აფგან სადიგოვს აზერბაიჯანმა საზღვარგარეთ გასამგზავრებელი პასპორტი მისცა

3 days ago 3

აფგან სადიგოვის ცოლის, სევინჩ სადიგოვას ინფორმაციით, აფგან სადიგოვს აზერბაიჯანმა საზღვარგარეთის პასპორტი მისცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჟურნალისტი, სავარაუდოდ, შეძლებს ქვეყნის დატოვებას და ოჯახთან გამგზავრებას.

“აფგან სადიგოვმა საზღვარგარეთ გასამგზავრებელი პასპორტი მიიღო. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მის შესახებ სისტემაში არსებული ძებნა მოხსნილია. რადგან სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებმაც არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ პრობლემა კვლავაც არსებობს.

ახლა ჩვენ წინაშე მდგომი შემდეგი მიზანი, სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, ქვეყნის დატოვებაა. რატომ ვამბობ ამას სინანულით? იმიტომ, რომ სამშობლოს დატოვება ადამიანისთვის თითქოს ყველაფრის დაკარგვას ნიშნავს. მაგრამ სხვა გზაც აღარ გვაქვს”, – წერს სადიგოვის ცოლი.

აზერბაიჯანის მოქალაქის პირადობის მოწმობის მიღების შემდეგ, საქართველოდან აზერბაიჯანში დეპორტირებულმა ჟურნალისტმა, აფგან სადიგოვმა საზღვარგარეთის პასპორტის მისაღებად  ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ მიმართა აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისების ცენტრს.


2026 წლის 4 აპრილს ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება მოხდა 2026 წლის 1 აპრილს გამოქვეყნებული Facebook პოსტის გამო. პოსტის შინაარსი შემდეგნაირია: [იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან, ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ.]

2026 წლის 5 აპრილს, კვირას, გამთენიისას, დაახლოებით 03:00-04:00 საათზე ჩატარდა სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა აფგან სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით.  სასამართლომ მას შეუფარდა 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა, საქართველოდან გაძევება თავის წარმოშობის ქვეყანაში (აზერბაიჯანში) და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.

ალიევის რეჟიმის მწვავე ოპონენტი და პოლიტპატიმარი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ნახევარ წელზე მეტი ხნით დააპატიმრა და შემდეგ ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევდა, თბილისში ყოფნის დროს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებში ყოველდღიურად მონაწილეობდა.

სრულად წაკითხვა