#OK! რობი უილიამსს იშვიათი დაავადება აღმოაჩნდა

3 days ago 9

ბრიტანელ მომღერალს, რობი უილიამსს ექიმებმა ტურეტის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც უკონტროლო ხმებს და მოძრაობებს იწვევს – ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

51 წლის მუსიკოსმა საჯაროდ პირველად აღიარა, რომ დაავადების სიმპტომებს ებრძვის და მათ კონტროლს ცდილობს.

უილიამსის თქმით, დაავადებამ მის საქმიანობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. დაავადების სიმპტომების გამო მას საგასტროლო ცხოვრებასთან შეგუება უჭირდა და ცოცხალი გამოსვლების ეშინოდა, თუმცა ამის დამალვას ცდილობდა.

„დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის დაწყების შემდეგ შვება ვიგრძენი.  ახლა თავს იმაზე უკეთ ვგრძნობ, ვიდრე 20-30 წლის ასაკში, თუმცა გარკვეული პრობლემები ისევ მაქვს“ – აღიარებს მომღერალი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უილიამს წლების წინ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი დაუდგინდა. გარკვეული დროის განმავლობაში მომღერალი აკრძალულ ნივთირებებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ებრძოდა და რეაბილიტაციის პროგრამების გავლა მოუწია.

რობი უილიამსი 2010 წლიდან მსახიობ აიდა ფილდზეა დაქორწინებული. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს. The Daily Mail-ის ცნობით, მომღერალმა მამობა „მშვენიერ მოგზაურობად“ შეაფასა.

რაც შეეხება ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომს, ეს ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მოტორული და ხმოვანი ტიკებით ხასიათდება. დაავადების გამომწვევი მიზეზები უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ გენეტიკა და ტვინის ქიმიური დარღვევები მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

დაავადება მუდმივ ხასიათს ატარებს და მონაცემები სრული გამოჯანმრთელების შესახებ ძალიან იშვიათია, თუმცა ხშირად, ასაკის მატებასთან ერთად, სიმპტომები სუსტდება. ჟილ დე ლა ტურეტის მქონე პირების ნათესავებში  შეიძლება აღმოჩნდეს მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, აკვიატებული ნევროზი და პანიკური დარღვევები.

სრულად წაკითხვა