#OK! რა დაემართა ადამიანს, რომელიც 1967 წელს მომავალში გაცოცხლების მიზნით გაყინეს

2 weeks ago 14

კრიონიკა ზოგისთვის ფანტასტიკაა, ზოგისთვის კი „მეორედ დაბადების“ შესაძლებლობა. ის სხეულის სუბ-ნულოვან ტემპერატურაზე შენახვას გულისხმობს, რათა მეცნიერების პროგრესის შემთხვევაში გაყინული ადამიანის გაცოცხლება და მისი დაავადებების განკურნება შესაძლებელი გახდეს.

პირველი ადამიანი, რომელსაც მომავალში გაცოცხლების მიზნით კრიონიკის პროცედურა ჩაუტარეს, კალიფორნიის ინსტიტუტის ფსიქოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი ჯეიმს ბრედფორდია. 1960-იანი წლების ბოლოს ეს საკმაოდ საეჭვო საქმე ჩანდა, რადგან არავითარი გარანტია არ არსებობდა, რომ მრავალი წლის წინ გაყინულ ადამიანს ოდესმე „გააცოცხლებდნენ“. ბედფორდი მეცნიერი იყო და თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ სურდა, ოდესმე მის შთამომავლებს ამ უნიკალური სამეცნიერო ექსპერიმენტის შედეგებით ესარგებლათ.

ვინ იყო ჯეიმს ბედფორდი და რატომ გადაწყვიტა კრიონიკის პროცედურის ჩატარება?

ჯეიმს ბედფორდი 1893 წელს მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ პიტსფილდში დაიბადა. ჯეიმსს ოთხი წლის ასაკში დიფთერია შეეყარა, თუმცა ექიმებმა ბავშვმა გადარჩენა შეძლეს.

კოლეჯის დამთავრების შემდეგ ბედფორდი საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდა და კალიფორნიის უნივერსიტეტში, ჩაირიცხა, სადაც განათლებისა და ფსიქოლოგიის მიმართულებით მაგისტრის ხარისხი მიიღო. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ის კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი გახდა და ამ მიმართულებით რამდენიმე წიგნი გამოსცა.

ჯეიმს  ბედფორდი, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა,  განსაკუთრებულ ინტერესს დაბერების პროცესის შეჩერებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების ტექნოლოგიების მიმართ იჩენდა. მეცნიერი კრიონიკით რობერტ ეტინგერის წიგნის „უკვდავების პერსპექტივა“ წაკითხვის შემდეგ დაინტერესდა და მალევე ამ სფეროში მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა. მსოფლიოში ამ ტექნოლოგიისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია და მას უამრავი კრიტიკოსი ჰყავს, თუმცა როდესაც 73 წლის ჯეიმს ბედფორდს ექიმებმა თირკმლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს,  მან გადაწყვიტა კრიოგენული კონსერვაციისთვის მიემართა.

აღსანიშნავია, რომ ჯეიმს ბედფორდი პირველი არ იყო, ვინც საკუთარ სხეულზე ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა, მაგრამ წინა ორი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა — სან-ფრანცისკოსელი სკოლის მასწავლებელი კრიონისტების მოსვლამდე, კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში ძალიან დიდხანს იმყოფებოდა, რამაც ტვინის დაზიანება გამოიწვია, კალიფორნიელ ქალბატონს კი კრიონისტებისგან მალულად, ჯერ ბალზამირება ჩაუტარეს და შემდეგ გაყინეს. როგორც კი ამის შესახებ ცნობილი გახდა, ქალი  კრიოკამერიდან ამოიყვანეს და ტრადიციული წესით დაკრძალეს.

როგორ ინახებოდა ბედფორდის სხეული ნახევარი საუკუნის განმავლობაში

ჯეიმს ბედფორდი კლინიკაში, 1967 წლის 12 იანვარს, კიბოთი გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა. რამდენიმე წუთში, განსვენებულის უკანასკნელი სურვილის შესასრულებლად მის პალატაში კალიფორნიის კრიონიკის საზოგადოების ექიმთა ჯგუფი, დოქტორ რენო ეიბლის ხელმძღვანელობით შევიდა.

ექიმებს პაციენტის სიკვდილის შემდეგ საჭირო პროცედურების ჩასატარებლად მხოლოდ შვიდი წუთი ჰქონდათ. ბედფორდი ხელოვნური სუნთქვის აპარატთან შეაერთეს, რომ ტვინისთვის ჟანგბადის მიწოდება გაგრძელებულიყო, ხოლო ვენებში სისხლი დიმეთილსულფოქსიდით შეცვლეს, რომ შინაგანი ორგანოები გაყინვისგან დაეცვათ. ამის შემდეგ პროფესორის სხეული ლითონის კაფსულაში, მშრალ ყინულში მოათავსეს და ფინიქსში, კომერციულ კრიონიკულ ორგანიზაცია Cryo-Care Equipment Corporation-ში გადაასვენეს. საბოლოოდ, ჯეიმს ბედფორდის სხეული დიუარის თხევადი აზოტით სავსე კაფსულაში მოათავსეს, რომელიც ტემპერატურას მინუს 196 გრადუსზე ინარჩუნებს.

