აზერბაიჯანმა ევროპარლამენტთან თანამშრომლობა შეწყვიტა – რით ხსნის ამას ბაქო

3 days ago 3

“აზერბაიჯანის პარლამენტმა, მილი მეჯლისმა ევროპარლამენტის „ანტიაზერბაიჯანული საქმიანობის“ საპასუხოდ ევროპარლამენტთან თანამშრომლობის ყველა მიმართულებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო”, – ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო APA იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, საკითხს გამოეხმაურა მილი მეჯლისის დეპუტატი ვუგარ ისკენდეროვი, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი „ქვეყნის ეროვნული ინტერესებზე დაფუძნებული პრინციპული და თანმიმდევრული პოლიტიკის მორიგი გამოვლინებაა“.

მისივე თქმით, მიღებული გადაწყვეტილება შემთხვევითი არ არის და წარმოადგენს „ბევრი წლის განმავლობაში დაგროვილი რეალობების, ორმხრივ ურთიერთობებში წარმოშობილი სერიოზული პრობლემებისა და განსაკუთრებით ევროპარლამენტის მიერ აზერბაიჯანის მიმართ გამოვლენილი მიკერძოებული პოზიციის ლოგიკურ შედეგს“.

„მილი მეჯლისი ყოველთვის ხელმძღვანელობდა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებით საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაში, თუმცა, როდესაც ეს პრინციპები ცალმხრივად ირღვევა, ადეკვატური და პრინციპული ნაბიჯების გადადგმა გარდაუვალი ხდება“, – განაცხადა ვუგარ ისკენდეროვმა APA-სთან.

ოფიციალური დოკუმენტი: ევროპარლამენტი თანამშრომლობის მთავარ დაბრკოლებად დასახელდა

APA-ს ცნობით, პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ მილი მეჯლისი უცხო ქვეყნების პარლამენტებთან და საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში ხელმძღვანელობს მშვიდობის, უსაფრთხოების, მდგრადი განვითარების, ღია და კონსტრუქციული დიალოგის პრინციპებით.

აზერბაიჯანული მხარე ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტი წლების განმავლობაში უგულებელყოფდა სომხეთის მიერ აზერბაიჯანული ტერიტორიების ოკუპაციას, ქალაქებისა და სოფლების განადგურებას, კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას, ეთნიკურ წმენდას და იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემებს.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი და „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეა, რომლებიც თანამშრომლობისთვის იყო შექმნილი, „ზეწოლის, შანტაჟისა და ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის ინსტრუმენტად გადაიქცა“.

APA წერს, რომ მილი მეჯლისს ევროპარლამენტთან კონტაქტები ჯერ კიდევ 2015 წელს ჰქონდა შეწყვეტილი, თუმცა მოგვიანებით, მეორე მხარის არაერთი მიმართვისა და დაპირებების საფუძველზე, თანამშრომლობა აღდგა.

ბაქოს შეფასებით, ევროპარლამენტმა ეს დაპირებები არ შეასრულა და „ანტიაზერბაიჯანული პოლიტიკა, ცილისწამებისა და დისკრედიტაციის კამპანია გააგრძელა“.

აზერბაიჯანის პარლამენტის დოკუმენტში ნათქვამია, რომ მეორე ყარაბაღის ომის შემდეგ ევროპარლამენტმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ 10-ზე მეტი რეზოლუცია მიიღო, რომლებიც, ოფიციალური ბაქოს შეფასებით, „ცრუ ინფორმაციას, უსაფუძვლო ბრალდებებსა და აბსურდულ განცხადებებს“ შეიცავდა.

APA-ს ინფორმაციით, მილი მეჯლისმა შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო:

  • აზერბაიჯანის პარლამენტისა და ევროპარლამენტის თანამშრომლობის ყველა ფორმატის შეწყვეტა;
  • ევროკავშირი–აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტში მონაწილეობის შეწყვეტა;
  • „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაში წევრობის შეწყვეტის პროცედურების დაწყება;
  • აღნიშნული პროცედურების პერიოდში ორგანიზაციის ღონისძიებებში არმონაწილეობა.

ბაქო: ეს არის მკაფიო სიგნალი

დეპუტატ ვუგარ ისკენდეროვის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ აზერბაიჯანი არ მიიღებს ჩარევას საკუთარ სუვერენიტეტსა და შიდა საქმეებში.

„ეს ნაბიჯი ღია სიგნალია, რომ აზერბაიჯანი კატეგორიულად არ ეგუება მის სუვერენიტეტში ჩარევას და ამ საკითხში კომპრომისზე წასვლას არ აპირებს“ ,- განაცხადა მან.

მისივე თქმით, ევროკავშირის ელჩის გამოძახება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში და საპროტესტო ნოტის გადაცემა „ადეკვატური დიპლომატიური რეაქციაა“.


ევროპარლამენტსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა ბოლო წლებში არაერთხელ გამწვავდა. ბრიუსელი ხშირად აკრიტიკებდა ბაქოს ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, ხოლო აზერბაიჯანი ამას მიკერძოებულ და პოლიტიკურად მოტივირებულ მიდგომად აფასებდა.

სრულად წაკითხვა