მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი, საქართველოს 142-ე კათალიკოს-პატრიარქი გახდა. პატრიარქობამდე ის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი გამორჩეული და ავტორიტეტული მღვდელმთავარი, ილია II-ს ქორეპისკოპოსი, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი და საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე იყო.
მიტროპოლიტი შიო 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში დაიბადა. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ნიჭიერებითა და მუსიკისადმი განსაკუთრებული ინტერესით. სწავლობდა თბილისის 53-ე საშუალო სკოლაში, პარალელურად კი მუსიკალურ სასწავლებელში. მოგვიანებით სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს სპეციალობით და 1991 წელს წარმატებით დაამთავრა. სტუდენტობის პერიოდში მან ვიოლონჩელისტთა რესპუბლიკურ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა.

მიუხედავად წარმატებული მუსიკალური მომავლისა, ელიზბარ მუჯირმა სულიერი ცხოვრება აირჩია. 1991 წელს იგი შიომღვიმის მონასტერში მორჩილად დაემკვიდრა. 1993 წლის 5 თებერვალს ბერად აღიკვეცა და სახელად შიო ეწოდა. მონასტერში იგი თავდაპირველად ტრაპეზრად მსახურობდა, შემდეგ კი ეკონომოსად დაინიშნა.
სასულიერო გზაზე მისი წინსვლა სწრაფად გაგრძელდა. 1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1996 წელს ილია II-მ მღვდლად აკურთხა. 1997 წელს მღვდელმონაზონი შიო თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1998 წლის 3 აპრილს მას მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს.
ამავე პერიოდში მიტროპოლიტი შიო აქტიურად აგრძელებდა სასულიერო განათლების მიღებას. 1999 წელს მან დაამთავრა ბათუმის სასულიერო სემინარია, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო აკადემიასა და მოსკოვის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძარში მსახურობდა, ხოლო იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გახდა. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად მოღვაწეობდა.
2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ახლად ჩამოყალიბებული სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ეპისკოპოსად გამოარჩია. ამავე წლის 7 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ეპისკოპოსის ხარისხში იქნა აყვანილი.
2009 წლის 30 აპრილს წმინდა სინოდმა მას ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ქართული სამრევლოების სულიერი მზრუნველობა ჩააბარა. 2010 წლის 2 აგვისტოდან იგი მიტროპოლიტისხარისხში იქნა აყვანილი და ამავე წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად დაინიშნა.
2010 წლის 21 დეკემბერს მიტროპოლიტი შიო საქართველოს ეკლესიის წმინდანების კანონიზაციის კომისიის წევრი გახდა. 2015 წლის 16 დეკემბერს მან მოსკოვის წმინდა ტიხონის მართლმადიდებლურ-ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე — „ღირსი ალექსისენაკელი (შუშანია) — მისი ცხოვრების ისტორიული კონტექსტი და სულიერ-სამოძღვრო მემკვიდრეობა“ და მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი.

2017 წლის 23 ნოემბერს ილია II-ის ბრძანებით მიტროპოლიტი შიო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დაინიშნა, რაც ეკლესიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და საპასუხისმგებლო თანამდებობად ითვლება. 2018 წლის 21 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე იგი დაჯილდოვდა ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.
2026 წლის 17 მარტს, საქართველოს 141-ე კათალიკოს პატრიარქი ილია II გარდაიცვალა, რის შემდეგაც მის მოვალეობას საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიო ასრულებდა. ამავე წლის 28 აპრილს სინოდის სხდომაზე მიტროპოლიტი შიო 20 ხმით პატრიარქობის კანდიდატად დასახელდა, ხოლო 11 მაისს გაფართოებულ სხდომაზე, სამების საკათედრო ტაძარში ის საქართველოს 142-ე პატრიარქად აირჩიეს.


3 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·