რა უნდა გავაკეთოთ, საით უნდა წავიდეთ და რა მიმართულებით უნდა განვვითარდეთ“, – აცხადებდა ის დე ფაქტო პარლამენტში გამოსვლისას.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, რეალურად დაზარალებული აფხაზური საზოგადოება იყო, რადგან მოქალაქეთა პერსონალური მონაცემები უცხოელ პოლიტტექნოლოგებს გადაეცემოდათ, ხოლო სამართალდამცავი უწყებები ამას ხელს არ უშლიდნენ.
საქმემ დამატებითი პოლიტიკური დატვირთვა მას შემდეგ შეიძინა, რაც დე ფაქტო პარლამენტმა კვარჩიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირა. კენჭისყრისას იმუნიტეტის გაუქმებას მხოლოდ სამი დეპუტატი დაეთანხმა, 23 წინააღმდეგ წავიდა, ოთხმა კი თავი შეიკავა.
ამ ფონზე რუსეთში მიმდინარე სამართლებრივი პროცესი გაგრძელდა და საბოლოოდ დაუსწრებელი გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდა.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრები, მათ შორის კონსტანტინ ზატულინი და ოლეგ მატვეიჩევი, აცხადებდნენ, რომ მოსკოვი თავდაპირველად ელოდებოდა, რომ საქმეს აფხაზური მხარე საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად განიხილავდა, თუმცა პარლამენტის უარის შემდეგ „სხვა გამოსავალი აღარ დარჩა“.
ზატულინმა სოჭის სასამართლოს გადაწყვეტილებას „მკაცრი“ უწოდა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ის „გამაფხიზლებელ ეფექტს“ მოახდენდა იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც, მისი თქმით, „ზედმეტად შორს წავიდნენ“.
თავის მხრივ, კვარჩიას პოლიტიკური მოძრაობა „აიდგილარა“ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ბრალდებები შეთითხნილია. ორგანიზაციის განცხადებით, მსგავსი პრაქტიკა ზიანს აყენებს აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთნდობას.
აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საქმის დაწყებამდეც კვარჩია მოსკოვის მხრიდან ზეწოლის ობიექტად მიიჩნეოდა. 2025 წლის დასაწყისში მას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა, რაც სოხუმში ფართო განხილვის საგანი გახდა და ბევრი დამკვირვებლის შეფასებით, კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილი აფხაზი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეების მიმართ უფრო ფართო პოლიტიკის ნაწილად აღიქმებოდა.

3 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·