17 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მან აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე იმსჯელა, თქვა, რომ არსებობს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის მომატებული რისკი და დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, აქტივისტისა და პედაგოგის პატიმრობაში დატოვების შესახებ.
თავად სხდომა კი, სადაც სასამართლოს მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა ემსჯელა, 29 ოქტომბრისთვის გადაიდო, რადგან ნინო დათაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სასამართლოში მოსვლა ისევ, უკვე მეორედ, ვერ შეძლო.
მისმა ადვოკატმა თამარ გაბოძემ პროკურორსა და სასამართლოს, ნინო დათაშვილის პატიმრობაში დატოვების დასაბუთება მოსთხოვა:
„რომელ დანაშაულის განმეორებაზეა ლაპარაკი, რომელ მიმალვაზე, ის ორი ადამიანის დახმარებით გადაადგილდება. პროკურატურა, რასაც მოისურვებს, იმაზე საუბრობს, არ ასაბუთებს. ფეხზე ვეღარ დადის ქალი პროკურატურის უსაფუძვლო მოთხოვნების გამო. ისე გართულდა მისი მდგომარეობა პატიმრობაში, რომ ვეღარ გადაადგილდება, რა დაუშავდება გამოძიებას, რომელიც დასრულებულია, რომ ნინო დათაშვილი იყოს თავისუფლებაში და მიხედოს თავის ჯანმრთელობას.
ოთხჯერ შეუცვალეს ნინოს დანიშნულება, მაგრამ მისი მდგომარეობა უარესდება. წამებაში გადაიზარდა მისი მდგომარეობა. ყველა შესვლაზე უფრო და უფრო მძიმედ გვხვდება ნინო. ბოლო ორი შესვლაა, გუშინ და დღეს, საერთოდ ვეღარ გადაადგილდება დამოუკიდებლად, ორი ადამიანის დახმარებით დადის. ძალიან რთული იყო ამის ნახვა. ნინოს დამოუკიდებლად ჭამაც კი უჭირს, თვითმოვლაც აღარ შეუძლია“, - თქვა თამარ გაბოძემ სასამართლოს სხდომაზე.
ნინო დათაშვილის ადვოკატები მის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ და ამ მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართეს პენიტენციურ დაწესებულებას.
იმის გასარკვევად, თუ რა ღონისძიებებს მიმართავენ ადვოკატების მოთხოვნის საპასუხოდ რადიო თავისუფლება პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს დაუკავშირდა. უწყებებისგან მიღებული პასუხის შემთხვევაში მასალა განახლდება.
ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს მანდატურებზე თავდასხმის ბრალდებით - თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარის გამო.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.
ამ დანაშაულისთვის სასჯელი შეიძლება იყოს როგორც ჯარიმა, ასევე 4-დან 7 წლამდე პატიმრობა.