რამდენიმე დღეში კრიონისტებმა მსოფლიოს ამცნეს, რომ პირველი ადამიანი თხევადი აზოტის დახმარებით წარმატებით გაიყინა და როგორც კი კიბოს წამალს გამოიგონებენ, მაშინვე გააცოცხლებენ. ჟურნალმა Times-მა მაშინ აღნიშნა, რომ ბედფორდის სხეულის შენახვა უზარმაზარ კაფსულაში, ანაბიოზურ მდგომარეობაში ოცი ათას წლამდე შეიძლებოდა, თუმცა ბევრი მეცნიერი ასეთ განცხადებას სკეპტიკურად შეხვდა.

ორი წლის შემდეგ ბედფორდის სხეული Cryo-Care-დან ანაჰაიმის გამოსაცდელი მოწყობილობების მწარმოებელ კომპანია Galiso Inc-ში გადაიტანეს და დიუარის ახალ, გაუმჯობესებულ კაფსულაში მოათავსეს. მომდევნო წლებში, ბედფორდის ცოლსა და შვილს მიუხედავად იმისა, რომ კრიონიკის მიმართ პროფესორისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ, სხვა ნათესავების სარჩელების მოგერიება მოუწიათ,  რომლებიც პროფესორის კრიოკამერიდან ამოყვანას და ტრადიციული წესით დაკრძალვას ითხოვდნენ.

საბოლოოდ, ნათესავების და სადაზღვევო კომპანიის ზეწოლის გამო კომპანია Galiso Inc-ის წარმომადგენლებმა ბედფორდის სხეულის შენახვაზე უარი თქვეს და ოჯახს მისი დაკრძალვისკენ მოუწოდეს. მაშინ პროფესორის შვილმა, ნორმანმა ტრაილერი იქირავა და მამის სხეული ჯერ კომერციულ კრიონიკულ დაწესებულება -Trans-Time Inc-ში, შემდეგ კი სამხრეთ კალიფორნიის სხვა, უცნობ ადგილას გადაიტანა.

გაცოცხლდება თუ არა ჯეიმს ბედფორდი და რას ვერ გაითვალისწინეს მეცნიერები მისი გაყინვისას

1990-იან წლებამდე ბედფორდის შვილი, უზარმაზარი ხარჯების, თხევადი აზოტის ფასის ზრდისა და ნათესავების ზეწოლის მიუხედავად, მამის სხეულის შენარჩუნებას ცდილობდა. მან მამის კაფსულას რამდენჯერმე შეუცვალა ადგილი, სანამ მის დაზიანებებს შენიშნავდა. ამის შემდეგ ნორმანი იძულებული გახდა, რომ მამის სხეული ისევ Galiso Inc-ში გადაეტანა და დახმარებისთვის არაკომერციული ორგანიზაცია — Alcor Life Extension Foundation-თვის მიმართა, რომელიც იმ დროისთვის უკვე არაერთ კრიონირებულ ადამიანს ინახავდა.

58 წლიანი შენახვისა და კაფსულების უაამრავი ცვლილებების შემდეგ ბედფორდის სხეულის მდგომარეობა გაურკვეველი იყო, ამიტომ სანამ მისი შენახვის პასუხისმგებლობას აიღებდნენ, Alcor-ის ექიმებმა სხეული კაფსულიდან ამოიღეს და სრული შემოწმება ჩაუტარეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ პროფესორის  სხეული შესანიშნავად იყო შენახული — მისი სახე ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, თუმცა კანის ზოგი ნაწილი გაფერმკრთალებული იყო, თვალის რქოვანა კი ყინულის ზემოქმედებით იყო გათეთრებული. ექიმებმა ეს ცვლილებები დასაშვებად ჩათვალეს, ბედფორდის სხეული დეუარის კაფსულაში მოათავსეს და Galiso Inc-ში დატოვეს.

სამი წლის შემდეგ კალიფორნიის შტატში მიწისძვრის საფრთხის გამო კრიონიკული საცავი არიზონის შტატის ქალაქ სკოტსდეილში გადაიტანეს, სადაც ბედფორდის სხეული დღესაც სხვა 33 კრიონირებულ ადამიანთან ერთად მშვიდად განისვენებს.

პროფესორის კრიონირების დღიდან 58 წელი გავიდა. ამ ხნის მანძილზე მეცნიერება ძალიან განვითარდა და  კრიოკონსერვაციაც უფრო საიმედო პროცესი გახდა, განსაკუთრებით 2000 წლიდან, როდესაც თხევადი აზოტით გაყინვის ნაცვლად ვიტრიფიკაცია დაინერგა — მეთოდი, რომელიც ყინულის კრისტალებით დაზიანებას გამორიცხავს. გარდა ამისა, დიმეთილსულფოქსიდი, რომელიც საკმაოდ აგრესიულ პრეპარატად ითვლება, დიდი ხანია აღარ გამოიყენება. ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ პრეპარატმა ბედფორდის ტვინი ისე დააზიანა, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია.

ყველაფრის მიუხედავად, ჯეიმს ბედფორდის სხეული ისევ კრიოსაცავში ინახება და კრიონისტთა საზოგადოებაში ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ადამიანის სრულყოფილი და უვნებელი „აღდგენა“ ხანგრძლივი კრიოკონსერვაციის შემდეგ და როდის მოხდება ეს ერთმნიშვნელოვანი პასუხი დღემდე არ არსებობს. თუმცა, მეცნიერები იმედს არ კარგავენ და შესაძლოა, ბედფორდს მეორე სიცოცხლის შანსი მისცენ მას შემდეგ, რაც კიბოს წამალი გამოჩნდება.

სრულად წაკითხვა