ტყუპმა ძმებმა იგორ და გრიგოლ (გრიჩკა) ბოგდანოვებმა სახელი 1970-იანი წლების ბოლოს გაითქვეს, როდესაც საფრანგეთში პოპულარული სამეცნიერო შოუს „Temps X“-ის წამყვანები გახდნენ. მათ სახელს უკავშირდება საიდუმლო, რომელიც დღემდე ვერავინ ამოხსნა, თუმცა ვეცდებით მოვლენებს თანმიმდევრულად მივყვეთ..
ტყუპი ძმები 1949 წლის 29 აგვისტოს, საფრანგეთის ქალაქ სენ-ლარიში დაიბადნენ. მათი მამა რუსი მხატვარი, იური ოსტასენკო-ბოგდანოვი იყო, დედა – მარია დოლორეს ფრანციშკა კოლოდრატ-კრაკოვსკაია.
ძმები დიდგვაროვანი წინაპრებით ამაყობდნენ, თუმცა დედის დედას აფროამერიკელ მამაკაცთან რომანის შემდეგ ყველა ტიტული ჩამოერთვა, მამა დიდგვაროვანი თათრული ოჯახიდან იყო, რომელსაც მეფე თეოდორე III-მ „პრინც ბოგდანოვის“ წოდება მიანიჭა, თუმცა ტიტულმა ტყუპების მამას სიმდიდრე და დიდება ვერ მოუტანა.
ძმებმა ბავშვობა ფრანგულ სასახლეებში, მდიდარ და გავლენიან ნათესავებზე საუბარში გაატარეს, ამიტომ მუდამ განსაკუთრებულობის განცდა ჰქონდათ.
ტყუპები ახალგაზრდობიდან ზუსტი მეცნიერებებით იყვნენ გატაცებულნი და გამოყენებით მათემატიკას პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტსა და პარიზის Ecole des Hautes Études en Sciences Po-ში სწავლობდნენ.
როდესაც ახალგაზრდა და პერსპექტიულმა ტყუპებმა სწავლა დაასრულეს, მათთვის ახალი სამყარო გაიხსნა – ტელევიზია. ძმებს წარმატებისთვის ყველაფერი ჰქონდათ – ახალგაზრდობა, მიმზიდველი გარეგნობა, ნიჭი და მუშაობის სურვილი. მათი, როგორც წამყვანების, კარიერა სწრაფად განვითარდა. პოპულარობას მას შემდეგ მიაღწიეს, რაც საფრანგეთის უძველეს სატელევიზიო არხზე, TF1-ზე, სამეცნიერო შოუს სცენარისტები და წამყვანები გახდნენ.
1970-იან წლებში ბოგდანოვებს უკვე მთელი საფრანგეთი იცნობდა. მალე ძმებმა პირველი წიგნი გამოსცეს, შემდეგ კი ტელევიზიაში მეცნიერების პოპულარიზაციის შოუ წამოიწყეს. შოუმენები, რომლებიც დოქტორის ხარისხებს ფლობდნენ (იგორი ფიზიკოსი იყო, გრიგორი — მათემატიკოსი), კულტურულ ფენომენად იქცნენ.
„როგორც მათემატიკოსებს, ჩვენ შევძელით მონაწილეობა მიგვეღო ბიტკოინის საწყისი კოდის შემუშავებაში, მათ შორის პროგნოზირების კოდის შემუშავებაში“, – განაცხადეს ბოგდანოვებმა ფრანგულ სატელევიზიო შოუში „Non Stop People“.
გრიგორი არასდროს ყოფილა დაქორწინებული, იგორი კი სამჯერ დაქორწინდა – მსახიობ ჟენევიევ გრაზე, ლუდმილა დ’ულტრემონზე და მწერალ ამელი დე ბურბონ დე პარმზე. პირველ ქორწინებაში იგორს ვაჟი შეეძინა, რომლის აღიარებაზე 2015 წელს უარი განაცხადა. მეორე ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავდა, მესამე ქორწინებიდან – კიდევ ორი.
მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო სამყაროს ძმების პროფესინალიზმთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჰქონდა, მათი წიგნები და სტატიები მრავალჯერ გასაჩივრდა და ფსევდომეცნიერებადაც კი შეფასდა, ისინი ტელეეკრანზე 2010-იანი წლების შუა დრომდე ჩანდნენ. წლების მატებასთან ერთად მათი გარეგნობაც იცვლებოდა. ბოგდანოვების ფოტოები „პლასტიკამდე და პლასტიკის შემდეგ“ იმაზე მეტყველებს რამდენად რადიკალურად შეიცვალნენ შოუმენები ასაკთან ერთად. ისინი პლასტიკური ოპერაციის მსხვერპლად მიაჩნდათ, თუმცა ძმები გარეგნობაში სამედიცინო ჩარევას ყოველთვის უარყოფდნენ.
ვარაუდობენ, რომ იგორი და გრიჩკა ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად სახის ნაკვთებს გამუდმებით იცვლიდნენ. შესაძლოა, ისინი დისმორფოფობიითაც კი იტანჯებოდნენ (ფსიქიკური აშლილობა, როდესაც ადამიანი საკუთარ გარეგნობას ადეკვატურად ვერ აღიქვამს და მუდმივად მის შეცვლას ცდილობს).
თუმცა საპირისპირო მოსაზრებაც არსებობს – ბოგდანოვების თაყვანისმცემლები ირწმუნებიან, რომ ძმების გარეგნობის ცვლილება პლასტიკური ოპერაციების კი არა, გენეტიკური დაავადების ბრალია. არც იმას გამორიცხავენ, რომ ტყუპებს აკრომეგალია ჰქონდათ – დაავადება, რომელსაც ხელისგულების, ფეხების და თავის ქალას გადიდება ახასიათებს.
ასეა თუ ისე, სიმართლეს ვეღარასოდეს გავიგებთ, რადგან ტყუპები ცოცხლები აღარ არიან. ბოგდანოვების სიკვდილის მიზეზი COVID-19 გახდა. ფრანგული გაზეთის, Le Monde-ის ცნობით, არც იგორს და არც გრიგოლს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ ჩაუტარებიათ.
ტელეწამყვანები კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს. ბოგდანოვები 72 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალნენ, ისე, რომ თავიანთი გარეგნობის საიდუმლო არავისთვის გაუმხელიათ, თუმცა შოუმენების თაყვანისმცემლები დღემდე ცდილობენ ძმების უჩვეულო გარეგნობის საიდუმლო ამოხსნან.