არჩევნებიდან 2 დღეში, ბრალის წარუდგინეს “აყვავებული სომხეთის” ლიდერს, მილიარდერ ბიზნესმენ გაგიკ ცარუკიანსნს

13 hours ago 1

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებიდან ორ დღეში ბრალი წარუდგინეს არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის, “აყვავებული სომხეთის” ლიდერს, გაგიკ ცარუკიანს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სახელმწიფო ბრალდება მილიარდერ ბიზნესმენს გადასახადებისგან თავის არიდებას ედავება. საუბარია განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გადახდისგან თავის არიდებაზე.

გამოძიების დასრულებამდე ცარუკიანს სომხეთის დატოვება ეკრძალება.

7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში ცარუკიანის პარტიამ “აყვავებული სომხეთი” ამომრჩევლის ხმების 4%-მდე მიიღო და პარლამენტში ვერ შევიდა.

გაგიკ ცარუკიანი არის ყოფილი სპორტსმენი, მილიარდერი ბიზნესმენი, რომელიც სომხეთში ცნობილია თავისი გამომწვევი და მეტ-ნაკლებად სკანდალური იმიჯით. მას უყვარს ძალაუფლებისა და სიმდიდრის დემონსტრირება. მაგალითად, ბოლო პერიოდში მან ყურადღება მიიქცია იესო ქრისტეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ქანდაკების აშენების იდეით, რომელიც ერევნის მახლობლად აღიმართება. ცნობილია, რომ მას ჰყავს ეგზოტიკური ცხოველები. სომხური მედიები პერიოდულად ავრცელებენ ინფორმაციას ცარუკიანის რეზიდენციაში მცხოვრებ ლომებსა და ვეფხვებზე. ცარუკიანი ცნობილია ქველმოქმედებითაც – ის აფინანსებს ეკლესიებს და სხვადასხვა შინაარსის სოციალურ პროექტებს.

გარდა ბიზნეს-საქმიანობის და საზოგადოებრივი ცხოვრებისა, ცარუკიანი 20 წელზე მეტია, რაც საჯარო პოლიტიკაშიც აქტიურად მონაწილეობს. სხვადასხვა დროს “აყვავებულ სომხეთს” სხვადასხვა პარტიასთან ჰქონდა კოალიცია, ცარუკიანი იყო სომხეთის პარლამენტის წევრიც. 2026 წლის არჩევნებში ცარუკიანის პარტიის სლოგანი იყო “პოლიტიკური და სამოქალაქო ნოეს კიდობანი”. წინასაარჩევნო პერიოდში მან პირობა დადო, რომ იესო ქრისტეს ქანდაკების დასრულების შემდეგ ააშენებს ნოეს კიდობნის მემორიალს. ცარუკიანი ირწმუნება, რომ მსგავსი შინაარსისა და მასშტაბის პროექტები სომხეთში მილიონობით ტურისტს მიიზიდავს.

წინასაარჩევნო პერიოდში ადგილობრივი მედია წერდა ცარუკიანის საეჭვო კავშირებზე და ბიზნეს-ინტერესებზე რუსეთთან და ბელარუსთან.

ამავე თემაზე:

სრულად წაკითხვა