„ის, რაც მე დღეს სასამართლო დარბაზში ვიხილე, კანონის უზენაესობა არ არის. მზია ამაღლობელი გააჩუმეს. მტკიცებულებად წარადგინეს სასაცილო ბრალდებები. ეს არის პოლიტიკური დევნა და არა სამართლიანი სასამართლო პროცესი“, - განაცხადა ლენა შილინგმა 16 მაისს ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომის შემდეგ.
ლენა შილინგი, - რომელიც მწვანეთა ჯგუფისა და ევროპული თავისუფალი ალიანსის წევრი და ევროპარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელია, - სპეციალურად მზია ამაღლობელის საქმეზე დასაკვირვებლად ჩამოვიდა საქართველოში.
დღევანდელ სხდომას მის გარდა ესწრებოდნენ გერმანიის, შვედეთისა და ესტონეთის ელჩები.
სასამართლოს შენობასთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი. დარბაზში გარედან აღწევდა შეძახილები: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“! მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად დარბაზში პროტესტი ხმამაღლა, რუპორით გამოთქვა მისმა კოლეგა გელა მთივლიშვილმაც.
ევროპარლამენტარმა ხაზი გაუსვა, რომ ეს სასამართლო პროცესი არ არის ჩვეულებრივი საქმე — „ეს გამოცდაა საქართველოს ევროპული მომავლისთვის“.
„აღმაფრთოვანა მზიას გამბედაობამ. მე ასევე ვესაუბრე მზიასთან დაახლოებულ ადამიანებს, მის ოჯახს, მეგობრებს. ისინი თვეების განმავლობაში არ ნებდებიან. მათი ძალა და ბრძოლისუნარიანობა მართლაც აღმაფრთოვანებელია“, - თქვა მან.
ევროპარლამენტმა, - რომლის წევრიც არის ლენა შილინგი, - 2025 წლის 13 თებერვალს მიიღო მორიგი კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც მოითხოვა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ელიტისთვის სანქციების დაწესება და, სხვა პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
„მზიას შემთხვევა იზოლირებული არ არის - მისი ამბავი აირეკლავს მამაცი ქალი ჟურნალისტების გაჩუმების მცდელობის გლობალურ ტენდენციას“, - თქვა ევროპის პარლამენტის წევრმა.
„მზია მთელი მოძრაობის ხმაა. მისი გამბედაობა მთელ საქართველოს შთააგონებს და ბევრ ახალგაზრდა ქალს იმედს აძლევს“, - განაცხადა მან.
ექსპერტის ჩვენება
დღესვე ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოჰკითხეს სასამართლოს ექსპერტი გივი ჩხარტიშვილი. მან 12 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს და შემდეგ მისთვის სილის გაწვნის გამო „თავდასხმაში“ ბრალდებულ მზია ამაღლობელს ჩაუტარა ექსპერტიზა. ექსპერტმა განაცხადა, რომ:
- მზია ამაღლობელს მარცხენა მხრის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები;
- ირაკლი დგებუაძეს გარეგნულად სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, მექანიზმით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა;
- ეს მაშინ, როდესაც 35 წლის ირაკლი დგებუაძე ამბობს, რომ ამაღლობელის სილის შედეგად ლოყა გაუწითლდა და ტკივილი განიცადა, - რაც ამაღლობელისათვის 4-დან 7 წლამდე პატიმრობის მისჯის წინაპირობაა;
- ექსპერტმა თქვა: „რადგან ტკივილის ცნება არ არის ობიექტური დაზიანების ნიშანი, ტკივილი არის სუბიექტური ცნება“, შესაბამისად მას, „როგორც სამედიცინო ექსპერტს, მისი შეფასების კომპეტენცია" არ აქვს;
- მან არც ის გამორიცხა, - ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის კითხვებზე პასუხად, - რომ შესაძლოა, ირაკლი დგებუაძე სიმულირებდა.
მზია ამაღლობელი, რომელიც პირველ ჟურნალისტ ქალ პოლიტპატიმრად არის მიჩნეული, 11 იანვრიდან დაპატიმრებულია.
მის პატიმრობას ევროკავშირი, მისი წევრი ქვეყნების უმეტესობის მთავრობები, საერთაშორისო უფლებადაცვითი და პრესის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, - ისევე, როგორც საქართველოში არსებული მრავალფეროვანი პროდემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლები, - პოლიტიკურად მოტივირებულად და უკანონოდ მიიჩნევენ.
ამაღლობელმა გასულ კვირაში სასამართლოში უჩივლა „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძესა და ასევე სოზარ სუბარს.
მისი ადვოკატების ცნობით, ამაღლობელმა 7 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ამ სამი პოლიტიკოსის მიერ სხვადასხვა დროს მედიაში მის შესახებ გაკეთებული განცხადებების ცილისწამებად მიჩნევა და იმავე საშუალებით აღნიშნული განცხადებების უარყოფა.