#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო

3 days ago 4

როდესაც მაყურებელი მის დახატულ კოსტიუმებს პირდაპირ სცენაზე ხედავს, არა მხოლოდ სამოსის სილამაზეს აღიქვამს, არამედ პერსონაჟის შინაგან სამყაროსაც გრძნობს. წლებია უკვე ნინო სურგულაძე რეჟისორებთან და მსახიობებთან ერთად აქტიურად მუშაობს, ის ყოველთვის კონცენტრირებულია პატარა დეტალებზე. მისი თვალით დანახული სცენა ხშირად ვერ გამოიხატება ტექსტებსა და დიალოგებში, კოსტიუმების საშუალებით კი ის ქმნის ატმოსფეროს, დროსა და მეხსიერებას. მისი თითოეული ნამუშევარი არის პატარა ისტორია, რომელიც უსიტყვოდაც ამბობს თავის სათქმელს.

რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

ნინო სურგულაძე: ბავშვობაში, ჩემ თანატოლებთან შედარებით, ძალიან კარგად ვხატავდი. მახსოვს, სკოლაში ხატვის მასწავლებელს არ სჯეროდა, რომ ეს მართლა ჩემი ნამუშევრები იყო. გარდა ამისა, ძალიან მიყვარდა კინო და თეატრი. დედას ხშირად დავყავდი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში, თითქმის ყველა სპექტაკლი ნანახი მქონდა, მათ შორის, გიზო ჟორდანიას არაჩვეულერბივი შემოქმედება. რეჟისორი ლევან წულაძეც, რომელთანაც ძალიან ბევრი წელი ვიმუშავე, ბატონი გიზოს სტუდენტი იყო. სწორედ ლევანთან ერთად დაიწყო ჩემი თეატრალური კარიერა. მან ჩამოაყალიბე თეატრალური სარდაფი და შექმნა ეპოქა, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

კინოს, ტელევიზიას ვეზიარე გადაცემიდან ილუზიონი. შემდეგ კი იყო გოგი გვახარიას არაჩვეულებრივი გადაცემა, რომელიც შემდგომში ჩემი ლექტორი გახდა და მისგან ძალიან ბევრი სასარგებლო რამ ვისწავლე.

14 წლის ასაკში მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება დაკავშირებული უნდა ყოფილიყო კინემატოგრაფიასთან, ძალიან მინდოდა ოპერატორობა, თუმცა მაშინ ძალიან დიდი კამერები იყო ამიტომ ამ პროფესიაზე უარის თქმა მომიწია.

სკოლაში ცუდად ვსწავლობდი, მე-8 კლასში კი მირჩიეს, რომ კინოს გარდა თეატრითაც დავინტერესებულიყავი, რადგან მაშინ რეჟისორებსა და ოპერატორებს ორი ფაკულტეტი ჰქონდათ დამთავრებული, ამიტომ ნიკო ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ჩავაბარე, შემდეგ კი კინო-ტელე მხატვრობაზე. ბატონი დიმა თაყაიშვილი ჩემი პედაგოგი გახლდათ, რომელმაც ნამდვილ ხელოვნებას მაზიარა. არაჩვეულებრივი პედაგოგები მყავდა. მინდა გამოვყო ბატონი ვახტანგ რურუა, რომელმაც უდიდესი ზეგავლენა იქონია ჩემს შემოქმედებაზე. გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ხანდახან როდესაც ჩემს ნამუშევრებს ვუყურებ მიჭირს გავარჩიო ბატონი ვახტანგის ესკიზებისგან. გამიმართლა იმაში, რომ კარგი მასწავლებლები შემხვდნენ, რომლებმაც შემაყვარეს ჩემი პროფესია, უარი ვთქვი ოპერატორობაზე და დავრჩი თეატრში.

როგორ დაიწყო თეატრი თქვენს ცხოვრებაში?

