სოციალურ ქსელებში ხშირად განიხილავენ 1981-1996 წლებში დაბადებულ ცნობილ ადამიანებს (მილენიალების თაობა) რომლებიც ასაკთან შედარებით, ახალგაზრდულად გამოიყურებიან. ხშირად აღნიშნავენ, რომ ენ ჰეთეუეის, ემა სტოუნის, ჰილარი დაფისა და სხვა მილენიალების გარეგნობას ვერც ასაკმა, ვერც დედობამ და გადატვირთულმა გრაფიკმა ვერაფერი დააკლო.
როგორც ნიუ-იორკის ონკოლოგიური ცენტრის პროფესორი და მკვლევარი ენტონი როსი ამბობს, მილენიალების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ წინა თაობების შეცდომებს და გამოცდილებას ითვალისწინებენ. როსის თქმით, ისინი პირველები იყვნენ, ვინც მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება რეგულარულად დაიწყო, რაც კანის დაბერების პროცესს მნიშვნელოვნად ანელებს.
აშშ-ის დერმატოლოგიის აკადემიამ 2023 წელს ჩაატარა გამოკითხვა, რომლის შედეგების მიხედვით, მილენიალებსა და Gen Z-ის შორის უზარმაზარი სხვაობაა. კერძოდ, Gen Z-ის თაობის 20% ფიქრობს, რომ ლამაზი რუჯი კანის კიბოსგან დაცვაზე მნიშვნელოვანია. ხოლო 30%-მა განაცხადა, რომ მზად არის რუჯის დახმარებით დღეს გალამაზდეს, თუნდაც ხვალ ეს ჯანმრელობაზე უარყოფითად აისახოს.
მილენიალები კი როგორც წესი, კანის მოვლას მეტი პასუხისმგებლობით უდგებიან. 30-40 წლის ასაკში ისინი ანტიოქსიდანტებითა და რეტინოიდებით მდიდარ პროდუქტებს იყენებენ, რომლებიც დაბერების პროცესს აფერხებს. რა თქმა უნდა, ამ ასაკობრივი ჯგუფის ბევრი წარმომადგენელი ფილერებს, ბოტოქსს და სხვა ინიექციურ საშუალებებს იყენებს. როგორც კოსმეტოლოგები აღნიშნავენ გამაახალგაზრდავებელ ეფექტს სწორედ მზისგან დამცავი კრემების, კანის მოვლის რეჟიმებისა და ესთეტიკური ინიექციების კომბინაცია იძლევა. მილენიალებმა საზოგადოებაში საშუალო ასაკის ქალის შესახებ არსებული წარმოდგენა მკვეთრად შეცვალეს.
მათი ცხოვრების სტილი არა მხოლოდ ბიოლოგიურ, არამედ ვიზუალურ დაბერებაზეც გავლენას ახდენს. ნაკლები სტრესი, მეტი ყურადღება ძილსა და ძალების აღდგენაზე, პრევენციაზე და არა მკურნალობაზე ორიენტირებული მიდგომა.
კვლევებმა აჩვენა, რომ იმ მილენიალებს, რომლებიც კანის დაცვის კომპლექსურ მეთოდებს რეგულარულად იყენებენ, 40 წლის შემდეგაც კი კოლაგენის ბოჭკოების მაქსიმალური მაჩვენებელი აქვთ (75-80%), მაშინ როდესაც Gen Z-ის თაობის წარმომადგენლებში ეს მაჩვენებელი 30 წლის ასაკში 60-65%-მდე ეცემა.