#OK! პირველი მოდელები – როგორ იქმნებოდა მოდის ინდუსტრია?

1 week ago 15

ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყეს ადამიანებმა ტანსაცმლის ტარება და პირველად ვინ გადაწყვიტა ცხოველის ტყავის ან ბეწვის სამოსად გამოყენება. შესაძლოა, საუკუნეების წინ პირველყოფილი ადამიანების მოდის დიზაინერი არსებობდა, რომელმაც ტანსაცმელი შექმნა, მაგრამ მისი სახელი შთამომავლობისთვის სამუდამოდ უცნობი დარჩა. სამაგიეროდ, ჩვენთვის ცნობილია თანამედროვე მოდის ინდუსტრიის შემქმნელებისა და პირველი მოდელების სახელები, რომლებიც არა მარტო ლამაზმანები, არამედ გამორჩეული თვისებების მქონე ადამიანები იყვნენ..


ლი
მილერი – მოდელი და ფოტოგრაფი (1907-1977)

ამ ულამაზეს ქალბატონს მძიმე და ტრაგიკული ბედი ერგო. ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც ოჯახის სტუმარმა გააუპატიურა. გოგონამ გარდა იმისა, რომ  მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციითაც დაავადდა.

ოცდაორი წლის ასაკში ლი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა და მთლიანად ბოჰემურ ცხოვრებაში ჩაეფლო. გოგონა მან რეის ასისტენტად მუშაობდა, პიკასოსთან მეგობრობდა,  ჟან კოქტოს ფილმებსა და რეკლამებში მონაწილეობდა და Condé Nast-თვის იღებდნენ.

ნიუ-იორკში დაბრუნების შემდეგ ლიმ საკუთარი სტუდია გახსნა. ეგვიპტელ ბიზნესმენზე გათხოვების შემდეგ მისი პროფესიული საქმიანობა შედარებით შეფერხდა, თუმცა ქალი საკუთარი სიამოვნებისთვის ფოტოების გადაღებას მაინც აგრძელებდა. ქორწინება მხოლოდ სამ წელს გაგრძელდა.

კიდევ ერთ მძიმე გამოცდად ლის ცხოვრებაში ომი იქცა. სწორედ მას, ყოფილ მოდელს, ეკუთვნის ყველაზე შთამბეჭდავი ფოტოები სამხედრო ჰოსპიტლებიდან, ბუხენვალდისა და დახაუს ბანაკებიდან.

ომის შემდეგ ლი მილერი პოსტტრავმატული აშლილობით იტანჯებოდა. ქალმა თერაპიული მიზნებით კულინარიის შესწავლა დაიწყო და აქაც წარმატებას მიაღწია – რამდენიმე მსოფლიო დონის კულინარიული კონკურსში გაიმარჯვა და ათასობით რეცეპტი გამოიგონა.

მარიონ მორჰაუსი – ოციანების სუპერმოდელი (1906-1969)

მარიონ მორჰაუსი გონიერი, დახვეწილი, არტისტული და… ზედმეტად მაღალი გოგონა იყო. სწორედ სიმაღლემ შეუშალა ხელი, რომ მსახიობის კარიერა აეწყო, სამაგიეროდ, ფოტოკამერის წინ თამაშობდა და ამას შესანიშნავად აკეთებდა.

ის საუკეთესო მოდის სახლებთან, ფოტოგრაფებთან და ისეთ ჟურნალებთან თანამშრომლობდა, როგორებიც იყო Vanity Fair და Vogue.

მარიონის კარიერა დიდხანს არ გაგრძელებულა –  ქრონიკული  ტკივილების გამო, ლამაზმანი იძულებული გახდა, რომ პოდიუმი დაეტოვებინა. სამოდელო საქმიანობის დასრულების შემდეგ მარიონი ფოტოგრაფიით დაკავდა და ამ სფეროშიც წარმატებასაც მიაღწია.

ლიზა ფონზაგრივსი – „პირველი სუპერმოდელი“ (1911-992)

ის პირველი იყო, ვისაც სუპერმოდელი უწოდეს, თუმცა ბავშვობაში ფერწერას და ცეკვას სწავლობდა. ლიზას მშობლები  მის მომავალს ქორწინებასა და ოჯახზე ზრუნვაში ხედავდნენ. გოგონა კულინარიის კურსებზეც კი გაგზავნეს, რომ „კარგი ცოლი“ გამხდარიყო, მაგრამ ლიზას სხვა გეგმები ჰქონდა. გოგონა მშობლების სურვილს შეეწინააღმდეგა, საბალეტო დასს შეუერთდა და სცენაზე გამოსვლა დაიწყო. ერთ მშვენიერ დღეს ლიზა რეპეტიციიდან ბრუნდებოდა, როდესაც ფოტოგრაფი ფერნანდ ფონსაგრივსი გაიცნო, რომელმაც სამოდელო ბიზნესისაკენ გზა გაუხსნა. მალე ლიზას ფოტოები Vogueმა გამოაქვეყნა.

