კომპანია „ეფლის“ თანადამფუძნებლის, სტივ ჯობსის 27 წლის ქალიშვილი ივ ჯობსი და ოლიმპიური ჩემპიონი ცხენოსნობაში ჰარი ჩარლზი ოფიციალურად დაქორწინდნენ. 26 ივლისს, ბრიტანეთის პატარა სოფელი გრეით-თიუ ცნობილი ადამიანებით აივსო. წმინდა მიქაელის სახელობის მე-12 საუკუნის ეკლესიაში მსოფლიო ლიდერების და სამეფო ოჯახის წევრების ჩამოსვლასაც ელოდნენ.
ინსაიდერების ინფორმაციით, ჯობსების ოჯახმა ოთხდღიან ღონისძიებაზე 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯა. იმავე წყაროს ინფორმაციით, ქორწილის საღამოს გამოსვლისთვის ელტონ ჯონს 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადეს.
ქორწილისთვის მზადებაში უამრავი ადამიანი იყო ჩართული. 25 ივლისს, პარასკევს, დეკორატორთა და ფლორისტთა 20-კაციანმა ჯგუფმა ნორმანდიული ეკლესიის ინტერიერი ასობით წითელი ვარდის კომპოზიციებით გააფორმა. ვარდის ტოტები გაფენილი იყო საკურთხეველთან, სადაც 101 სანთელი იდგა, დარბაზის გასასვლელს კი ორი ძვირადღირებული სპარსული ხალიჩა ფარავდა, რომელთა საერთო ღირებულება 15,000 ფუნტს შეადგენდა.
„ეს ქორწილი ჰოლივუდური ფილმის გადაღებას ჰგავდა.. ცნობილი სტუმრებიც ჩამოვიდნენ. ზოგიერთს საკუთარი დაცვის სამსახური ჩამოჰყვა. ყველაფერი სამხედრო სიზუსტით მზადდება. მსგავსი რამ არასდროს მინახავს. ხვალ მთელი სოფელი ჩაკეტილი იქნება,“ – აღნიშნა ეკლესიის დაცვის წარმომადგენელმა მედიასთან.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და პრინცესა ბეატრისი. 23 ივლისს, კამალამ მეზობელ ჩარლბერის The Bull–ის პაბში ოფიციალური ვახშამი გამართა. ღონისძიებას დაესწრნენ ელენ დეჯენერესი და პორშა დე როსი, კამალას ქალიშვილი ფიბი და ბილ გეითსის ოჯახი. მოგვიანებით, მათ შოუერთდნენ Apple-ის დიზაინერი ჯონი აივი, რომან აბრამოვიჩის ქალიშვილი სოფია და სხვები. ვარსკვლავური სტუმრები ოქსფორდის ახლომდებარე აეროპორტში თავიანთი კერძო თვითმფრინავებით ჩავიდნენ, საიდანაც ღონისძიების ადგილამდე ვერტმფრენებით გადაიყვანეს.
სამწუხაროდ, ფოტოგრაფებს და ადგილობრივ მოსახლეობას Apple-ის მემკვიდრის ქორწილის დანახვის საშუალება არ მიეცათ – ცნობისმოყვარე თვალებს რომ არიდებოდნენ, სიძე-პატარძალი ეკლესიაში უკანა, ფარული შესასვლელით შევიდა. ამის გამო, ერთ-ერთმა ადგილობრივმა ინტერვიუში უკმაყოფილება გამოხატა:
„ეს ცოტა უგულო დამოკიდებულებას ჰგავს, მაგრამ განსაკუთრებული დღეა და უფლება აქვთ, როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ.“
ადგილობრივებს და მედიის წარმომადგენლებს საქორწინო ცერემონიის დასრულების შესახებ ეკლესიის ზარების რეკვამ ამცნო. თუმცა აქაც პრობლემა შეიქმნა – ეკლესიას რვა ზარი აქვს, მაგრამ ქორწილისთვის შერჩეული ინტერიერის გამო მხოლოდ ორი ზარის გამოყენება გახდა შესაძლებელი. გარდა ამისა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ეკლესია სამი დღის განმავლობაში დახურული იყო, რის გამოც ოჯახებს გარდაცვლილთა გახსენებისა და საფლავების მონახულების შესაძლებლობა არ ჰქონდათ.
შეგახსენებთ, რომ ახალდაქორწინებულების ურთიერთობა 2022 წელს დაიწყო, თუმცა ივი და ჰარი საჯაროდ ერთად მხოლოდ 2024 წლის, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გამოჩნდნენ, სადაც ჰარიმ გუნდურ ცხენოსნობაში ოქროს მედალი მოიპოვა. სავარაუდოდ, ისინი ცხენოსნობამ დააკავშირა.
ივი მონაწილეობდა Louis Vuitton-ის რეკლამებში და პოზირებდა Vogue-ისთვის, პარალელურად განაგრძობდა კარიერას სპორტში. ჰარი კი ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონის, პიტერ ჩარლზის ვაჟი და დიდ ბრიტანეთში საცხენოსნო სპორტის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენლია. აშკარაა, რომ წყვილს ცხენების სიყვარული აერთიანებს და შეჯიბრებებზე ერთმანეთის გულშემატკივრები არიან.