#OK! ჩემთვის მნიშვნელოვანია, საცხოვრებლის ინტერიერი ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებს გამოხატავდეს — ინტერვიუ მაია ძაძამიასთან

3 weeks ago 9

პროფესიით სტომატოლოგი – მაია ძაძამია ხელოვნებით ჯერ კიდევ პატარა ასაკში დაინტერესდა და ხელნაკეთი ნივთების (მათ შორის დეკორატიულ აქსესუარების) შექმნა დაიწყო. დროთა განმავლობაში, ჰობი საყვარელ საქამედ აქცია და  ინტერიერის დიზაინი პროფესიონალურ დონეზე შესწავლა გადაწყვიტა. დღეს კი უკვე შემდგარი, საკუთარი საქმის პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერია, რომელმაც არაერთი მრავალფეროვანი პროექტი განახორციელა და საავტორო ინტერიერის დიზაინის კურსის საშუალებით სტუდენტებს თავის  გამოცდილებას უზიარებს. როგორც თავად აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, პროექტში აისახოს დამკვეთის პიროვნული მახასიათებლები და ცხოვრების სტილი, რაც ინდივიდუალურ შედეგს და კომფორტულ გარემოს განაპირობებს. უფრო ვრცლად მის პროექტებსა და ინტერიერის დიზაინზე, თავად მაია გვესაუბრება.

როდის დაინტერესდით ინტერიერის დიზაინით?

მაია ძაძამია: ბავშვობიდან ვქმნიდი ხელნაკეთ ნივთებს. ძალიან მსიამოვნებდა შექმნის პროცესი და შემდეგ, ამ ნივთების ჩემთვის საყვარელ ადამიანებზე გაჩუქება. დროთა განმავლობაში, ჩემი ეს გატაცება უფრო მნიშვნელოვანი  გახდა და გადავწყვიტე ინტერიერის დიზაინის პროფესიონალურ დონეზე შემესწავლა. იმ დროისთვის, საქართველოში ამ სფეროს სწავლის შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდული იყო, რის გამოც გადავწყვიტე საზღვარგარეთ განათლების მიღება. საბოლოოდ, მოსკოვში, ,,Interior Designer School’’-ში გავიარე ორწლიანი ინტერიერის დიზაინის კურსი, რამაც  საფუძვლიანი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება შემძინა.

რამდენად დატვირთულია თქვენი პროფესიული საქმიანობა?

უკვე ათი წელია, რაც ინტერიერის დიზაინის სფეროში ვმუშაობ. ამ დროის განმავლობაში არაერთი მრავალფეროვანი პროექტი განვახორციელე. ჩემი პროფესიული გამოცდილება მოიცავს საცხოვრებელი სივრცეების, საოფისე გარემოს და საზოგადოებრივი ობიექტების (კაფე, რესტორანი) დიზაინს.

2019-2023 წლებში ვმუშაობდი “ლუკა პოლარე”-ში განვითარების მენეჯერის პოზიციაზე, ხოლო ამჟამად ვთანამშრომლობ სხვადასხვა კერძო კომპანიებთან.

გარდა ამისა, მაქვს საავტორო ინტერიერის დიზაინის კურსები, სადაც სტუდენტებს ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ. კურსის ფარგლებში, ყურადღებას ვამახვილებ ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე, როგორიცაა დამკვეთთან სწორი კომუნიკაცია, სივრცის სწორი დაგეგმარება და პროფესიის ტექნიკური და პრაქტიკული მხარეები.

ასევე, აქტიურად ვმუშაობ ავეჯის დიზაინზე, კერძო შეკვეთით ვამზადებ სხვადასხვა სახის ავეჯს, მათ შორის სამზარეულოს სისტემებს, გარდერობს, დეკორატიულ ყავის მაგიდებს, კონსოლებს და სხვა უნიკალურ ელემენტებს.

როგორია თქვენი სამუშაო პროცესის სტრუქტურა?