ლამაზმანმა ფერნანდ ფონსაგრივსთან 1935 წელს იქორწინა. 1950 წელს წყვილი დაშორდა და ლიზა ცოლად ფოტოგრაფ ირვინ პენს გაჰყვა, რომელიც მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული გახდა. ლიზა მოდელად ოთხმოციან წლებამდე მუშაობდა, რაც იმ დროისათვის წარმოუდგენლად ხანგრძლივი კარიერაა. ფოტოგრაფები მას სითამამისთვის აღმერთებდნენ – ქალი კამერის წინ კი არ პოზირებდა, ცეკვავდა. მსოფლიოს პირველ სუპერმოდელს ორი შვილი შეეძინა. ის 80 წლის ასაკში, ნიუ-იორკში გარდაიცვალა.

დოვიმა (დოროთი ვირჯინია მარგარეტ ჯუბა) – გლამურის ლეგენდა (1927-1990)

პირველი მოდელების სიის წარმოდგენა დოვიმას გარეშე შეუძლებელია. ის ორმოცდაათიანი წლების სილამაზის ეტალონი გახლდათ თავისი ქალურობით, მგრძნობიარობით, მიუწვდომლობით, უნაკლო სახის ნაკვთებითა და ჰაეროვანი სხეულით.

მისი ცხოვრება კონკიას ისტორიას ჰგავდა – თვრამეტი წლის ტკბილეულის გამყიდველი გოგონა შემთხვევით მოდის ჟურნალის რედაქტორს შეხვდა და მალევე ირვინგ პენისა და რიჩარდ ავედონის საყვარელ მოდელებს შორის, მოდურ გადაღებებზე აღმოჩნდა.

წარმატებული კარიერის მიუხედავად, დოვიმას პირად ცხოვრებაში არ უმართლებდა. ის სამჯერ იყო გათხოვილი, თუმცა ბედნიერი მხოლოდ უკანასკნელი ქორწინება აღმოჩნდა. ქმარი, რომელმაც კარიერა დაუნგრია, მასზე ძალადობდა და როცა ქალმა შვილთან ერთად გაქცევა სცადა, მასთან შეხვედრა აუკრძალა.

მოდელობის შემდეგ დოვიმა ხან გამყიდველად და ხან ოფიციანტად მუშაობდა, თუმცა ცხოვრების მიწურულს ნამდვილი სიყვარული იპოვა. ერთ დროს ცნობილი მოდელი 1990 წელს, 63 წლის ასაკში, მკერდის კიბოთი გარდაიცვალა.

დონიალ ლუნასალვადორ დალის მუზა (1945-1979)

დონიალ ლუნა იყო პირველი ფერადკანიანი მოდელი, რომელიც მოდის წამყვანი ჟურნალების, Harper’s Bazaar-ის და Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა. მისი უჩვეულო გარეგნობა როგორც სალვადორ დალის, ასევე ენდი უორჰოლს თავგზას აკარგვინებდა.

დონიალს უმძიმესი ბავშვობა ჰქონდა. მის ოჯახში ძალადობა და შეურაცხყოფა ურთიერთობის ფორმა იყო.  საბოლოოდ, დონიალის  დედამ მამა მოკლა, რამაც ბავშვის ფაქიზი ფსიქიკა მთლიანად დაანგრია.

ითვლება, რომ დონიალმა მოდის ინდუსტრიაში იმ დროს არსებული რასისტული ბარიერები და სტერეოტიპები დაძლია, თუმცა მის შერყეულ ფსიქიკას იმ დროინდელი ამერიკული ბოჰემის არაჯანსაღმა გარემოც დაემატა, რამაც ნარკოტიკულ დამოკიდებულებამდე და ნაადრევ სიკვდილამდე მიიყვანა.

დონიალ ლუნა 1979 წელს, 33 წლის ასაკში ჰეროინის ზედოზირებით გარდაიცვალა.

სრულად წაკითხვა