ალიევმა ვებ-გვერდების დაბლოკვის საფუძვლების ჩამონათვალი გააფართოვა

4 days ago 32
ilham_aliyev_

30.07.202630.07.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც გაფართოვდა იმ შემთხვევების ჩამონათვალი, როდესაც ინტერნეტრესურსზე ან მის ნაწილზე წვდომა შეიძლება დროებით შეიზღუდოს. შესაბამისი ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში, ასევე კანონში „ინფორმაციის, ინფორმატიზაციისა და ინფორმაციის დაცვის შესახებ“.

კანონის თანახმად, შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს გადაწყვეტილებით, ინტერნეტრესურსზე ან მის შესაბამის ნაწილზე წვდომა დროებით შეიზღუდება, თუ მასზე განთავსდება:

  • ინფორმაცია ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების დამზადების, გამოყენების, უკანონოდ შეძენის ან ნარკოტიკშემცველი მცენარეების მოყვანის შესახებ;
  • შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დამრღვევი ინფორმაცია;
  • ცრუ ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მასობრივი დარღვევა ან ხელი შეუშალოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ფინანსური, სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, სამრეწველო, ენერგეტიკული და სოციალური ინფრასტრუქტურის მუშაობას.

ამასთან, კანონი ამკაცრებს პასუხისმგებლობას ონლაინაზარტული თამაშების უკანონო ორგანიზებისთვის. ინტერნეტის, მობილური კავშირის, სოციალური ქსელების ან სხვა ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით აზარტული თამაშების ორგანიზება, არასრულწლოვანთა ჩართვა, ქმედების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენა ან განსაკუთრებით დიდი შემოსავლის მიღება ისჯება ჯარიმით, თავისუფლების შეზღუდვით ან 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობით.

თუ აღნიშნული ქმედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ან განსაკუთრებით დიდი შემოსავლის მიღების მიზნით არის ჩადენილი, სასჯელი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების შეზღუდას ან პატიმრობას ითვალისწინებს.

სრულად წაკითხვა