ჩემი პირველი შეხება თეატრთან დაკავშირებულია მანანა კაზაკოვასთან. ერთ დღეს დამირეკა და მითხრა, რომ ლევან წულაძემ თეატრალური სარდაფი ჩამოაყლიბა, იცოდა რა ჩემი ინტერესი ამ სფეროს მიმართ, შემომთავაზა მათი სპექტაკლისთვის კოსტიუმები შემექმნა. რასაკვირველია, მაშინვე დავთანხმდი. კარგად მახსოვს მაშინ წულაძე ერთ-ერთ სპექტაკლზე მუშაობდა, სასწრაფოდ შევქმენი ესკიზები და მასთან მივიტანე. მიუხედავად იმისა, რომ ლევანი დაკავებული იყო, მან მაინც შეაფასა ჩემი ნამუშევარი, ძალიან მოეწონა და სწორედ მაშინ გავაცნობიერე, რომ ამ დიდებულ სამყაროში მინდოდა ადგილის დამკვიდრება. თეატრალურ სარდაფში ძალიან კარგი აურა იყო, ამიტომ არ მიფიქრია სხვაგან წასვლა. მოგვიანებით ლევანი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მიიწვიეს, მან კი შემომთავაზა, რომ მასთან ერთად მემუშავა. ეს იყო 2011 წელი, როდესაც ლევანი დეკამერონზე მუშაობდა და მას შემდეგ სულ ერთად ვმუშაობთ.

თეატრის კოსტუმების შექმნის გარდა, გამოგიტყდებით, დაკავებული ვარ სცენოგრაფიით და ძალიან მიყვარს ეს სამუშაო. ამ ხნის მანძილზე ხუთასამდე სხვადასხვა პერსონაჟის კოსტუმზე მიმუშავია. დღესაც დიდი ენთუზიაზმით ვმუშაობ თითოეულ სპექტაკლზე, რადგან ყოველი ახალი სპექტაკლი ჩემთვის ახალ გამოწვევასთან ასოცირდება. შესაძლოა, ხანდახან რაღაცები გამეორდეს, მაგრამ, როგორც თითის ანაბეჭდი, სრულად არასდროს არცერთი კოსტუმი, არცერთი ფიგურა ჰგავს ერთმანეთს. შესაბამისად, გამოწვევაა, რომ ყოველ ჯერზე საკუთარი სტილი შეინარჩუნო, მაგრამ ახალი კოსტიუმი შექმნა.

როგორია დღევანდელ თეატრში თქვენი, როგორც მხატვრის, როლი?

კოსტიუმი არ არის მხოლოდ ტანის სამოსი, არამედ პერსონაჟის ფსიქოტიპის ანარეკლი. როდესაც რეჟისორი რაღაცას ჩაიფიქრებს, შეცვლის საკუთარი ინტერპრეტაციით, შემდეგ მე სისრულეში მომყავს მისი შეხედულებები. სწორედ ეს არის გამოწვევა, რომ ერთმანეთის მსგავსი პერსონაჟები არ შექმნა და თითოეული განსხვავებული იყოს.

ყველაზე მეტად ვღელავ მაშინ, როცა რეჟისოსრთან მიმაქვს საკუთარი ნამუშევრები. ხშირად შემაქვს რაღაც ცვლილებები ნამუშევრებში, ეს არ არის მხოლოდ ჩაცმულობა, მთელ სამყაროზე ხარ პასუხისმგებელი, უნდა შექმნა ეპოქა, ინტერიერი, ექსტერიერი. წარმოიდგინეთ რეჟისორის ფანტაზია, საკუთარი ფანტაზია, ის რომ მსახიობებმა თავი კარგად უნდა იგრძნონ, ერთი სიტყვით ძალიან შრომატევადია ამ ყველაფერზე მუშაობა, თუმცა, ამავდროულად, ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია, რომელშიც გაერთიანებულია არქიტექტურა, დიზაინი და ფანტაზია. რაზეც ვნერვიულობ ის არის, თუ როგორ აღიქვამს მაყურებელი ჩემს ნამუშევრებს და როგორი რეზონანსი ექნება.

რომელია ყველაზე საინტერესო პროექტი რომელზეც გიმუშავიათ?

