ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაიზარდა იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც თანამგზავრის გარეშე, მარტო მოგზაურობას ირჩევენ. ეს ტენდენცია 50 წელს გადაცილებულ ქალბატონებში განსაკუთრებით შესამჩნევია, რასაც ხელს დამოუკიდებლობისა და დაკარგული დროის ანაზღაურების სურვილი უწყობს.
ახალმა კვლევამ, რომელიც ტურისტულმა კომპანიამ Girls’ Guide to the World-მა 330 ქალის გამოკითხვის საფუძველზე ჩაატარა, აჩვენა, როგორ ესმით 50, 60 და 70-წლის ქალებს ფუფუნების მნიშვნელობა და რას ფიქრობენ თანამგზავრს გარეშე მოგზაურობაზე. კვლევის შედეგებმა გამოავლინა მოთხოვნის ზრდა იაფ, საგულდაგულოდ შერჩეულ მოგზაურობებზე, სადაც უპირატესობა გამოცდილებას, კავშირების დამყარებას და ტურისტული ხაფანგების თავიდან აცილებას ენიჭება.
გამოკითხული ქალების 65%-მა განაცხადა, რომ მოგზაურობისას მეტი კულტურული ჩართულობა სურს, 56%-ს განტვირთვა სჭირდება, 44% უპირატესობას თავგადასავლებს ანიჭებს, 36% ახალი მეგობრებისა და თანამოაზრეების ძიებაშია, 28% კი ჯანმრთელობაზე ორიენტირებულ მოგზაურობებს ამჯობინებს.
„ბევრი ქალი ცდილობს ცხოვრების ამ ეტაპის მაქსიმალურად გამოყენებას. მათთვის მოგზაურობა მხოლოდ ახალი ადგილების მონახულება კი არა, ეს სამყაროს შეგრძნების შესაძლებლობაა“ — ამბობს ტურიზმის მკვლევარი ლიზ აინბაინდერი.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ასაკოვან ქალებში მარტო მოგზაურობა პოპულარული ხდება, ისაა, რომ ბევრი მათგანი ცხოვრებისეულ ცვლილებს განიცდის. ეს შეიძლება იყოს: განქორწინება, პენსიაზე გასვლა, მეუღლის ან შვილების დაკარგვა, სახლის დაცარიელება, ბიზნესის გაყიდვა და ა.შ.
ბევრ ქალს 50-60 წლის ასაკში პირველად ეძლევა შესაძლებლობა ჰქონდეს ფული, თავისუფალი დრო და დამოუკიდებლობა. ის პირველად ახერხებს მოგზაურობას და სამყაროს გაცნობას შეზღუდვების გარეშე. ბევრ წარმატებულ ქალს არ სურს, რომ პროფესიულ წარმატებას თავგადასავლები და თავის მოვლა შესწიროს, რადგან სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ჯანმრთელი ბალანსის საჭიროებას აცნობიერებს.
ასეთი ქალებისთვის მარტო მოგზაურობა სამყაროს ნახვის ერთადერთი გზაა.
„მოგზაურობა მარტო დავიწყე, რადგან მეგობრების ლოდინით დავიღალე. ყოველ ჯერზე, როცა მოგზაურობაზე ვსაუბრობდი, ისინი ინტერესს იჩენდნენ, მაგრამ შემდეგ პასუხისმგებლობის აღება უჭირდათ. მე 68 წლის გათხოვილი ქალი ვარ, მაგრამ ჩემს ქმარი მოგზაურობა აღარ სურს, ასე რომ ჩემთვის მხოლოდ ერთი არჩევანი დარჩა“ — ამბობს ერთ-ერთი ცნობილი ბლოგერი.
და ბოლოს, მარტო მოგზაურობა უფროსი ასაკის ქალებს თავისუფლებას სთავაზობს, რაც ჯგუფურ ტურნეებში ნაკლებად შესაძლებელია.