ქართველი პოეტის, ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალებამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაახსენა მისი შემოქმედება, ექსპერიმენტული პოეზია და ლიტერატურაში დატოვებული მნიშვნელოვანი კვალი. თუმცა, მის ცხოვრებაში არსებობდა ტკივილი, რომელზეც საუბარი ყოველთვის განსაკუთრებით მძიმე იყო – შვილის, მსახიობ ირაკლი ჭანტურიას გარდაცვალება.
ირაკლი ჭანტურია ქართველი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი სახე იყო. ის ბავშვობიდან გამოჩნდა ეკრანზე და განსაკუთრებული სიყვარული მოიპოვა ფილმით „სანამ წვიმა გადაივლიდეს – ძველი ვალსი“, სადაც მედეა ჯაფარიძისა და თენგიზ არჩვაძის გმირების ვაჟის, გიას როლი შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობის კარიერა არ გაუგრძელებია, მაყურებელს სწორედ ამ ფილმით დაამახსოვრა თავი.

შემდგომ წლებში ირაკლი ჭანტურია გერმანიაში ცხოვრობდა და საელჩოში მუშაობდა. სიცოცხლის ბოლო პერიოდში მძიმე დაავადებას ებრძოდა. როგორც იმ დროს გავრცელებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, მას სიმსივნე ჰქონდა და მკურნალობას გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა, სადაც გარდაიცვალა.

შვილის გარდაცვალება ტარიელ ჭანტურიასთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე გამოცდა აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ პოეტი იშვიათად საუბრობდა პირად ტრაგედიაზე, საკუთარი ტკივილი პოეზიაში ასახა. სწორედ ირაკლი ჭანტურიას ხსოვნას მიუძღვნა ლექსი, რომელიც მისი შემოქმედების ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ ტექსტად მიიჩნევა:
“შვილო, რატომ დამტოვე მარტო,
დამისვი მუხლზე, რომ საჭე ვმართო,
თუმცა მე დამრჩა ბუხარი შენი
და ხავსიანი საფლავი ფართო.
მე შენს კეთილ გულს გაგლეჯილს სამად
ვიგონებ, როგორც დაკარგულ იმედს,
რა მოხდა, არც სხვებს არა ჰყავთ მამა,
თან სხვებსაც ჰქონდათ ბავშვობა მძიმე.
უპანთეონოდ გავალ იოლად
ჰქონდეთ დიდუბე სხვებს ჩემი წილი
რა სჯობს როდესაც მარადიულად
გვერდიგვერდ წვანან მამა და შვილი.”

ამ სიტყვებმა მაშინაც განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია და დღეს, ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების შემდეგ, კიდევ უფრო მძიმე დატვირთვა შეიძინა. პოეტი, რომელმაც ქართულ ლიტერატურაში არაერთი გამორჩეული კრებული დატოვა, სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა მამის ტკივილს – ტკივილს, რომელმაც მისი ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი ლექსი შვა.
ტარიელ ჭანტურია ქართული პოეზიის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი იყო. მისი პირველი ლექსი 1951 წელს გამოქვეყნდა, ხოლო შემდგომ წლებში გამოიცა არაერთი კრებული, მათ შორის „ლტოლვა“, „საქანელა“, „გაღმა ნაპირი“, „თაფლობის საუკუნე“, „გული მარჯვნივ“, „ახალი მთვარე“ და სხვა. იგი ასევე იყო ესეისტი, მთარგმნელი და მრავალი ლიტერატურული პროექტის მონაწილე.


13 hours ago
8







English (US) ·
Georgian (GE) ·