გამიჭირდება რომელიმე პროექტი გამოვარჩიო, მაგრამ გამოვყოფ სამ სპექტაკლს. პირველია ,,როგორც გენებოთ”, რომელიც გლობუსისთვის დაიდგა, ვინაიდან, აუდიტორია ინგლისელი ხალხი იყო. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა ვგრძნობდი, რადგან უცხო მაყურებელს მიუჩვეველი ვიყავი და არ ვიცოდი რა მოეწონებოდათ მათ. მიუხედავად ამ ნერვიულობისა, მაღალი შეფასება მივიღეთ, განსაკუთრებით კი ჩემმა კოსტიუმებმა. მოგეხსენებათ, არსებობს კოსტიუმის ტაში. მახსოვს ქეთი ცხაკაიას გამოსვლისას მხურვალე აპლოდისმენტები, რა თქმა უნდა, მან ეს თავად დაიმსახურა, თუმცა მსახიობები ტაშს ბოლოს იღებენ, მაშინ კი კულისებში მანანა კაზაკოვა შემომიბრუნდა და მითხრა, რომ ეს კოსტიუმის ტაშიაო.

აგრეთვე, მახსენდება გლობუსის სცენაზე ნატუკა კახიძისა და ქეთა შათირიშვილის გამოსვლა, რომელსაც მქუხარე ოვაციები მოყვა და მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საქართველოში ძალიან ცნობილი მსახიობები არიან, იქაური აუდიტორია მათ არ იცნობდა, ამიტომ შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს ნამდვილად კოსტიუმის ტაში იყო.

არ შემიძლია არ გამოვყო “დეკამერონი”, თითოეულ კოსტიუმზე უდიდესი ძალისხმევით ვიმუშავე. აღსანიშნავია ისიც, რომ პატარძლის კოსტიუმი მოხვდა პრაღის კვადრენიალზე, რომელიც არის სცენოგრაფების გამოფენა და ტარდება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ. ეს მომენტები, ალბათ, ყველაზე გამორჩეულია, რადგან ჩემმა ნამუშევრებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

რისგან იღებთ შთაგონებას? როგორია კოსტიუმებზე მუშაობის პროცესი?

კოსტიუმებზე მუშაობის პროცესი იწყება რეჟისორთან ურთიერთობით. როგორც წესი, ლევან წულაძე მირეკავს და მეუბნება რომ ვიწყებთ ახალ პროექტზე მუშაობას. ძალიან სასიამოვნო პროცესია იდეების მოსმენა და გაზიარება. ჯერ ჩვენ ვთანხმდებით თითოეულ დეტალზე და შემდეგ უკვე მსახიობებთან ვსაუბრობთ. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სასცენო გრიმს.

ჩემთვის შთაგონების წყარო, პირველ რიგში, ავტორის მიერ შექმნილი პერსონაჟია. თუ ისტორიულ სინამდვილეზე დაფუძნებულ პერსონაჟებზე ვმუშაობ, ხშირად ვეძებ მხატვრების ნამუშევრებში, გარდა ამისა, ვკითხულობ იმ პერიოდის შესახებ, რათა ვიზუალური ნაწილი კარგად აღვიქვა. თუმცა ყველაფერი შეიძლება ინსპირაციის წყარო გახდეს, თუნდაც ქუჩაში მიდიოდე, ღრუბელს შეხედო და საქორწინო კაბა შექმნა. გაგიკვირდებათ, მსგავსი რამ, მართლაც, მოხდა. როდესაც “ფიგაროს ქორწინებისთვის” ღრუბლის მსგავსი საქორწინო კაბა შევქმენი. გვერდში მყავს ძალიან კარგი ადამიანები, რომელთა დახმარებითაც პროცესი მიმარტივდება. ერთ მომენტს გავიხსენებდი, როცა სპექტაკლი “ჩხიკვთა ქორწილი” დაიდგა ბუმბულებიანი კაბის შეკერვა ურთულესი იყო, თუმცა გუნდის წევრებმა კაბა ერთ საათში შექმნეს, ასეთი პროფესიონალიზმის გამო მათი ძალიან მადლიერი ვარ.