ვთვლი, რომ წარმატებული პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელია პროფესიისადმი სიყვარული და დეტალებზე ყურადღების გამახვილება. მუშაობის პროცესს ყოველთვის ვიწყებ სივრცის ანალიზით – ვსწავლობ მის არქიტექტურულ თავისებურებებსა და დამკვეთის მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია, რომ დიზაინერი სრულად გაეცნოს დამკვეთის ჩვევებსა და ცხოვრების სტილს, რაც შემდგომ მაქსიმალურად მორგებული და კომფორტული გარემოს შექმნაში ეხმარება.

ჩემთვის ყველა პროექტი განსაკუთრებულია, და თითოეულ მათგანს ბოლო დეტალამდე ვხელმძღვანელობ. ყველაზე დიდი კომპლიმენტი ჩემთვის არის ის, როდესაც დამკვეთი კმაყოფილია და ყოველი დილა იწყება იმ გარემოში, რომელიც მის სურვილებსა და საჭიროებს აკმაყოფილებს

ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას რას ანიჭებთ პრიორიტეტს – ფუნქციურობას თუ ესთეტიკას? 

ორივე კომპონენტი თანაბრად მნიშვნელოვანია. კარგად დაგეგმილი ინტერიერი გულისხმობს როგორც ესთეტიკის, ასევე ფუნქციონალურობის ბალანსს.  შესაბამისად, პროექტის პროცესში ყოველთვის ვცდილობ, რომ სივრცე იყოს არა მხოლოდ ვიზუალურად მიმზიდველი, არამედ მაქსიმალურად კომფორტული, პრაქტიკული და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული.

რისგან იღებთ შთაგონებას? ითვალისწინებთ თუ არა თანამედროვე ტენდენციებს? 

რა თქმა უნდა, მუდმივად ვადევნებ თვალს თანამედროვე ტენდენციებს. ინტერიერის დიზაინი არის მუდმივად განვითარევადი სფერო – იცვლება მასალები, სტილისტიკა, ფერთა გამა და ტექნოლოგიური შესაძლებლობები.

ჩემი სტუდენტებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად გაეცნონ მსოფლიოში ცნობილ დიზაინერებს, არქიტექტორებსა და დეკორატორებს.

ინსპირაციისთვის ხშირად ვესწრები საერთაშორისო გამოფენებს, სადაც უშუალოდ ვეცნობი ახალი მასალებისა და ავეჯის უახლეს ტრენდებს. ევროპაში მოგზაურობისას ყოველთვის ვსტუმრობ სხვადასხვა შოურუმებს და მიღებულ გამოცდილებას სტუდენტებსაც ვუზიარებ.

გარდა ამისა, მუდმივად ვცდილობ, განვვითარდე და გავიღრმავო ცოდნა ახალი კურსებისა და პროფესიული ტრენინგების საშუალებით.

როგორ დაახასიათებდით თქვენს ნამუშევრებს? არის თუ არა რომელიმე პროექტი, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა? 

ჩემთვის თითოეული პროექტი უნიკალურია, რთულია რომელიმეს გამოყოფა. ჩემი ძირითადი პრინციპი არის ინდივიდუალიზმის შენარჩუნება – ყოველი დამკვეთი განსხვავებულია, შესაბამისად, ყველა პროექტიც უნიკალური უნდა იყოს. არ არსებობს უნივერსალური სტანდარტები ან მკაცრი წესები, მთავარი არის დეტალების ზუსტი გათვლა, სწორი დაგეგმარება და სივრცის ეფექტური გამოყენება.

ჩემი მიზანია, რომ თითოეულ პროექტში აისახოს დამკვეთის პიროვნული მახასიათებლები და ცხოვრების სტილი, რადგან სწორედ ეს ქმნის განსაკუთრებულ და კომფორტულ გარემოს.

ტექსტი: სოფიო მალანია

სრულად წაკითხვა