ამერიკულმა ფირმა AECOM-მა სომხეთში TRIPP-ის ტერიტორია შეისწავლა

2 hours ago 1

ამერიკული საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია AECOM-ის ექსპერტთა ჯგუფი მორიგ ჯერზე ეწვია სომხეთს.

ამჯერად მათ დეტალურად შეისწავლეს ის ტერიტორია, სადაც „ტრამპის მარშრუტის“ სარკინიგზო და სხვა ინფრასტრუქტურა გაივლის.

სწორედ ამ ინფრასტრუქტურის დაპროექტების მიზნით იმყოფებოდნენ ისინი სომხეთში.

ინფორმაცია სომხეთში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა 10 ივლისს.

„გასულ კვირას სომხეთში ამერიკულ საინჟინრო და საკონსულტაციო ფირმა AECOM-ს ვუმასპინძლეთ“, - წერია საელჩოს განცხადებაში.

„AECOM-ის გუნდმა და სომხეთის მთავრობის პარტნიორებმა TRIPP-ის ტერიტორია შეისწავლეს რკინიგზისა და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, კავშირგაბმულობას და რეგიონულ ინტეგრაციას“, - განაცხადა საელჩომ.

AECOM-ის ექსპერტთა ჯგუფი მაისშიც იმყოფებოდა სომხეთში - 2026 წლის 13 მაისს AECOM-ის ჯგუფს უმასპინძლა სომხეთის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა.

AECOM-ი არის „ამერიკული მულტინაციონალური ინფრასტრუქტურის საკონსულტაციო ფირმა“, კერძო კომპანია, რომლის შტაბ-ბინაც მდებარეობს დალასში, ტეხასის შტატში. მისი აქციები განთავსებულია ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე.

სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ეს კომპანია ამ შემთხვევაში წარმოადგენს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის „გლობალური ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო პარტნიორობის ფონდს“.

AECOM-ის ექსპერტთა ჯგუფი მანამდე 2026 წლის თებერვლის დასაწყისში იმყოფებოდა სომხეთში.

„შეხვედრის დროს AECOM-ის წარმომადგენლებმა ვიცე-პრემიერს წარუდგინეს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ძირითადი მიმართულებები და მოსალოდნელი შედეგები“, - აცხადებენ ფაშინიანის მთავრობაში.

მჰერ გრიგორიანმა, სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე:

1. „ხაზი გაუსვა მიმდინარე სამუშაოებს,

2. ხაზი გაუსვა TRIPP-ის მნიშვნელობას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების პერსპექტივიდან;

3. წარმოადგინა რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის შესაძლებლობები და ხაზი გაუსვა ტვირთებისა და რესურსების სომხეთის ტერიტორიის გავლით ტრანზიტის დიდ პოტენციალს“.

  • TRIPP-ი შემუშავებულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2025 წლის 8 აგვისტოს შეთანხმების საფუძველზე.
  • ამ პროექტის წყალობით სომხეთმა და აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი ეკონომიკური შეთანხმებები გააფორმეს, პოლიტიკური მხარდაჭერა და მიღწეული მშვიდობის განმტკიცების პირობა მიიღეს.
  • დღეს სომხეთიც და აზერბაიჯანიც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორები არიან.
სრულად წაკითხვა