გვიამბეთ თქვენი პერსონალური კურსის შესახებ და რას სთავაზობთ საზოგადოებას, რას შევისწავლით თუ თქვენს კურსს ავირჩევთ?

არსებობს თბილისის ხელოვნების ბაზრობა, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლავართ. ერთ-ერთ გამოფენაზე ჩვენი მარკეტინგის წევრმა შექმნა მოსაწვევი, რომელსაც გალა დინერს ვუწოდებთ. არ მივაქციეთ ყურადღება, რომ უცხოელი ვიზიტორებისთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ჩაცმის სტილს. ყველა უცხოელი სტუმარი ძალიან ოფიციალურ სამოსში მოვიდა, ვინაიდან, მათთვის ეს სტანდარტი იყო, ხოლო ქართველები შედარებით ჩვეულებრივ სტილში იყვნენ გამოწყობილნი. სწორედ ამ მოვლენამ დამაფიქრა იმაზე, რომ მოცემული საკითხი დახვეწას საჭიროებდა, ამიტომ გავაკეთე შესაბამისი კურსი, თუ როგორ შევქმნათ საკუთარი სტილი. აქვე გეტყვით, რომ სულ მალე შეძლებთ ვიდეო მასალის შეძენას, რომელიც, ვიმედოვნებ, ბევრ ადამიანს დაეხმარება ჩაცმის ეტიკეტის თავისებურებების გათავისებაში.

თეატრის გარდა თქვენ გაქვთ საყვარელი საქმე, გვიამბეთ თქვენს საცხობზე?

მეგობრები ხშირად მეუბნებიან რომ ჩემ მიერ შექმნილი ნამუშევრები ხშირად გავს ნამცხვრებს. აქვე გეტყვით, რომ მაქვს საკუთარი კაფე – Io e te , სადაც უგემრიელესი ნამცხვრები ცხვება. თითოეული ნამცხვრის დიზაინი, ჩემს მიერ შექმნილ კაბებს ჰგავს. ასევე მინდა გითხრათ, რომ მაქვს საკუთარი ბრენდი ,,ბუბაშკა”, სადაც საკუთარი დიზაინით ვქმნი ქურთუკებს. მინდა გაგიზიაროთ მისი შექმნის ისტორია.

ერთხელ სპექტაკლი ,,უსახელო ვარსკვლავისთვის” შევკერეთ პატარა ქურთუკები, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურეს. ამიტომ, გადავწყვიტე რეალურ ცხოვრებაშიც შემექმნა მსგავსი ქურთუკები.

გარდა ამისა, მინდა ერთი საინტერესო ინფორმაცია გაგიზიაროთ. იტალიაში, კერძოდ, ბოლონიაში სპექტაკლზე მუშაობისას უამრავ კვების ობიექტში დავაგემოვნე მათი საუცხოო კერძები. როდესაც საქართველოში დავბრუნდი მივხვდი, რომ ის, რითაც ქართველები ყველაზე მეტად ვტრაბახობთ არის ხაჭაპური, რომლის რეალური გემოს არომატი უცხოელი ტურისტებისთვის, სამწუხაროდ, რთულია. ამიტომ, მე და ჩემმა მამიდამ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ადგილი, სადაც მოსული სტუმარი შეძლებდა ნამდვილი ხაჭაპურის დაგემოვნებას. გაგიკვირდებათ, ჩვენმა ხაჭაპურმა პოპულარობა ადგილობრივ მოსახლეობაშიც მოიპოვა, რაც კარგის მიმანიშნებელია, ვინაიდან, არა მხოლოდ უცხოელებმა, არამედ ქართველებმაც კარგად მიიღეს ჩვენი პროდუქტი. გარდა თეატრალური შემოქმედებისა, ვცდილობ, ჩემი ფანტაზიის ნაწილი, ამ სფეროშიც ჩავდო. მთავარია, რომ ყველა საქმეს რასაც ხელს მოკიდებ, ერთნაირი სიყვარულით გააკეთო და სწორად გადაანაწილო ცოდნა და გამოცდილება საქმის მიმართ.

სრულად წაკითხვა