დონალდ ტრამპის უფროსმა შვილიშვილმა, 18 წლის კაიმ საკუთარი ტანსაცმლის ბრენდი შექმნა და პირველი მოდური კოლექცია გამოუშვა. როგორც The Cut წერს, კოლექციაში შედის გოგონას ინიციალებით – „KT“ (Kai Trump) დამშვენებული სამი ფერის ჰუდი, ხოლო მკლავზე მისი ავტოგრაფია ამოქარგული.
„ტანსაცმლის ამ ხაზზე მუშაობა ისეთი საინტერესო იყო! ქსოვილის ხარისხიდან დაწყებული დიზაინის დეტალებით დამთავრებული, მინდოდა ისეთი პროდუქტი შემექმნა, რომელიც შეიძლება ყველგან ჩაიცვა“ – დაწერა კაიმ ინსტაგრამში.
როგორც ჩანს, ტანსაცმლის შექმნის იდეა გოგონამ ბაბუისგან ისესხა – საკუთარ სამოსს დონალდ ტრამპიც უშვებს, თუმცა MAGA-ს ჰუდების ფასი დაახლოებით 35 დოლარია, კაი კი თავის პროდუქციას მომხმარებელს 130 დოლარად სთავაზობს, რითაც უკვე დაიმსახურა სოციალური ქსელების მომხმარებლებელთა გულისწყრომა.
რაც შეეხება პრეზიდენტთან ნათესაურ კავშირს, გოგონა ამის შესახებ ღიად საუბრობს და არც კომერციული მიზნებისთვის გამოყენებას ერიდება. მაგალითად, ბრენდის პირველი ფოტოსესია თეთრი სახლის ტერიტორიაზე და მის ერთ-ერთ დერეფანში ჩატარდა.
კაი ამბობს, რომ მისი ჰუდების ტარება ყველგან შეიძლება – ვარჯიშზეც, კოლეჯშიც და სადღესასწაულო ვახშამზეც. ამ უნივერსალურობით მისი სამოსი ისეთ ბრენდებს ჰგავს, როგორიცაა Sporty&Rich, Alo Yoga და სხვა. ვარაუდობენ, რომ უახლოეს ხანებში კაი საკუთარ ბრენდს გოლფის მიმართულებით გააფართოებს, რადგან გოგონა სპორტის ამ სახეობის პროფესიონალია.
ცნობისთვის, კაი ტრამპი პრეზიდენტის უფროსი ვაჟის, დონალდ ტრამპ-ჯუნიორისა და მისი მეუღლის ვანესას შვილია. გოგონას სამი უმცროსი ძმა და ერთი და ჰყავს. კაი ზოგჯერ ბაბუას საქმიანობაშიც იღებს მონაწილეობას. მაგალითად, ის 2024 წელს რესპუბლიკელთა ყრილობას ესწრებოდა. გარდა ამისა, კაი ტრამპი სოციალურ ქსელებში საკუთარ ბლოგს მართავს, სადაც 3,1 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.